კვერცხები უგულავას ჯიხურში

კვერცხები უგულავას ჯიხურში


გიგი უგულავამ და მიხეილ სააკაშვილმა პრესას დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს, მაგრამ ამავე დროს საკუთარი ბიზნესის გაფართოებაც არ ავიწყდებათ. “1000 ჯიხურის” პროექტის ფარგლებში უამრავი ჯიხური სწორედ იმ კომპანიებმა “დაითრიეს”, რომელთაც ხელისუფლების ნათესავები აკონტროლებენ.

ფაქტია, რომ მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად გამოცხადებულ აუქციონში ცნობილი და მსხვილი ფინანსური ჯგუფები იმარჯვებენ. იმაზე, რომ მერიის აუქციონი მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად არ ტარდება, ისიც მეტყველებს, რომ ზოგიერთ ლოტზე ვაჭრობა 20-30 ათას ლარამდე ავიდა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აუქციონისთვის განაცხადების მიღება ფარულად ხდება, ამიტომ ვერც ერთ კომპანიას განაცხადის შეტანას ვერ აუკრძალავენ. მათივე მტკიცებით, ლოტების დიდი ნაწილი ფიზიკურმა პირებმა მოიგეს, რომლებიც ბიზნესს ახლა იწყებენ. მერიაში მიაჩნიათ, რომ აუქციონი მცირე და საშუალო ბიზნესს უჭერს მხარს, ხოლო მსხვილი ბიზნესის გამარჯვების ფაქტები მხოლოდ რამდენიმე დაფიქსირდა.

თბილისის მერიის პრესსპიკერის ბაჩო დოლიძის თქმით, 200 ჯიხურზე, რომლებიც აუქციონზე იყო გატანილი, ვაჭრობა არ შედგა, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ მათი იჯარის თანხა 1000 ლარი იყოს. 

“ეს წლის განმავლობაში მარტივად გადასახდელი თანხაა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასია. გარდა ამისა, ცნობილია, რომ პრესის ჯიხურებში არა მხოლოდ პრესა, არამედ სხვა სახის საქონელიც იყიდება, შესაბამისად, ის ჩამოყალიბებული ეკონომიკური ობიექტია და შეუძლია, იყოს კონკურენტუნარიანი”, - აღნიშნა დოლიძემ.

მერიის საწინააღმდეგოდ კი ასეთი ფაქტები მეტყველებს: ჯიხურების ჩადგმის უფლება ელექტრონულ აუქციონზე კომპანიებმა “კოდამ”, “კუმისმა” და “ნუგეშმა” მოიპოვეს. “კოდა” დედაქალაქში 40-მდე ჯიხურის განთავსებას აპირებს, საიდანაც 21-ზე მერიის აუქციონში გამარჯვება უკვე მოიპოვა. კომპანიამ ჯიხურის განთავსების უფლების მისაღებად ყველაზე დიდი თანხა - 11 ათასი ლარი სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიხადა. 

“კუმისი” თბილისში 4 ჯიხურს განათავსებს. მათგან ყველაზე ძვირის 17 ათასი ლარის გადახდა კომპანიას დიდუბის მეტროს მიმდებარედ ჯიხურის ჩასადგმელად მოუხდა.  
აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ მსხვილი ბიზნესი იმდენად “დაწვრილდა”, რომ ჯიხურების ჩადგმაზეც არ ამბობს უარს. გარდა ამისა, “დაწვრილმანებული” მსხვილები მერიის “მეგობრულ რჩევასაც” გაითვალისწინებენ და თავისუფალი პრესის გაყიდვასაც ოსტატურად აარიდებენ თავს. 

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის შეფასებით, პროექტ “1000 ჯიხურიდან” მერია ორი კურდღლის ერთად დაჭერას ცდილობს. “მერიის ამოცანა იყო ორმაგი: ქალაქის ბიუჯეტში დაუგეგმავი ფული შესულიყო, რაც საბიუჯეტო გაჭირვების ჟამს გამოადგებოდათ და მეორე - ძველი ჯიხურების ახლებით ჩანაცვლებით იმ სეგმენტის მონოპოლიზაციას ცდილობენ, რომელიც აქამდე ხელისუფლების კონტროლის გარეთ იყო”, - განაცხადა ხიდაშელმა. 

მისი ინფორმაციით, მერიის მიერ ჯიხურების განთავსების უფლების მოპოვების მიზნით გამოცხადებულ რიგ აუქციონზე საიჯარო თანხის ოდენობა 30 ათას ლარამდე ავიდა, რისი გადახდაც პრესის გავრცელების ბაზარზე არსებულ მცირე სადისტრიბუციო კომპანიებს არ შეუძლიათ.  

“როგორც ჩვენ ვიცით, რამდენიმე აუქციონზე ვაჭრობის ფასმა 30 ათას ლარს გადააჭარბა. ვერ მეტყვით ვერც ერთ მცირე მეწარმეს, რომელსაც იჯარაში 30 ათასის გადახდა შეუძლია. ამდენი ფული თუ აქვს, იყიდის მაღაზიას და პრიციპულად სხვა ტიპის ბიზნესი ექნება. 

ასე რომ, ბაზარზე, რომელიც ძირითადად მცირე ბიზნესითაა წარმოდგენილი, მივიღებთ დიდ ბიზნესს - დიდი ბიზნესი მონოპოლიას გაუკეთებს პრესის ყველა სადისტრიბუციო მცირე კომპანიას”, - განმარტა ხიდაშელმა.  

რესპუბლიკელთა ლიდერის თქმით, “შემთხვევითი არ არის ის, რომ გამოცხადებული აუქციონების არც ერთი ლოტი არ დაემთხვა იმ ადგილებს, რომლებზეც დავით კეზერაშვილის, ნიკა რურუას ძმის და “ნუგეშის” ჯიხურებია განთავსებული”.