"ალიას" მასალების მიხედვით
"ჩვენ მოვითხოვეთ ორგანიზაცია "ქართული ოცნების" დაჩქარებული წესით რეგისტრაცია. შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით უნდა მომხდარიყო ამ ორგანიზაციის ერთ დღეში რეგისტრაცია, თუ რამე ხარვეზი იქნებოდა წარმოდგენილი დოკუმენტაციაში, საჯარო რეესტრი ვალდებული იყო, რომ ერთ დღეში ჩვენი შეცდომები და ხარვეზები მიეთითებინა - ეს საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული. საჯარო რეესტრში განცხადება შეტანილია 23 ნოემბერს, ამიტომ როცა საჯარო რეესტრი არ ასრულებს თავის მოვალეობას, როდესაც არ იძლევა კანონის შესაბამისად დადგენილ ვადებში პასუხს, ცხადია, ყველა კარგად ვხვდებით, რომ ჩვენი ხელისუფლება ახდენს ყველაფრის პოლიტიზებას", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი ირაკლი სესიაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს ორი "ქართული ოცნება?" / რას უმხელს მილიარდერის მრჩეველი "ალიას?"
"ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ უშუალოდ სააკაშვილისგან ელოდებოდნენ დასტურს, მიეცათ თუ არა ამ ორგანიზაციისთვის რეგისტრაცია. ან როგორმე მოეძებნათ გზები, რომ უარი ეთქვათ. მაგრამ მას შემდგომ, რაც ჩვენ ეს საკითხი ღიად გავაჟღერეთ და აშკარა იყო კანონმდებლობის უხეში დარღვევა, როგორც ჩანს, საჯარო რეესტრს შეეშინდა და გასცა რეგისტრაცია... გავითვალისწინეთ ის ვითარება თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ხელისუფლების - იცით, რომ კანონმდებლობის მიხედვით ერთნაირი სახელით ორი ორგანიზაცია არ შეიძლება მოქმდებედეს. შესაბამისად, წინასწარ დავარეგისტრირეთ ამ სახელით ორგანიზაციები (არასამეწარმეო და შპს), რათა საჭიროების შემთხვევაში ეს ბრენდი შეგვენარჩუნებინა - არანაირ საქმიანობას არ ეწეოდა ამ სახელით დარეგისტრირებული ფირმები, უბრალოდ, დავარეგისტრირეთ იმიტომ, რომ სხვას არ მოესწრო "ქართული ოცნებით" რამე ფირმის დარეგისტრირება და მერე ხელისუფლებას ჩვენთვის არ ეთქვა, რომ ასეთი ბრენდი არსებობს და ამიტომ თქვენ ვეღარ დაარეგისტრირებთო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
"ვცდილობთ მოვახდინოთ საზოგადოების კონსოლიდირება, დაიძლიოს შიში. დღეს მოსახლეობას აღარ სჯერა იმ სიცრუის მანქანის, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. ამ პრობლემების მოგვარებას ბიძინა ივანიშვილის გუნდი ეტაპობრივად მიჰყვება. ჯერჯერობით პოლიტიკური მოძრაობა არ დაფუძნებულა, არ მივსულვართ კონკრეტიკამდე. რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას, ეს არის ზეპარტიული მოძრაობა, რომლის მიზანიც არაა პოლიტიკური თუ საზოგადო სახეების წარმოჩენა, ჩვენთვის ყველა მოქალაქე ღირებულია. მოძრაობაში ადამიანებს ჩვენ კი არ ჩავითრევთ, ყველას, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება, რომ გახდეს ამ საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი, მოვა და დააფიქსირებს თავის მხარდაჭერას. არავის არ ვექაჩებით, ვისაც სურვილი აქვს, ამ მოძრაობას შეუერთდება. ხელისუფლების ან სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი თუკი ჩათვლის, რომ ეს მოძრაობა არის სწორი საქმე და წაადგება ქვეყანას და თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს ამ მოძრაობაში გაწევრიანებაზე, არ არსებობს მექანიზმი, რომ მათ ვინმემ უარი უთხრას", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მესმის, რომ პრეზენტაციაზე გარკვეული რისკები არის, იმდენად რამდენადაც ხელისუფლება მტრულადაა განწყობილი და ჩასაფრებული იქნება . ასე რომ, გარკვეული ტიპის ექსცესები მოსალოდნელია ამ ხელისუფლებისგან, მაგრამ საზოგადოების გამოკვეთილი მხარდაჭერის პირობებში ხელისუფლება ვერაფერს გაბედავს. მინდა გითხრათ, არ ველით პროვოკაციას და არაჩვეულებრივად ჩავატარებთ ღონისძიებას. დარწმუნებული ვართ, საზოგადოება კმაყოფილი დარჩება, როგორც ღონისძიებით, ისე შედეგებით", - დასძენს ირაკლი სესიაშვილი და შეკითხვას - " ვრცელდება ქალაქის მერის განცხადება, სახლში ვესტუმრე მლესავ ზაზა ხუხუას, ივანიშვილმა ის სამსახურიდან გააგდოო..." - პასუხობს:
"ამ ხელისუფლების ფანტაზიას, ააგოროს შავი პიარი და ბატონ ბიძინას, მაგალითად, კრემლის აგენტი ეძახოს, ამათ ილუზიას საზღვარი არა აქვს. ამიტომ ხვალ რას მოიგონებს გიგი, ვანო თუ მიშა, ეს მთავარი არ არის. იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანია როგორც დაინახავს ამ ყველაფერს ჩვენი საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, რადგან ამ ხელისუფლების "სიცრუის მანქანა" აღარ მუშაობს. მთავარია, ჩვენ მოვიპოვოთ საზოგადოების მხარდაჭერა და არცევნებში გამარჯვება. მთავარია, ვქეყანამ გაიმარჯვოს და არა ის, რომ ჩვენ მტრები გვყავს და ხელისუფლება უნდა დამარცხდეს. ასე რომ, რაც არ უნდა შავი პიარი ააგოროს ხელისუფლებამ, ეს ისევ მათ წინააღმდეგ იმუშავებს. ეს ხელისუფლება საკუტარი ხელით იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის".
752
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85