სამხრეთ ოსეთის სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა

სამხრეთ ოსეთის სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა


ცხინვალი, საქართველო – სამშაბათს, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის სასამართლომ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ოპოზიციის კანდიდატმა თავის მოწინააღმდეგე, კრემლის ფავორიტზე გამარჯვების ნიშნად საკუთარი მხარდამჭერების წინაშე იცეკვა.

კორუფციასთან მებრძოლი, განათლების ყოფილი მინისტრი ალა ჯიოევა მეორე ტურში ლიდერობდა. 85 ოლქიდან 74-ში ხმების დათვლის შემდეგ მან ხმების 57% მიიღო. მისმა კონკურენტმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც მოქმედი მთავრობის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი იყო და რუსეთის მმართველი პარტიის მხარდაჭერით სარგებლობდა, ხმების მხოლოდ 40% დააგროვა.

სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა სასამართლომ შეაჩერა ხმების დათვლის პროცესი და გააუქმა შედეგები მას შემდეგ, რაც ბიბილოვმა ხმის მიცემის პროცესში შესაძლო დარღვევების ბრალდებით იჩივლა. სასამართლომ ასევე აუკრძალა ჯიოევას განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც 25 მარტისთვის დაინიშნა.

ეს ერთი ციდა ტერიტორია, სადაც 60 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა და რეგიონში თავისი სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდა.

ჯიოევამ გამარჯვების შესახებ სამშაბათს დილით განაცხადა და თავისი გამოსვლა ტრადიციული ოსური ცეკვით დაასრულა მხარდამჭერთა ასეთი შეძახილების ფონზე: „ალა!“, „გამარჯვება“. ჯიოევას ასობით მხარდამჭერმა ცხინვალის ცენტრიდან იმ სკოლამდე, სადაც ის მასწავლებლად მუშაობდა, მსვლელობა მოაწყო.

მოსკოვთან ახლო კავშირები ჯიოევასაც აქვს. ის აკეთებდა მოწოდებებს იმის თაობაზე, რომ რუსეთის დახმარების განაწილების პროცესი უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო და დაწყებულიყო სახლების და ინსფრასტრუქტურის აღდგენა, რომელიც მრავალწლიანი მოუვლელობის და საქართველოს მთავრობას და სეპარატისტებს შორის სამხედრო კონფლიქტების დროს დაინგრა.

ბიბილოვს წარმავალი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი უჭერდა მხარს, რომელსაც ოპონენტები რუსეთის დახმარების დატაცებაში ადანაშაულებენ.

ორი კვირის წინ, არჩევნების პირველ ტურში ორივე კანდიდატმა ხმების დაახლოებით 25% მოიპოვა.

სამხრეთ ოსეთი საქართველოს 1990-იანი წლების დასაწყისში, ომის შემდეგ გამოეყო. მზარდ დაძაბულობას პრორუსს სეპარატისებს და საქართველოს პროდასავლურ მთავრობას შორის რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომი მოჰყვა.

არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამ შედეგებით არასდროს დაინტერესებულა.

„ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების ამ მეორე ტურის შედეგების ლეგიტიმურობას“, – უთხრა ტონერმა ჟურნალისტებს. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.
foreignpress.ge