სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან - 12-პუნქტიანი განცხადება, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, 2011 წლის 30 ნოემბერს 17. 25 წუთზე მუზეუმში მივიტანე და დავტოვე, რომლის სრულ ტექსტს ოდნავ ქვემოთ შემოგთავაზებთ.
პასუხისმგებელი პირი, ქალბატონი ნათელა, ვისაც ჩემი განცხადება რეგისტრაციაში უნდა გაეტარებინა, ნომერი მიეთითებინა და განცხადების ასლზე ხელი მოეწერა, მუზეუმში არ აღმოჩნდა. ეროვნული მუზეუმის იურისტმა, მაია მგელაძემ განგვიმარტა, რომ ჩემი განცხადება ხვალ, 1 დეკემბერს ქალბატონ ნათელას მაგიდაზე დახვდება და მე შემეძლება რეგისტრაციაში გატარებული განცხადების ასლის უკან წამოღება. მაია მგელაძემ გვითხრა ისიც, რომ ეროვნული მუზეუმი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს არასდროს ამბობს და ამჯერადაც ასე მოიქცევა, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ განცხადებას გაეცნობიან.
მაშ ასე, განცხადება, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით, რომლის ადრესატია ეროვნული მუზეუმის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი, ასეთი შინაარსისაა:
“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 40 მუხლების თანახმად, გთხოვთ მომაწოდოთ შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია:
1.როდის და რა დოკუმენტის საფუძველზე გადაიტანეს სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ექსპონატები კონტეინერებში? გთხოვთ, მომაწოდოთ იმ დოკუმენტის ასლი, რომლის საფუძველზეც ექსპონატების კონტეინერებში გადატანა მოხდა;
2.გთხოვთ, მიმითითოთ სად, როდის და რა მიზნით შეიძინეთ მასალა, რომელშიც კონტეინერში არსებული საეკლესიო ნივთებია (ჯვრები, ჭედური და ფერწერული ხატები, ოთხთავები...) შეფუთული? გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი და ამასთან, გთხოვთ, მომაწოდოთ ყველა იმ მასალის პასპორტის ასლი, რომელშიც სხვადასხვა საეკლესიო ნივთებია (ჯვრები, ჭედური და ფერწერული ხატები, ოთხთავები..) შეფუთული;
3.ვინ და რის საფუძველზე მიიღო საეკლესიო ნივთების (ჯვრები, ჭედური და ფერწერული ხატები, ოთხთავები...) შეფუთვის გადაწყვეტილება? როდის დაიწყო, როდის დასრულდა შეფუთვა და უშუალოდ ვინ მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში? გთხოვთ, მომაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტების ასლი;
3.რა თვისებების მატარებელია ზემოხსენებული შესაფუთი მასალა, ანუ რისგან იცავს იგი ნივთს? გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4.კონკრეტულად რამდენ ხანს დაიცავს და შეინახავს ნივთს შესაფუთი მასალა? გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
5.რა თვისებების მატარებელია კლიმატ-კონტროლის ის აპარატი, რომელიც კონტეინერების იმ ნაწილშია დამონტაჟებული, სადაც საეკლესიო ნივთებია დაცული? გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
6.როდის და სად შეიძინა ეროვნულმა მუზეუმმა კლიმატ-კონტროლის აპარატი, რომელიც კონტეინერების იმ ნაწილშია დამონტაჟებული, სადაც საეკლესიო ნივთებია დალაგებული? გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი და კლიმატ-კონტროლის აპარატის პასპორტი და ინსტრუქცია;
7.სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მთელი კოლექციაა კონტეინერებში გადატანილი, თუ მთლიანი კოლექციის რაღაც ნაწილი? გთხოვთ, წარმომიდგინოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
8. რის საფუძველზე მოხდა საეკლესიო ნივთებისა და სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული სხვა ექსპონატების კონტეინერებში მოთავსება? გთხოვთ, წარმომიდგინოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
9.სად და ვინ (მუზეუმმა თუ რომელიმე კომპანიამ, ან ფირმამ) შეიძინა კონტეინერები, რომელშიც ახლა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატებია განთავსებული? გთხოვთ, წარმომიდგინოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;
10.ვინ აიღო პასუხისმგებლობა კონტეინერების დაპროექტებაზე, დამონტაჟებაზე? გთხოვთ, წარმომიდგინოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
11.რაში გამოიხატება ზემოხსენებული კონტეინერების სპეციალურობა? გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. აქვე შეგახსენებთ, რომ ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე 20011 წლის 21 ნოემბერს, ამ ინტერნეტმისამართზე http://www.museum.ge/web_page/geo/index.php?id=283 გამოქვეყნდა “ საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადება სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის კოლექციებთან დაკავშირებით“, რომელშიც აღნიშნულია, რომ “კოლექციებისთვის დროებითი საცავი მოეწყო მესტიის მუზეუმის ეზოში დადგმულ სპეციალურ კონტეინერებში“.
როგორც დაგვპირდნენ, ეს განცხადება რეგისტრაციაში 1 დეკემბერს გატარდება და ათვლაც 1 დეკემბრიდან დაიწყება. კანონით დადგენილ ვადაში ჩვენ მოთმინებით დაველოდებით პასუხს, ზემოთ მითითებულ კითხვებზე.