"შიში და შიმშილი" ინვესტიციებში


მაღალი წნეხი, დაბალი კონკურენცია და სხვა მიზეზები უცხოურ ინვესტიციებს ამუხრუჭებს

2007 წლიდან მოყოლებული, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა სულ უფრო მცირდება. ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს, რომ 2007 წელს ამ მაჩვენებელმა $2 მილიარდს გადააჭარბა, 2008-ში მილიარდ-ნახევრამდე შემცირდა, 2009-ში კი ერთი მილიარდიც არ შეუდგენია. მცირედით გაუმჯობესდა ვითარება შარშან, როდესაც უცხოური ინვესტიციების მოცულობა $800 მილიონს ცოტა ასცდა. წლევანდელი პირველი ორი კვარტლის მონაცემებით კი უცხოური ინვესტიციების მოცულობა სულ $377 მილიონია. ამის მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრი წლის მიწურულს მაინც აკეთებს პროგნოზს, რომ წლეულს ქვეყანაში $1 მილიარდის უცხოური ინვესტიცია შემოვა. შედარებით მოკრძალებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდი, სადაც ფიქრობენ, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლეულს $850 მილიონს მიაღწევს. რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი კი $750 მილიონს - შარშანდელზე ნაკლებს ვარაუდობს.

ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, რეიტინგების მიხედვით, საქართველო თითქოს ყველაზე გახსნილი ქვეყანაა, უცხოური კაპიტალით საქმის წამოწყებას კვირაზე ნაკლები დრო სჭირდება. როგორც ჩანს, სირთულეები რეგისტრაციის შემდეგ იწყება. ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე წნეხს უკავშირებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, მაგალითად, ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე ‘წმენდას-. ცოტა ხნის წინ ხარვეზებისთვის მაკონტროლებლებმა 15 აფთიაქი დააჯარიმეს, თითოეული 1-დან 3 ათას ლარამდე, ხოლო წლის დასაწყისიდან უკვე 160-ზე მეტი აფთიაქია დასჯილი, ამოღებულია 430 ათასი ლარი. ცხადია, თანხა საბოლოოდ მომხმარებელს დააწვება კისერზე, მასობრივად დაჯარიმებული მეწარმეები გადახდილსაც ამოიღებენ ვაჭრობისას და ალბათ "რეზერვსაც" მომდევნო სანქციის მოლოდინში...

ბიზნესზე ზეწოლის ბევრი მაგალითი არსებობს, რასაც საგაზეთო პუბლიკაცია ვერ დაიტევს, თუმცა ერთ-ერთს კი გიამბობთ. ცოტა ხნის წინ "ეკოპალიტრას" ერთ-ერთი ჩვენი მკითხველი და თანამოქალაქე დაუკავშირდა და ასეთი რამ გვიამბო: "თბილისის გარეუბანში რესტორანი მქონდა. 2004 წელს ინვესტორი გამოჩნდა და რესტორნის ადგილას საცხოვრებელი კორპუსის აშენება შემომთავაზა, საკმაოდ ხელსაყრელი პირობებით. კორპუსი წელიწად-ნახევარში ააშენა, პირობაც შეასრულა - კომერციული ფართი და რამდენიმე საცხოვრებელი ბინა გადმომცა საკუთრებაში. მეც კმაყოფილი დავრჩი და ინვესტორიც. თბილისში, ვაკეში მაქვს მიწის ნაკვეთი. დაახლოებით ერთი წლის წინ გადავწყვიტე, ისევ მომეძებნა ინვესტორი ჩემს ნაკვეთზე მშენებლობისთვის და მეც მეხეირა. ინვესტორი მალევე გამოჩნდა, პირობებზეც შევთანხმდით, მაგრამ საქმე ვერ დავძარით. ოფიციალური გადასახდელების გარდა, მას მთავრობამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 მილიონი ლარის გადახდა მოსთხოვა. ინვესტორმა ხარჯი რომ დაიანგარიშა, ფულის დაბანდებაზე უარი თქვა. ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე განხორციელებული რეკეტი".

როგორც ჩანს, ინვესტიციების მოზიდვას ვერც თავისუფალი ინდუსტრიული და ეკონომიკური ზონების გახსნამ შეუწყო ხელი. "ძლიერნი ამა ქვეყნისა" გვარწმუნებდნენ, რომ ფოთის თიზ-ით 100-150 უცხოური კომპანია იყო დაინტერესებული, მაგრამ ჯერ მხოლოდ 22 კომპანიია რეგისტრირებული და აქედან თითო-ოროლა თუ მუშაობს. მხოლოდ ამ ინდუსტრიულ ზონაში ხელისუფლება 25 ათასი ადამიანის დასაქმებას ელოდა, მაგრამ მსგავსს ვერაფერს ვხედავთ. დიდ იმედებს ამყარებდნენ ქუთაისის თიზ-ზეც, რომლის ძირითადი ინვესტორი და პარტნიორია ეგვიპტური კომპანია "ფრეში". "ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგში", რომელიც ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორია, ამბობენ, რომ თიზ-ში ამ ეტაპზე ცხრა კომპანიაა რეგისტრირებული, აქედან შვიდი ისევ "ფრეშის" შვილობილია, ორიც შემოსვლას აპირებს.

ასეთი საინვესტიციო "შიმშილის" პირობებში კი ხელისუფლება ცალკეულ ინვესტორებს სასათბურე პირობებს უქმნის და წარმოუდგენლად ხელსაყრელ პირობებს უმტკიცებს. იმაზე არაფერს ვამბობთ, რომ ხაიშში ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო X-XI საუკუნის საძირკვლის მქონე მოქმედი ეკლესია და საფლავები დაიტბორება და 525 ოჯახის გასახლების საკითხი დადგება. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ჰესს ინდური კომპანია აშენებს და თურქეთში გაყიდული ელექტროენერგიის ფულსაც ეს კომპანია მიიღებს, საქართველო კი მხოლოდ არსებულ საგადასახადო შემოსავლებს უნდა დასჯერდეს, რაც წელიწადში 100 მილიონსაც ვერ მიაღწევს. სახელმწიფომ ამ კომპანიას სიმბოლურ ფასად გადასცა ასეულობით ჰექტარზე მიწა, ის წყალსაც სრულიად უფასოდ გამოიყენებს. ამ ჰესისგან ელექტროენერგიის შესყიდვის მინიმალურ ტარიფად კი, ჩვენი ინფორმაციით, 5,83 ცენტი დაწესდა.

ქეთი ბოჭორიშვილი (საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი): "მთელი წლის განმავლობაში იყო დიდი ინტერესი სხვადასხვა ქვეყნებიდან, მოეწყო ინვესტორებთან შეხვედრები. ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზარდა. ეს უახლოეს მომავალში პროექტებში აისახება. ქვეყნების მიხედვით ვადები განსხვავდება. დასავლეთის ქვეყნებს უფრო დიდი ხანი სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად. ჩინელებიც დეტალებზე ძალიან ორიენტირებული ხალხია და შესაძლოა ერთი კონტრაქტის გაფორმებისთვის მოლაპარაკებები რვა თვეც გაგრძელდეს.

საკმაოდ ბევრი ინვესტიციაა და დიდი ინტერესია ინდოელების მხრიდან, რაც თუნდაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობებზე აისახა. კარგი მაჩვენებელია, რომ წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში თავისი ბიზნესი დაარეგისტრირა 600-მა ინდურმა კომპანიამ. საშუალო სტატისტიკიდან გამომდინარე, 50% მაინც განაგრძობს აქ საქმიანობას. გამოვყოფ ასევე უკრაინას, ჩინეთსა და თურქეთს. არის ინტერესი შუა აზიიდან, არაბული ქვეყნებიდან. ინტერესის გარდა, არის კონკრეტული ნაბიჯებიც, მაგალითად, ტურიზმის სექტორში, ენერგეტიკასა თუ სოფლის მეურნეობაში. იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება, საქართველოში არის მზარდი ეკონომიკა და ხედავენ, რომ საქართველო ხდება საინტერესო ადგილი, სადაც შესაძლებელია ბიზნესის კეთება. 2007 წელს უცხოური ინვესტიციები ძირითადად პრივატიზაციამ წაახალისა. შემდეგ მოხდა დივერსიფიცირება სხვადასხვა სექტორში - ინვესტიციები შემოედინება არა პრივატიზაციის კუთხით, არამედ ტურიზმში, მრეწველობაში, ფინანსურ სექტორში და სხვ."

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "საუკეთესო წელიწადი საქართველოსთვის იყო 2007, როცა $2 მილიარდზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. და შეიძლება ითქვას, ეს იყო საქართველოს აქტიური ინტერვენციის წელიწადი გლობალურ ბაზრებზე. მაშინ ბაზრებიც იძლეოდა ამის შესაძლებლობას, რადგან აღმავლობის პერიოდი იყო. 2007 წლიდან დაიწყო გლობალური კრიზისი, შემდეგ საქართველოში ომი მოხდა და ამან საგრძნობლად იმოქმედა ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე. თუმცა კითხვა მაინც ჩნდება. ბევრად უფრო მეტი ინვესტიცია შედის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში 2009 წლის შემდეგ, ვიდრე საქართველოში. აზერბაიჯანთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ეს ნავთობის მოპოვებით არის განპირობებული, მაგრამ ბოლო დროს სომხეთი გვჯობნის ინვესტიციების მოცულობით. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ორი კონფლიქტური რეგიონის არსებობაა. მაგრამ არსებობს მაგალითები, თუნდაც ისრაელის, სადაც კონფლიქტის მიუხედავად, თუ გარემო შესაბამისია, მაინც არის საინვესტიციო შედინება.

თუ ბიზნესის კეთების, "ფორბსის" ან სხვა რეიტინგებში კარგ პოზიციებზე ვართ, რატომ არ აისახება ეს შედეგებში, რატომ არ იზრდება ინვესტიციები? უპირველესი მაინც არის საქართველოს ბაზარზე კონკურენციის ძალიან დაბალი ხარისხი. ბევრი რენტაბელური სფეროა ქვეყანაში და ყველა შეზღუდულია ახალი მოთამაშეებისთვის, რადგან მოქმედ მოთამაშეებს აქვთ, ასე ვთქვათ, არაპირდაპირი მხარდაჭერა, თუნდაც სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან. ანუ, მთავარი მიზეზი მაინც არის შეზღუდული კონკურენცია ბიზნესის ყველა სექტორში, კვების პროდუქტების იმპორტიდან დაწყებული, ნავთობპროდუქტებით დამთავრებული. ზეწოლა დღეს ყველა ბიზნესში დიდია. ბოლო მაგალითებს თუ გადავხედავთ, ებრაელი ბიზნესმენები დააპატიმრეს მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა დამნაშავე. ამას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა და ბიზნესწრეებშიც არასასიამოვნოდ აღიქვეს. ასევე, ბევრი ადგილობრივი ბიზნესმენია ქვეყნიდან გაქცეული. ჯამში ეს ყველაფერი აჭარბებს ჩვენს პლუსებს და ვერ ვიღებთ იმ შედეგს, რაც გვსურს. 

თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს განსაკუთრებით რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ უჭირთ. აქ შემოსული კომპანიისთვის რეგიონის ბაზარია მიმზიდველი და არა საქართველოს შიდა ბაზარი, რომელიც ძალიან პატარაა ნებისმიერი მსხვილი კომპანიისთვის. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნის მიზანი რეგიონულ ბაზრებზე გასვლა იყო, რუსეთი კი უმსხვილესი ბაზარია, რომელზეც შესაძლებელია აქ მწარმოებელმა კომპანიამ იმუშაოს. ასეთ ბაზრებად შესაძლოა ასევე დავიგულოთ უკრაინა, თურქეთი, თუმცა თურქეთს თავისი საკმაოდ ძლიერი ინდუსტრია აქვს. არის ხელვაჩაურის ზონა, სადაც საფეიქრო საწარმოები მუშაობენ და იქაური პროდუქცია უცხოეთში გადის. ქუთაისშიც, მეტ-ნაკლებად, მუშაობაა, ჩავარდა ფოთისა და თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონები. ეს უკანასკნელი ლოჯისტიკაზე იყო აწყობილი, იქ რამე აქტივობა არ არის.
ისიც მნიშვნელოვანია, რომ 2008 წლის შემდეგ კაპიტალი საქართველოდან ინტენსიურად გაედინება. ბოლო ორი კვარტლის მონაცემებს თუ გადავხედავთ, საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, შვედეთში, იორდანიაში, საერთო ჯამში $80 მილიონის კაპიტალი გავიდა".