გთავაზობთ მესტიის მუსიკალური სკოლის ორსართულიანი შენობის ტექნიკური დასკვნის შინაარსს, რომელიც ინჟინერმა ზურაბ გელაძემ სვანეთის საგანძურის გადასარჩენად შექმნილი სპეციალური საზოგადოებრივი ჯგუფის თხოვნის საფუძველზე შეადგინა.
ცენტრალურ ტელეარხებზე 28 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა მესტიაში კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის სტუმრობის ამსახველი სიუჟეტები. რურუა და ლორთქიფანიძე ჟურნალისტებთან ერთად მაყურებლის იმაში დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ სახელდახელოდ შეკრულ კონტიენერებში საგანძურს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ „ინტენსიური სამშენებლო სამუშაოების“ დაწყების გამო, ის მაინც გადააქვთ „კაპიტალურ შენობაში“, სადაც მისი დაცვისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
ანუ ცენტრალური ტელეარხები და მათი რესპონდენტები შავის თეთრად წარმოჩენას ცდილობდნენ და სახელდახელოდ გარემონტებულ, თეთრად გაღებილ, კედლებზე „გიფსოკარდონ“ აკრულ, დამეწყრილი და ნესტიანი შენობის „კაპიტალურ შენობად“ შემოსაღებას ცდილობდნენ.
„ვნახე ადგილი, სადაც ჩვენი ექსპონატები დაიდებს ბინას, იქამდე სანამ მთლიანად არ გარემონტდება, ფაქტიურად, ახლიდან არ აშენდება მესტიის ეთნოგრაფიული და ისტორიული მუზეუმი და ეს იქნება მაისში. მაისში მესტიას და სვანეთს და მთელ საქართველოს ექნება საუკეთესო ხარისხის, ტიპის, ყველანაირი, არქიტექტურულად თუ შინაარსობრივად, ყველანაირად ევროპული ხარისხის მუზეუმი“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, 12-საათიან „კურიერში“.
„ყველანაირად ევროპული ხარისხის მუზეუმი“ საქართველოს ბიუჯეტს 7-8 მილიონი დაუჯდება. ამის შესახებ თავად კულტურის მინისტრმა გვითხრა, 25 ნოემბერს, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგანძურის მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანასთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ არის.
ნიკა რურუასთან ერთად მესტიაში ჩასულები იყვნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები: მეუფე თეოდორე (ჭუაძე), მამა ბესარიონი (მენაბდე) და მხატვარ-რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური. მათი მესტიაში ყოფნის შესახებ ცენტრალურ ტელეარხებს, არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ. ისინი თბილისში 28 ნოემბერს, საღამოს დაბრუნდნენ. ეროვნულ საგანძურთან დაკავშირებით საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.
24 ნოემბერს გამოვიდა „საპატრიარქოს უწყებანი“, რომლის მეათე გვერდზე წერია, რომ საზოგადოებას ამ გამოცემის შემდეგ ნომერში, ანუ 2 დეკემბერს საშუალება ექნება გაეცნოს საპატრიარქოს კომისიის დასკვნას და „იმ ვითარებას, რომელიც თან ახლდა კომისიის მუშაობას“.
პატრიარქის ინიციატივით შექმნილი კომისია 1-3 ნოემბერს მესტიაში იმყოფებოდა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მიერ შემქნილ კომისიასთან ერთად, მაგრამ საპატრიარქოს კომისიას ოფიციალური დასკვნა ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დასკვნა სწორედ იმ „კაპიტალურ შენობას“ ეხება, რომელშიც კულტურის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი აპირებს საგანძურის გადატანასა და დაბინავებას.
მუსიკალური სკოლის შენობის ტექნიკური დასკვნა 25 ნოემბერსაა დაწერილი, რომლის მიხედვით „ორსართულიანი შენობა ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმომდგრადობის პირობებს და თავისთავად შეიცავს გარკვეულ საშიშროებას, რომ სეისმური ბიძგების შემთხვევაში მოხდეს მისი რღვევა“.
ტექნიკური დასკვნის ავტორი, ზურაბ გელაძე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №351 დადგენილებით, შეუერთდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, როგორც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.
მაშ ასე, გთავაზობთ ერთგვერდიანი დასკვნის სრულ ტექსტს, რომელიც ავტორმა შეადგინა ნოემბრის დასაწყისში და 24 ნოემბერს გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით, რომელიც მას ზემოხსენებული საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა მიაწოდეს:
„შენობა ორსართულიანია, რომელიც ორი (ძველი და შედარებით ახალი) ნაწილისგან შედგება. შენობის ძველი ნაწილი ქვის შერეული წყობისაა, ცემენტ-ქვიშის ხსნარზე (წყობაში გამოყენებულია რიყის და ფლეთილი ქვა), შენობის შედარებით ახალი ნაწილი კი ფიქლისაა, ცემენტ-ქვიშის ხსნარზე.
შენობის პირველ სართულს (საფასადო კედელზე) გააჩნია სამი ღიობი (სამკაროვანი თაღები შესრულებული აგურის წყობით), მეორე სართული კი აივნიანია. სართულსშუა გადახურვა ხისაა, ხისაა სხვენის კონსტრუქციაც.
ფოტომასალის გაცნობის საფუძველზეც კი აშკარაა შემდეგი დეფექტები:
1.შენობის ძველ და ახალ ნაწილებს შორის არ არის გადაბმა (ერთიანი ჩაკეტილი კონტურის მაგივრად სახეზეა შენობის ფრაგმენტაცია, რაც სეისმომედეგობის პირობებით დაუშვებელია);
2.როგორც ძველი შენობების უმრავლესობას, ამ შენობასაც არ გააჩნია რკინა-ბეტონის სეისმური სარტყელი და ღიობების თავზე რკინა-ბეტონის ზღუდარები (ზღუდარების ფუნქციას ასრულებს ხის კოჭები), შენობას არ გააჩნია ელემენტარული სეისმოდაცვითი კონსტრუქციები;
3.შენობის უკანა კედელს ებჯინება გრუნტის მასივი (შესაძლოა მეწყერული ჩამონაშალი), რომელიც აუარესებს შენობის მუშაობის პირობას და ასუსტებს ისედაც ფრაგმენტირებული შენობის სეისმოდაცვას;
4.სხვენის კონსტრუქციის ხის კოჭები უშუალოდ დაყრდნობილია მზიდ კედლებს (კოჭებს შორის შევსება არ არსებობს), რაც სეისმომედეგობის თვალსაზრისით დაუშვებელია (მცირე ბიძგების შემთხვევაში კი შესაძლებელია სხვენის კონსტრუქციის წაცურება მზიდი კედლებიდან);
5.შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები არავითარ კავშირშია მის მზიდუნარიანობის ამაღლებასთან (სარემონტო სამუშაოები არ მოიცავს შენობის მზიდ კონსტრუქციებზე ჩასატარებელ სამუშაოებს).
გამომდინარე ზემოთქმულიდან მოცემული ორსართულიანი შენობა ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმომდგრადობის პირობებს და თავისთავად შეიცავს გარკვეულ საშიშროებას, რომ სეისმური ბიძგების შემთხვევაში მოხდეს მისი რღვევა“.
ცენტრალური ტელეარხების მიერ მომზადებული სიუჟეტებიდანაც ჩანს, რომ საგანძურის გადასატანად პირველი სართული მოაწყვეს. ბზარი, რომელიც მუსიკალური სკოლის შენობას მარჯვენა მხრიდან ჰქონდა, ცემენტით ამოლესეს. შენობის უკანა, დამეწყრილი მხარე ტელევიზიებს რასაკვირველია, არ უჩვენებიათ.
მხატვარ-რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური, რომელიც 27-28 ნოემბერს მესტიაში იმყოფებოდა, „ობიექტივის“ სტუდიაში 21 ნოემბერს იყო მოწვეული. ის პატრიარქის ინიციატივით შექმნილი სპეციალური კომისიის ერთ-ერთი წევრია და ამბობს, რომ სვანეთში დაცული ფერწერული ხატების დაახლოებით 95% უშუალოდ მის მიერ არის რესტავრირებული და გამომდინარე აქედან, მათი მდგომარეობა კარგად იცის.
სვანეთში გამგზავრებამდე „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში მესტიის მუსიკალური სკოლის შენობაზე მან თქვა:
„ეს არის ორსართულიანი, საკმაოდ ძველი შენობა. აშენებულია ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლად. შენობის უკანა მხარეს მთის ნაშალია მოწოლილი - პირველ სართულს თითქმის ასცდა. გამორიცხული არ არის მეწყერიც დაიძრას. არის საშინელი სინესტე. იმის გამო რომ სინესტე იყო, ამ შენობის კედლები პირდაპირ ხით მოაპირკეთეს, რადგან იქ არსებული სინესტე არანაირ შელესილობას არ გაიჩერებდა. იატაკი ძალიან ძველი და ნახევრად დამპალია. შენობის გადახურვა არის ხის. მცირე მიწისძვრა, ან რყევა, რომ იყოს, ეს შენობა შეიძლება დაინგრეს.
სვანეთში დაცული ფერწერული ხატების 95%-ის (შეიძლება 98%-ის, მაგრამ ნუ დავითვლით) რესტავრაცია პირადად ჩემს მიერ არის ჩატარებული. ამიტომ, ამ ხატების გადატანა ისეთ სივრცეში, სადაც არის ნესტი, დაჭიანებული კედლები, იატაკი და ჭერი, არის საფრთხის შემცველი და მე უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ ამ შენობის დანგრევის საშიშროება არსებობს. სიწმინდეების მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანა ჩვენ არ უნდა დავუშვათ“.