დღეს თბილისის მერიასთან ჟურნალისტებმა თეატრალიზებული აქცია გამართეს, სახელწოდებით „ჩვენ ვკითხულობთ გაზეთებს“. ამ აქციით ბეჭდური მედიის წარმომადგენლებმა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელიც ორი დღის ვადაში „პლანეტა ფორტესა“ და „მაცნეს“ საგაზეთო ჯიხურების აღებას გულისხმობს. აქცია პრესის ასოციაციისა და სხვადასხვა მედიასაშუალებების ორგანიზებით გაიმართა. პრესის ჟურნალისტებს თანადგომა გამოუცხადეს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წევრებმა, ასევე, ოპოზიციური ტელევიზიებისა და ინტერნეტგამოცემების წარმომადგენლებმა და ჩვეულებრივმა მკითხველებმა.
აქციის მონაწილეებს ხელში სიმბოლურად გაზეთები ეჭირათ, რადგან უფრო ადრე ჟურნალისტებმა გააფრთხილეს თავიანთი მკითხველები, ყველას, ვისაც უყვარდა გაზეთი, წიგნი და ჟურნალი, მათთვის საყვარელი გაზეთები წამოეღო და პროტესტი ამ სახით დაეფიქსირებინა.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ თბილისის მერია გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს გაზეთების წინააღმდეგ და აუქციონი ზუსტად 29 ნოემბერს იმართება. უკვე არსებული პრესის ჯიხურების ადგილას სხვადასხვა დანიშნულების ჯიხურების ჩადგმას აპირებენ, სადაც ერთნაირი წარმატებით გაიყიდება შაურმა, ხაჭაპური, ხინკალი, მაგრამ აქ არ დარჩება ადგილი ბეჭდური მედიის გავრცელებისთვის. თანაც, დედაქალაქის მესვეურები თავიანთ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, თითქოს პრესის ჯიხურების აღება მხოლოდ ქალაქის იერსახეზე ზრუნვის მიზნით ხდება და თითქოს არცერთ ქვეყანაში არ უნახავთ, როგორ იყიდება ქუჩებში გაზეთები.
აღსანიშნავია, რომ პროექტ „1000
ჯიხურის“ ფარგლებში აუქციონი უკვე გამოცხადდა. თანაც, უმეტეს შემთხვევაში, აუქციონი იმ
ადგილებზეა გამოცხადებული, სადაც უკვე იდგა პრესის გავრცელების ჯიხურები. მათი აღების პროცესი უკვე დაწყებულია. საქართველოს პრესის ასოციაციამ საზოგადოების, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის მიმართ მიმართვა გაავრცელა, რომელზეც
ხელმომწერები
თბილისის მერიისგან ბეჭდვითი მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შეჩერებას ითხოვენ.
„მოვითხოვთ, რომ ეს ე.წ. „ჯანსაღი კონკურენციის“ საფარქვეშ მოქმედი აუქციონი არ
შეეხოს იმ ჯიხურებს, სადაც უკვე წლების განმავლობაში ტრადიციულად იყიდება პრესა და, შესაბამისად, თბილისში დარჩეს თავისუფლების კუნძულები, სადაც მოქალაქეს შეეძლება ინფორმაციის მიღება და საკუთარი აზრის გამოტანა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე“,
- ნათქვამია მიმართვაში.
Presage.tv სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და უფლებადამცველებს ესაუბრა.
გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ზვიად შვანგირაძე აცხადებს, რომ პრესასთან დაკავშირებით ასეთი პრობლემები არასდროს შექმნილა, რადგან ამჯერად საკითხი უშუალოდ პრესის გავრცელებას ეხება.
„საუბარი უკვე აღარაა იმაზე, თუ რას დაწერ, ან ცენზურა იყოს თუ არა, არამედ საუბარია იმაზე, რომ, თუკი არ გავრცელდება გაზეთი და მკითხველამდე არ მივა, მაშინ უბრალოდ, გაზეთის ბეჭდვასაც და საკუთარი აზრის გამოთქმასაც აზრი ეკარგება. ამჯერად, ჯიხურებს გვედავებიან, რამდენიმე თვის წინ კი პრობლემა იყო ე.წ. „კრიკუნებთან“ დაკავშირებით, რომლებიც გარეთ დგანან და პრესას ავრცელებენ სტელაჟების მეშვეობით. პრესის ასოციაციისა და ბეჭდური მედიის მიერ მაშინაც დიდი პროტესტი დაფიქსირდა, რის შემდეგაც ეს პრობლემა მოგვარდა და გადავაგორეთ“, - აცხადებს ზვიად შვანგირაძე.
მისი თქმით, ამჯერად ჯიხურების თემას მცირე მეწარმეებისა და ბიზნესის ხელშეწყობით ფუთავენ. სინამდვილეში, ჯიხურები მცირე ბიზნესთან არაფერ შუაშია. აქ საუბარია, რომ არსებული ჯიხურების ადგილას, რომლებიც 10-15 წელიწადია მუშაობენ და კონკრეტულ ორგანიზაციებს ეკუთვნის (რისი შესაბამისი ნებართვაც გააჩნიათ), შეიძლება, განთავსდეს სხვა ტიპის ჯიხური.
„როგორ წარმოგიდგენიათ, პარალელურ რეჟიმში შაურმა გაიყიდება და იქვე კაცი გაზეთის საყიდლად მივა? ეს გამორიცხულია. განა რესტორანში ვინმე დადის გაზეთის საყიდლად? რა თქმა უნდა, - არა. პრესის გავრცელება არ არის მხოლოდ კომერციისა და ვაჭრობის ობიექტი. ეს ცოტა სხვა რამეა - თავისუფალი სიტყვის გავრცელება, საზოგადოებრივი აზრის გამოხატვაა. თავისებური კუთხით, ესაა კულტურასა და განათლებასთან ასოცირებული საკითხები. ამდენად, ამას მხოლოდ მეწარმეობისა და ბიზნესის თვალსაზრისით ნუ შევხედავთ“, - აღნიშნა ზვიად შვანგირაძემ.
მისივე ინფორმაციით, ბეჭდურ მედიას უკვე დაეტყო ეს შეზღუდვა, რაც მისი ტირაჟის კლებაზეც აისახა, რადგან იმ ორგანიზაციებმა, ვისაც ეკუთვნოდა ჯიხურები, ჟურნალ-გაზეთების შემცირება მოითხოვეს.
„საზოგადოებასთან კონტაქტს თავს არიდებენ, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს ყველა სახელმწიფო უწყება და მერე შიშველი ფაქტის წინაშე აყენებენ მოქალაქეებს. ამ მხრივ არც პრესაა გამონაკლისი. ჩვენც ასევე, პირდაპირი ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. თუმცა გამორიცხულია, ამას შევეგუოთ,“ - აცხადებს ზვიად შვანგირაძე.
ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილის თქმით, საშაურმეების პარალელურად გაზეთების რეალიზაცია ვერანაირად ვერ მოხდება და ამით მხოლოდ მოსახლეობას ატყუებენ. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასთან კი გაზეთებს არანაირი კავშირი არ აქვს.
„არ მინდა საშაურმეები, მინდა გაზეთები. თანაც ჩემი სურვილია, გაზეთების საყიდლად სადღაც შორს, გუდამაყარში კი არ ვიარო, არამედ, რომ გავივლი ცენტრალურ და ხელმისაწვდომ ადგილებში, გაზეთები იქ ვიყიდო, საბურთალოზე იქნება, ვერაზე, მთაწმინდაზე თუ ორთაჭალში. არ მინდა, იდიოტად მივაჩნდე ამ ტიპებს, ბაბილონის გოდოლზე რომ არიან შემომსხდარნი. ჩამოვიდნენ ქალაქის მერიიდან, და დაელაპარაკონ საკუთარ მოქალაქეებს, იმ ხალხს, ვინც გაზეთს გამოსცემს და ვინც გაზეთს კითხულობს. მათგან განსხვავებით, ჩვენ კიდევ ვკითხულობთ გაზეთებს და გვიყვარს გაზეთების კითხვა,“ - გვითხრა ალეკო ელისაშვილმა.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენელი, ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე მოუწოდებს ბიზნესმენებს, აუქციონზე არ შეიძინონ ის ადგილები, სადაც პრესის გაყიდვის ჯიხურებია განთავსებული.
„ჩვენ გვჭირდება პრესის ჯიხურები. ამიტომ არსებულ ჯიხურებს სამართლებრივად უნდა მოუწესრიგდეს მდგომარეობა. აქ საუბარია არა მარტო პრესის გავრცელებაზე, არამედ, მრავალი ადამიანის ბედზე, რომლებიც ქუჩაში რჩებიან და სოციალურად დაუცველები ხდებიან. თუკი ბიზნესმენები მაინც შეისყიდიან ამ ადგილებს და გარკვეულ ჯიხურებს ჩადგამენ, ჩვენ პროტესტს გამოვუცხადებთ იმ პროდუქციას, ეს იქნება ხაჭაპური, შაურმა თუ ხინკალი, რომელიც ამ ადგილებში გაიყიდება. რაც შეეხება აქციების დაგეგმვას, ჩვენ შეხვედრები გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივი არასამთავრობოების წარმომადგენლებთან და მომდევნო კვირაში ალბათ ასეთი აქცია პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართება. გამარჯვების რომ არ მჯეროდეს, ამ სიცივეში აქ არ მოვიდოდი და ხაჭაპურისა და შაურმის კეთებას დავიწყებდი თვითონაც“, - აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.
უფლებადამცველი დავით ფაცაცია აცხადებს, რომ პრესის ჯიხურები თითქმის ათეული წელია, დგანან და მოქალაქეები სარგებლობენ ამ ჯიხურებით, ამდენად, დაუშვებელია მათი აღება და შაურმის გასაყიდ ობიექტებად გადაქცევა.
„ვიცით, როგორც კეთდება ეს ყველაფერი. ხელისუფლება ისევ თავის კომპანიებზე აფორმებს ამ ყველაფერს და საბოლოოდ ზღუდავს ტელევიზიებს, პრესას. შედეგი ერთადერთი იქნება, ვერ გაიყიდება გაზეთები, ტელევიზია ხომ ისედაც პრაქტიკულად არ არსებობს და რაც არის, ძალიან მწირი საშუალებებითაა. ესაა ტოტალური მმართველობა, ავტორიტარული რეჟიმი და მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მინიმალიზაცია. თუკი ამ ჯიხურებს მაინც აიღებენ, საბოლოოდ გააფორმებენ, რომ ეს ხელისუფლება ავტორიტარულია“, - აცხადებს დავით ფაცაცია.
მისი ინფორმაციით, დასავლეთში ასეთი რამ არ ხდება. ნებისმიერ ქალაქში, სადაც უნდა ჩახვიდეთ - რომში, პარიზში, ლონდონში, ეს ყველაფერი ძალიან ცივილურადაა. პირიქით, დასავლეთში ამ სფეროს ყველანაირად უწყობენ ხელს და პრესას გაცილებით მეტი შეღავათიანი პირობები მისცეს არა მარტო ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით, არამედ საგადასახადო სისტემასთან მიმართებითაც.
საქართველოს მედიაკლუბის თავმჯდომარე, კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრი მაგდა პოპიაშვილი აცხადებს, რომ მერიის წინ შეკრებილმა მედია და სამოქალაქო საზოგადოებამ პროტესტი გამოხატა „ათასი ჯიხურის პროექტის“ წინააღმდეგ, რომელიც თბილისის მასშტაბით საგაზეთო ჯიხურების აღებასა და მის ნაცვლად სხვადასხვა კვების ობიექტთა ჩადგმას გულისხმობს.
„პირადად ჩვენმა კოალიციამ განცხადება შეიტანა თბილისის მერის სახელზე. ვითხოვთ შეხვედრას გიგი უგულავასთან, რათა მოგვარდეს ეს საკითხი. ამასთან, სანამ არ გადაწყდება ეს პრობლემა, უნდა შეწყდეს აუქციონი იმ ლოტებზე, რომელიც ეხება სწორედ პრესის ჯიხურების ადგილს. კიდევ ერთხელ ვთხოვ ბიზნესმენებს, არ შეიტანონ აუქციონების კონკრეტულ ლოტებზე განაცხადები და თავი შეიკავონ ყიდვისგან, მისცენ საშუალება პრესის გამავრცელებლებს, რომ ეს ადგილები დაიტოვონ და თავად მიიღონ ამ აუქციონში მონაწილეობა“, - აცხადებს მაგდა პოპიაშვილი.
ამასთან, მაგდა პოპიაშვილი მიიჩნევს, რომ, თუ სამოქალაქო პროტესტი და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა შეუწყვეტელი და გრძელვადიანი იქნება, მერიას დათმობებზე წასვლა მოუწევს.
ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი პრესის ჯიხურებთან დაკავშირებით სამ მოთხოვნას აყალიბებს: 1. შეწყვიტონ აუქციონი და, თუკი საერთოდ აუქციონზეა ლაპარაკი, პრესის ჯიხურებზე ცალკე გამოცხადდეს აუქციონი. 2. განიხილონ მედიაექსპერტების მიერ მომზადებული და პარლამენტში განსახილველად შეჩერებული კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ეხება სწორედ დისტრიბუციას და 3. მედიასუბიექტებსა და ქალაქის მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართოს.
ირაკლი მელაშვილის თქმით, მცირე მეწარეებისთვის კონკურენტული გარემოთი აპელირება ტყუილია, რადგან თბილისში 1300-დან 1800 დოლარამდე ღირს კვადრატული მეტრი საოფისე და კომერციული ფართი. ამ დროს კი 4-დან 6 კვადრატულ მეტრამდე ჯიხური 22 ათასად იყიდება და თან, თურმე მყიდველი თანახმაა, 1000 ლარი ყოველთვიურად იხადოს, ანუ დამატებით წელიწადში 8 ათასი დოლარი გადაიხადოს.
„ეს არანაირი ბიზნესინტერესით არ შეიძლება იყოს განპირობებული. რა თქმა უნდა, ბიზნესმენს ურჩევნია, სამჯერ უფრო იაფად, იქვე, გვერდზე კაპიტალურ შენობაში აიღოს ფართი, ვიდრე მოუწყობელი ჯიხურის ადგილი იყიდოს და მოგვიანებით აქ ჯიხური ჩადგას. უბრალოდ, ხელისუფლება აიძულებს თავის ბიზნესმენებს, ფული ჩადონ იმაში, რომ პრესა აღარ გაიყიდოს. თორემ ასეთი მიდგომით, მე მიჩნდება ასეთი შეკითხვა, თბილისის დინამოს სტადიონიც ხომ წამგებიანია?! მაშინ იქაც გააკეთონ დიდი სახინკლეები. არც დოტაციაზე იქნება და ფულიც შემოვა. მაგრამ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, ხელისუფლება ყოველთვის უნდა აბალანსებდეს საზოგადოებრივ ინტერესს“, - აცხადებს ირაკლი მელაშვილი.
მისი თქმით, მაინცდამაინც ახლა იმიტომ შეუტიეს პრესის გამავრცელებლებს, რომ არჩევნები ახლოვდება.
„გაისად არის არჩევნები, თანაც, ივანიშვილის გამოჩენამ პრესის ტირაჟები ასწია, რადგან ძირითადად პრესით ვრცელდება ინფორმაცია. ესენი ცდილობენ, ჩაკლან ყველა საინფორმაციო საშუალება. რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ: ჯერ სტელაჟები აიღეს, თავიანთი მედიაჰოლდინგები შექმნეს, რათა გაზეთების ბაზარზე შესულიყვნენ, შემდეგ თავიანთი ჯიხურები ჩადგეს, მაინც ვერაფერი გამოუვიდათ. ყველა მეთოდი სცადეს და მიხვდნენ, რომ თავისუფალ მედიას მათ მიერ კონტროლირებადი გაზეთებით კონკურენციას ვერ გაუწევდნენ. ამიტომ გადავიდნენ იმაზე, რომ „ცივილიზებული“ მეთოდით დისტრიბუციის საშუალება მოუსპონ მედიას. მათ კარგად იციან ერთი ციფრი: ქართული ბეჭდვითი მედიის 90 % სამწუხაროდ, ხელდახელ გაყიდვით საღდება და არა - გამოწერებით. ევროპასა და ამერიკაში სხვა სიტუაციაა, იქ ძირითადად ჟურნალ-გაზეთებს იწერენ. ამიტომ დაარტყეს იქ, სადაც სისუსტე დაინახეს“.