"ვერსიის", "ახალი თაობის", "რეზონანსის" და "ყველა სიახლის" მასალების მიხედვით
"არცთუ დიდი ხნის წინ, პრეზიდენტის რეზიდენციაში მისულს, მისი ადმინისტრაციის კანცელარიის ფანჯარასთან, სადაც წერილებს იბარებენ, გაზეთების დასტა დამხვდა _ როგორც აღმოჩნდა, ამერიკული გამოცემის `ნიუ-იორკ თაიმსის~ ახალთახალი ნომერი იყო. საინტერესოა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისულმა საქართველოს რამდენმა მოქალაქემ იცის ინგლისური ენა ისე, რომ გრძელ რიგში, დროის გასაყვანად `ნიუ-იორკ თაიმსი~ იკითხოს? ეს ფაქტი კარგად გამოხატავს დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულებას ქართული პრესისადმი - აღარაფერს ვამბობთ პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის წევრების ისეთ "ფრთიან" გამონათქვამებზე, როგორიც არის: "ქართულ გაზეთებს საერთოდ არ ვკითხულობ", "ზოგიერთ ქართულ გაზეთზე გული მერევა" და ა.შ. კარგი იქნებოდა, დასავლური პრესისადმი ლტოლვასთან ერთად, მმართველ გუნდს ის დამოკიდებულებაც გაეთავისებინა, რაც დასავლეთში აქვთ მედიისადმი. აშშ-ის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა თქვა: "უმჯობესია, პრესაში ჩადო ერთი დოლარი, ვიდრე ათი ათასი - იარაღში", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "სახიანი" ჯიხურები თუ ლაგამი პრესისთვის?
"ვფიქრობ, ამ პროექტის მიზანი ის არის, რაც სამარშრუტო ტაქსების გახმაურებული ტენდერისას იყო - ისიც ბიზნესის კონკრეტული სეგმენტის სრულ მონოპოლიზებაზეა აგებული. მიუხედავად იმისა, რომ მერია იჯარის ღირებულებად 1000 ლარს ასახელებს, რეალურად, ჯიხურების ფასი 30.000 ლარსაც კი ასცდა და რა საერთო აქვს ამას მცირე ბიზნესთან? ამ პროექტით, ჯერ ერთი, საკმაოდ დიდი ფინანსები შევიდა ბიუჯეტში, ხოლო ის, რომ ხელისუფლებას საბიუჯეტო კრიზისი აქვს, აშკარაა; მეორე მხრივ კი, პრესის გავრცელება თანდათან მერიის კონტროლქვეშ მოექცევა, ვინაიდან მონოპოლიის დამკვიდრება ასე გაცილებით მარტივია. ხოლო რიტორიკა, რასაც მერიისგან ვისმენთ, რომ თურმე "სრულიად დაუშვებელია გამონაკლისების არსებობა და ყველა თანაბარ პირობებში უნდა ჩადგეს", უსაფუძვლოა, რადგან ამ ბაზარზე, ყოველგვარი ტენდერის გარეშე არსებობს მსხვილი მოთამაშე დავით კეზერაშვილის კომპანიის სახით. ის, რომ მასზე ძველი წესით გასცეს ნებართვა და ვთქვათ, "მედიაპალიტრას" ეს ნებართვა გაათმაგებული თანხით უნდა მისცენ, არასწორია. ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი _ ამ სეგმენტის, ბიზნესის მთავარ მოთამაშედ კეზერაშვილი უნდა დარჩეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.
"პრესის გამავრცელებელი ჯიხურები თანდათან ქრება ყველაზე ხალხმრავალი ადგილებიდან, სადაც მოსახლეობა, მომხმარებელი წლების განმავლობაში მიჩვეულია გაზეთის ყიდვას. 2007 წლამდე სახელმწიფოს ჰქონდა ხედვა, რომ მედია განსაკუთრებული ბიზნესია, მას ხელშეწყობა სჭირდებოდა, შემდეგ კი თანდათან, მას ჯერ საგადასახადო შეღავათები (გარდა დღგ-სი) მოუხსნეს, ახლა კი მის დისტრიბუციას აფერხებენ. ეს პროცესი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, უკვე 2 წელია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველად გამოჩნდა ე.წ. "უგულავას ჯიხურები"... ლატარიის ბილეთები ე.წ. "სარეკლამო კედლებში" იყიდება, რაც რეალურად კედლები კი არა, ჯიხურებია. ერთბაშად გაჩნდა "ნუგეშის", "ორი წუთის" ჯიხურებიც. რამდენიმე დღის წინ ზვიად ქორიძე გაზეთის ყიდვისას წააწყდა ფაქტს, როცა დოლიძის ქუჩის კუთხეში ხანშიშესულ ქალბატონს დაატოვებინეს ჯიხური და ისიც თოვლში, ღია ცის ქვეშ ყიდდა გაზეთებს. ბოლო ინფორმაციით, რომელიც უნდა გადავამოწმოთ, გუბერნატორებმა ბიბლიოთეკარები გააფრთხილეს, არ გამოიწერონ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი გაზეთები" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ია მამალაძე.
"გუშინ მერიასთან აქცია "მე ვკითხულობ გაზეთებს" გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა მედიასაშულებებისა და პრესის ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად რიგითი ადამიანებიც მონაწილეობდნენ. მერიასთან დაახლოებით 300 ადამიანი შეიკრიბა და საათნახევრის განმავლობაში, სიცივის მიუხედავად, მოითხოვდნენ, რომ ქალაქის მთავრობამ გაზეთებს თავისუფლად გავრცელების საშუალება არ შეუზღუდოს. აქციას მერიის მხრიდან არავინ გამოხმაურებია. პრესის ჯიხურების თემას ეხმაურება ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარასკევს პრესის ასოციაციაში შემავალ გამომცემლებსა და გამავრცელებლებს შეხვედრაზე ეპატიჟება. ივანიშვილის პრესსამდივნო კი სოლიდარობას უცხადებს თავისუფალ ქართულ მედიას და თბილისის მერიის მიმართ პროტესტს უერთდება. აქციას ასევე შეუერთდნენ რესპუბლიკელები, ლეიბორისტები, ხალხის პარტია, ქრისტიან-დემოკრატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები...", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პრესის ჯიხურების გადასარჩენად მომდევნო აქცია სააკაშვილის რეზიდენციასთან გაიმართება.
"ვფიქრობ, რომ ივანიშვილთან შეხვედრა უნდა შედგეს, რომ გავაცნოთ არსებული პრობლემები. ისევე, როგორც ჩვენ ვხვდებით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის და პარტიის წარმომადგენლებს, ვინც დაინტერესებულია ბეჭდური მედიით ხოლო რაც შეეხება თავად ამ აქციებს, ის გაგრძელდება მანამ, სანამ არ დასრულდება პრესის წინააღმდეგ ბრძოლა. მომდევნო აქცია მომავალ კვირაში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართება. ბოლომდე კბილებით დავიცავთ ყველა გაზეთის გამყიდველს და ყველა იმ ადამიანს რომელსაც გაზეთი სჭირდება, ჩვენს უფლებას, რომ ვიარსებოთ", - აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი ინიციატორი, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე.
"ბეჭდური მედიის მხარდასაჭერად აქციის მონაწილეებმა ქალაქის მერს აუქციონის შეჩერება მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარმანენტული აქციებით დაიმუქრნენ. აქციაში მკითხველების მონაწილეობდნენ. ერთ-ერთმა მკითხველმა განაცხადა - "პრეზიდენტი არ კითხულობს გაზეთებს, მაგარმ ჩვენ მაინც გვაცალოს კითხვა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ხელისუფლებას ქართული პრესის განადგურების უფლებას არ მივცემთ.
"პრესის გავრცელების ასეთი მექანიზმებით შეზღუდვა გამოიწვევს დემოკრატიის ხარისხის შესუსტებას, ჩვენი საზოგადოების უფრო მეტად არაინფორმირებულობას. ასევე გამოწვევს იმას, რომ ქვეეყანაში არ გვექნება გაზეთები. მერიას უნდა ეყოს კეთილგონიერება და აუქციონი უნდა შეწყვიტოს. მან ასევე უნდა მოუხადოს ბოდიში ყველა მეწარმეს, რომელმაც გადაწყვიტა ამ აუქციონში მონაწილეობა. ბიზნესმენებს მოვუწოდებთ, არ მიიღონ მონაწილეობა აუქციონში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ქორიძე.
"პროტესტი მთავარმა ადრესატმა გიგი უგულავამ ვერ იხილა, რომელიც დედაქალაქში არ იმყოფებოდა. შესაბამისად, არც აქციის მინაწილეებთან სასაუბროდ ჩამოსულა და მეტიც - მერის წარმომადგენლობამ მედიასაშუალებებთან დამატებითი შეხვედრებისა და კონსულტაციების საჭიროებაც ვერ დაინახა, თუმცა "პრესსკანდალზე" მოგვიანებით საკმაოდ ვრცელი კომენტარიც გაკეთდა. სამაგიეროდ, პრესამ შეხვედრის შემოთავაზება ივანიშვილისგან მიიღო და სხვათა შორის, აქციაზე "ქართული ოცნების" ლოგოიან მაისურებში გამოწყობილი რამდეიმე ახალგაზრდაც შევნიშნეთ", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით უქმად ჯდომას მირჩევნია, ბრძოლაში კედელზე მიყენებული დამხვრიტონ!
"რა ქალაქის იერსახე, რის ჯანსაღი კონკურენცია. რაც დღეს ხდება, სწორედ რომ არაჯანსაღი კონკურენციაა. მთავარი მომენტი ისაა, რომ ეს ბრძოლა უკვე დიდი ხნის დაწყებულია და ამის შესანიშნავი მაგალითი ჯერ კიდევ ზაფხულში რამდენიმე ფოტორეპორტიორის დაკავებაცაა. ახლა ნელ-ნელა აყრიან ამ ჯიხურებს და შემდეგ ე.წ. ”კრიკუნებზეც” გადავლენ... საერთოდ, ყველა საკითხის გადაწყვეტას ასე ვუყურებ - რაც შეგიძლია გააკეთო, დაგეგმე და გააკეთე. მერე ნახე, შედეგს რა მოგიტანს და მოქმედება ისე გააგრძელე. უქმად ჯდომას მირჩევნია ბრძოლაში, კედელზე მიყენებული დამხვრიტონ! ივანიშვილთან შეხვედრას რაც შეეხება, მის პრესსამსახურს ვესაუბრეთ და თუკი ყველა დეტალი დაზუსტდება, რაზეა ლაპარაკი, მივიღებთ ამ შემოთავაზებას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ალია ჰოლდინგის" დამფუძნებელი გიორგი ბრეგვაძე.
807
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85