შემოდგომის უამინდობამ და ნაადრევმა ზამთარმა დევნილებს ყოფითი პრობლემები გაუათმაგა. უფრო სწორად, მათ პრობლემები მთავრობამ და მათმა დაქირავებულმა მშენებლებმა შეუქმნეს, რომელთაც ელემენტარულ დონეზეც ვერ უზრუნველყვეს შენობების მოწესრიგება.
თელავში, ყოფილი პროფესიული სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში ჩასახლებულ სამაჩაბლოდან დევნილებს დაზიანებული სახურავიდან ოთახებში წყალი ჩასდით. 2008 წელს რეაბილიტირებულ შენობაში დაზიანებულია კარ-ფანჯარაც, რის გამოც ოთახები ვერ თბება.
„ამ შენობაში 2008 წლის დეკემბერში შემოვედით და მას შემდეგ ვითხოვთ ფანჯრების და სახურავის პრობლემის მოგვარებას. შენობის ნახევარში სახურავიდან წყალი ჩამოდის და ოთახები ინესტება. რაც შეეხება კარ-ფანჯარას, ძალიან ძველია და თითქმის მთლიანად დამპალი, დიდი ნაპრალები აქვს გაჩენილი.
კარ-ფანჯრებზე ცელოფნები ავაკარით, მაგრამ ოთახებს მაინც ვერ ვათბობთ, თანაც გაზის ვაუჩერიც აღარ გვეკუთვნის და მოხმარებული გაზის გადასახადს მთლიანად ჩვენ ვიხდით. ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა და ბევრი ოჯახი სიცივეშია.
ამ ზაფხულს კახეთის გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს, მუნიციპალიტეტის გამგეობას და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩვენი პრობლემის შესახებ წერილი გავუგზავნეთ და დახმარება ვთხოვეთ, მაგრამ პასუხი არსაიდან მიგვიღია“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამაჩაბლოდან დევნილმა ვერა მეტრეველმა.
კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, დევნილების კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ის საქმის კურსში არ არის. „დევნილების დასახმარებლად შეიძლება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აქვს რაიმე დაგეგმილი. ადგილობრივ გამგეობას დაუკავშირთით, იქნებ ისინი გეგმავენ რამეს“, - აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.
„კარ-ფანჯარა რომ ცუდ მდგომარეობაშია მაგაზე კი მსმენია, მაგრამ თუ სახურავი დაზიანებულია, პირველად მესმის. ვითარებაში უკეთ გასარკვევად ადგილზე გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელს გავაგზავნი და რასაც შევძლებთ, დავეხმარებით. შენობის რეაბილიტაცია ჩვენ არ მოგვიხდენია“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვაჟა ზუროშვილმა.
კახეთში მყოფი დევნილები ამ მხრივ გამონაკლისები არ არიან. მსგავსი ვითარებაა თითქმის ყველგან, სადაც აფხაზეთიდან თუ სამაჩაბლოდან ჩასახლებული იძულებით გადაადგილებულები არიან დაბინავებულნი. ნაჩქარევად და უხარისხოდ აგებულმა შენობებმა ყველგან გამოააშკარავა სამშენებლო დეფექტები - წეროვანში, ფოცხოეწერში, გორში, წყალტუბოში...
წყალტუბოში დევნილებისათვის განკუთვნილი სრულიად ახალთ-ახალი, ჯერაც შეუსახლებელი შენობები უკვე ინგრევა. როგორც თავად დევნილები აცხადებენ, ახალ კორპუსებში გაუსაძლისი მდგომარეობაა შექმნილი. იმ კორპუსებში სადაც დევნილები უნდა ჩაასახლონ, სარდაფები წყლითაა სავსე და დატბორილია. მართალია, წყალი რამდენჯერმე ამოტუმბეს, მაგრამ ისევ ჩადგა.
დევნილების მტკიცებით, ადგილი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, კომუნისტების მიერ ჭაობიანი ნიადაგის გამო დაწუნებული იყო, ამჟამად კი ყველა კორპუსის სარდაფში წყალი დგას. ის ადგილი, სადაც რამდენიმე კორპუსის აშენება მოხდა, დაჭაობებულია და მისი ქანები გეოლოგიურად არამდგრადია.
თუკი წყლიანი სარდაფებისა და ბუნებრივი აირის პრობლემა არ მოგვარდება, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსებში შესვლას არ აპირებენ.
805
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85