რუსიკო მაჩაიძე, “რეზონანსი“
"კახეთში ჩემი მამა-პაპის სახლ-კარი და მიწის პატარა ნაკვეთი მაქვს. კიდევ ცალკე პატარა ვენახიც გვაქვს და პატარა მინდორიც. ეს ყველაფერი ჯერ პაპაჩემის კუთვნილება იყო, მერე მამაჩემის და ახლა ჩემია. მაგრამ ვერაფრით ვამტკიცებ, რომ ჩემია და ვერც ვიკანონებ.
"ძველი საბუთები კი გვაქვს, რომ ჩვენი კუთვნილება იყო, მაგრამ ახლა მომთხოვეს, რომ საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრირო, თორემ შენს კუთვნილებად არ ჩაითვლებაო. საჯარო რეესტრში რეგისტრაციას კი თავისი წესები აქვს, რაც ძალიან ძვირი ჯდება. მერე იმდენი სარბენი და სახლაფორთოა, რომ თავი ვერაფრით ვერ მოვაბი. მე სტუდენტობის შემდეგ თბილისში ვცხოვრობ და ვმუშაობ და აქ ბევრი საქმე მაქვს. მაგრამ ჩემი მიწა რატომ უნდა დავკარგო?" - ამბობს სოსო გოგიაშვილი.
როგორც იგი აღნიშნავს, მისთვის მთავარი პრობლემა მისი საკუთრების დაკანონებისას არის გართულებული პროცედურა და ძვირი ფასები.
მაგრამ, ექსპერტები შიშობენ, რომ ეს პირობები კიდევ უფრო გამკაცრდება ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ამ წესების განსაზღვრას არა კანონის, არამედ მთავრობის პრეროგატივად ხსნის.ამასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრების კახა ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას სახელით ინიცირებული იქნა კანონპროექტი, რომლის თანახმად, "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის.
ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრის მიერ გაწეული მომსახურების ვადები, საფასურის განაკვეთები, საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები, კანონით აღარ იქნება რეგულირებული.
კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთები, მომსახურების ვადები, ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
კანონით, დადგენილი იყო საფასურები და გადახდის ვადები შემდეგ მომსახურებებზე: უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია, აღნაგობის უფლებაზე იპოთეკის რეგისტრაცია; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე თუ სასოფლო-სამეურნეო საკუთრების უფლების აღიარება; უძრავი ქონების ლეგალიზების რეგისტრაცია; იპოთეკის მოწმობის გაცემა და მასში ცვლილებები; საბანკო გარანტიის წარმოშობის და მასში ცვლილები; მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია; სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება; მეწარმე სუბიექტისა და ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია; სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაცია და ა.შ.
ასევე, დაწესებულია ვადები და საფასურები საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადებაზე, საკადასტრო გეგმის მომზადებაზე, საკადასტრო რუკის მომზადებაზე და ა.შ. კანონით იყო დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობები და ა.შ. კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მიმდინარე კვირიდან დაიწყებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ცვლილება ასევე შეეხება არქივს და ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და გადახდის პირობების დადგენაც მთავრობის პრეროგატივა გახდება.
აქამდე ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობა და ვადები, აღნიშნული კანონით იყო დადგენილი. კანონპროექტით კი, ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასური, გადახდის წესი და პირობები, მომსახურების სახეობები და ვადები, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. შესაბამისად, კანონში შესაბამისი დანართი და თავები, უქმდება. არქივის მიერ გაწეული სხვადასხვა მოსამხურებისთვის საფასური, 50 თეთრიდან 65 ლარამდე მერყეობდა.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერჯერობით არ დაწყებულა და ამის გამო საპარლამენტო უმრავლესობა კომენტარს არ აკეთებს.
მაგრამ ექსპერტები უკვე აკეთებენ შეფასებებს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები დემოკრატიული საზოგადოებისთვის არ არის დამახასიათებელი.
"ის, რომ მთავრობას შესაძლებლობა ეძლევა, მოცემულ ვითარებაში საკუთარი სურვილისამბერ საკუთარი დადგენილებით შეცვალოს ეს ნორმები. მაგალითად, გაზარდოს მკვეთრად რაღაცის საფასური, შეამციროს რაღაცის ვადები, ან გაზარდოს, დავუშვათ, იურიდიული პირის რეგისტრაციის ვადა და ეს თავისთავად ცუდი იქნება. მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ მთავრობა აუცილებლად ასე მოიქცევა. მაგრამ ის, რაც შესაძლებელია იყოს განსაზღვრული ხანგრძლივი ვადით, ამის გაკეთება უნდა ხდებოდეს კანონით. თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს თავისი მოქმედების დაგეგმვის შესაძლებლობა და უნდა ვიცოდეთ, რა, როგორ, რამდენ ხანში, რა ფასად შეიძლება გაკეთდეს. როდესაც ჩვენ ვიწყებთ ასეთ მოქმედებას და შემდგომ უკვე რაღაცები იცვლება, ამან, შესაძლოა, მკვეთრად შეცვალოს თითოეული რიგითი ადამიანის მდგომარეობა.
"ამიტომ სტაბილურობისთვის ყოველთვის უმჯობესია, რომ რაიმე იქნას დადგენილი კანონით და ისიც უნდა ითქვას, რომ, განსხვავებით ჩვენი პარლამენტისგან, ნორმალური ქვეყნების პარლამენტებში გადაწყვეტილებების დაშტამპვა არ ხდება, როგორც ეს ჩვენთან არის. არამედ გადაწყვეტილებების მიღებისას მიდის მსჯელობა, აწონ-დაწონა და ეს ყველაფერი ხდება ღიად, კამათის საფუძველზე და მიიღება გადაწყვეტილება, რომელიც არის გაწონასწორებული," - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე.
მისი თქმით, მთავრობა არ არის მრავალპარტიული სუბიექტი, ის არის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლება, ამიტომ შესაძლებელია, დაეყრდნოს ვიწროპარტიულ ინტერესებს. ამის საფუძველზე კი რაღაც ნორმატიული ხასიათის გადაწყვეტილებების მიღება, არსებითად არასწორია. "ეს ეწინააღმდეგება საერთოდ იმ კონცეფციას, რასაც ქვია ხელისუფლების განაწილება, მრავალპარტიულობა, აზრთა სხვადასხვაობა, შეჯიბრებითობა და ა.შ", - ამბობს ხმალაძე.
ამიტომაც, როდესაც მთავრობას ეძლევა ვადების და თანხების შეცვლის შესაძლებლობა, შესაძლოა, გამოიყენოს თავისი მიმდინარე ინტერესებიდან გამომდინარე. ერთ-ერთი ასეთი ინტერესი გახლავთ უძრავი ქონების დაკანონების საკითხი.
"ამ შემთხვევაში პრობლემები დღეს ისედაც არის და საფრთხეა არამარტო ვადების გაზრდაში, არამედ იმაშიც, რომ, შესაძლოა, იმდენად გაზარდონ რეგისტრაციის ღირებულება, რომ ეს იმ ადამიანების დიდი ნაწილისთვის, ვისაც უნდა რეგისტრირება, გახდეს ხელმიუწვდომელი და ამით ხელისუფლებამ მიიღოს ისევ ის მდგომარეობა, რომ ვიღაცას რაღაცა არ ექნება დარეგისტრირებული და ეს ქონება ამის გამო დაკარგოს და ა.შ. ანუ, არ შეიძლება ერთპარტიული სახელმწიფო ორგანოს ხელში იყოს ასეთი მნიშვნელოვანი ნორმების დადგენა," - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
საქმე ის არის, რომ უძრავი ქონება ითვლება კანონიერ საკუთრებად მხოლოდ მაშინ, როდესაც ის არის დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში. თუ დარეგისტრირებული არ არის, მაშინ შეიძლება გამოჩნდეს მოდავე და მან ეს ქონება დაკარგოს.
რაც შეეხება ისეთ ქონებას, რომელიც არალეგალურ საკუთრებაში ითვლება, თუ არ მოხდა მისი ლეგალიზება, ითვლება უკანონოდ. რამდენიმე წლის წინ იყო კანონი, რომელიც ითვალისწინებდა ასეთი მიწების დაკანონებას, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი კანონები მიიღება არჩევნების წინ, რათა მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ პოზიტიური განწყობები შექმნან და ამისთვის იმდენად ცოტა დროა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ასწრებს მის გამოყენებას.
მეორე პრობლემა კი არის იმ ქონების დაკანონება, რაზეც არსებობს ძველი მფლობელობის დამადასტურებელი მოწმობები.
ადრე საკუთრების მოწმობები გაიცემოდა ჩვეულებრივი ტოპოგრაფიული აზომვების საფუძველზე. ეს კეთდებოდა ძალიან მარტივად. სხვათა შორის, ამაზე თავის დროზე პარლამენტში სერიოზული კამათი იყო, თუ როგორი წესით მომხდარიყო მიწების აზომვა და შემდგომ რეგისტრირება და ამ დროს გამარტივებული წესის დანერგვა მაშინ ვანო მერაბიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის ლობირებით მოხდა.
შემდეგ კი ეს წესი შეიცვალა და რეგისტრირებისთვის შემოიღეს მიწის არა ტოპოგრაფიული აზომვა, არამედ მიწის საზღვრების კოორდინატების დადგენა თანამგზავრული გადაღების საფუძველზე. ეს წესი არის ბევრად ზუსტი, მაგრამ უფრო ძვირადღირებულიც.
დღეს კი საჯარო რეესტრში გატარების გარეშე არანაირი ოპერაციის განხორციელება არ არის შესაძლებელი, თუ არ მოხდა ამ მიწის ნაკვეთის ახალი წესით აზომვა და შესაბამისი საკადასტრო რუკის შედგენა. ამის შემდეგ საჯარო რეესტრი გასცემს მოწმობას და ამის შემდეგ ითვლება ქონება საკუთრებაში.
ეს პროცედურა კი სკმაოდ ბევრისთვის არახელმისაწვდომია, ვინაიდან ძვირია. უფრო მეტიც, თუ კონკრეტული უძრავი ქონებით არის ვინმე დაინტერესებული და მის უკან დგას ხელისუფლება, მაშინ დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ პირმა ამ მიწის ნაკვეთზე უფლება საერთოდ დაკარგოს, რადგან, შეიძლება აღმოჩნდეს დიდი ალბათობით, რომ ამ მიწის ნაკვეთის საზღვრები, ის, რაც მითითებულია ძველ მოწმობაში, აღმოჩნდეს გადაკვეთაში სხვისი ნაკვეთის საზღვრებთან, რომელიც დაადგინეს თანამგზავრის მეშვეობით. მაშინ აღმოჩნდება, რომ ეს ამ ადამიანის კუთვნილება კი ყოფილა.
ამიტომაც ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ მთავრობისთვის აღნიშნული უფლების გადაცემა ამ პრობლემას უფრო გაართულებს. "რაც მთავარია, შესაძლებელი გახდება, რომ ამ ფუნქციის მთავრობისთვის გადაცემა, რაც ნამდვილად არ არის დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი, პარტიული ინტერესებით იქნას გამოყენებული," - აცხადებს ხმალაძე.
926
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85