"მომავალ პარლამენტში ნაციონალები უმრავლესობას ვეღარ მიიღებენ"


"ხელისუფლებას გააჩნია დიდი ინსტრუმენტი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაში საკმაოდ ჯიუტიც არის ხოლმე. უამრავი მაგალითი ვიცით, როდესაც ხელისუფლებამ თავისი მაინც გაიტანა, მაგრამ ისეთი ფაქტებიც არსებობს, როცა პროტესტმა შედეგი გამოიღო", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და მერიის გადაწყვეტილებას საგაზეთო ჯიხურების აღებასთან დაკავშირებით პოლიტიკური მოტივით და მოახლოებული არჩევნებით ხსნის. აქვე პოლიტოლოგი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამჯერად ნაცმოძრაობას უმრავლესობით მოსვლა ძალიან გაუჭირდება.

რატომ მიიღო მერიამ საგაზეთო ჯიხურების აღების გადაწყვეტილება და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? მისცემენ თუ არა ივანიშვილს მოქალაქეობას და თუ არ მისცეს, რა გავლენას იქონიებს ეს პოლიტიკურ პროცესებზე? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

რამაზ საყვარელიძე: ძალიან რთულია იმაზე საუბარი, თუ რას უკავშირდება ხელისუფლების, ამ შემთხვევაში მერიის გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული. მას შემდეგ, რაც ამ სფეროში ძირითადი ხაზის გამტარებული მერია გახდება, სავარაუდოდ, ის პრესის გავრცელების ბერკეტებს უფრო მეტად ჩაიგდებს ხელში. მით უფრო, რომ არჩევნები ახლოვდება და ხელისუფლებას ეს სჭირდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რა სახეს მიიღებს პროცესი, გამორიცხული არაა, რომ უკან დაიხიონ, თუ რა თქმა უნდა, ძლიერი პროტესტი იქნება.

"რ": ბეჭდურმა მედიამ პროტესტი გამოხატა მაშინაც, როცა მთავრობამ სახელმწიფო სტრუქტურებში გაზეთების გამოწერა აუკრძალა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო...

რ. ს: რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გააჩნია დიდი ინსტრუმენტი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაში საკმაოდ ჯიუტიც არის ხოლმე. უამრავი მაგალითი ვიცით, როდესაც ხელისუფლებამ თავისი მაინც გაიტანა, მაგრამ ისეთი ფაქტებიც არსებობს, როცა პროტესტმა შედეგი გამოიღო, გავიხსენოთ ფოტოგრაფების საქმე. ასე რომ, ჩემი აზრით, თუკი საგაზეთო ჯიხურებისთვის პოლიტიკური ბრძოლა მიიღებს უფრო მასშტაბურ ხასიათს, ექნება შესაბამისი საერთაშორისო ჟღერადობა, რამაც ფოტოგრაფების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ვფიქრობ, გაზეთები ამ ბრძოლაში გაიმარჯვებენ. თუ პასიურად იქნებიან გაზეთები, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვა.

"რ": როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ახალ ინიციატივას, რომელიც იურიდიულ პირს პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას უკრძალავს?

რ. ს: ყველა ამ ტიპის გადაწყვეტილება ცხადია, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას უკავშირდება. უკაშირდება ასევე იმ შიშს, რომ პოლიტიკური პროცესის ძლიერი დონორი უკვე სახიფათო კონკურენციას შეუქმნის ხელისუფდებას. იქამდე ვიდრე ხელისუფლებას ასეთი კონკურენტი არ ეგულებოდა, ეს საკითხი არ დაუყენებია. დღეს კი, ცხადია, რომ ის არჩევნებისთვის ემზადება.

ივანიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლება უკვე მოქმედებს. ავიღოთ "ქართული ბანკის" შემთხვევა, ხელისუფლება ამ შემთხვევაში არა ფაქტით და ე.წ. გათეთრებით იყო დაინტერესებული, არამედ იმით, რომ საკუთარი ძალის დემონსტრირება მოეხდინა. ასევე მოხდა ყრილობისთვის სპორტის სასახლის გამოყოფის შემთხვევაში. ხელისუფლებას სურს, აგრძნობინოს, ერთი მხრივ, ივანიშვილს და მეორე მხრივ საზოგადოებას, რომ მას შეუძლია ზეწოლა და მის წინააღმდეგ მებრძოლი ივანიშვილი არ არის ყოვლისშემძლე. აქაც ქმედება საარჩევნო მოტივით იკითხება. მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი ინსტრუმენტი აქვს ნებისმიერი ადამიანზე ზეწოლისა, ვიდრე თუნდაც მილიარდელს, ჩვეულებრივ მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონესაც.

"რ": ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა. როგორ ფიქრობთ, მაშინ, როდესაც ივანიშვილის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლაა გაჩაღებული, მისცემს მას პრეზიდენტი მოქალაქეობას?

რ. ს: მეეჭვება, რომ სააკაშვილმა ივანიშვილს მოქალაქეობა მისცეს, თუ არ იქნება შესაბამისი ბრძოლა და საერთაშორისო საზოგადოების აზრი. თუ საერთაშორისო აზრი ხელისუფლების პოლიტიკური ბრძოლის მიმართ იქნება კრიტიკული, ანუ თუ მას ეტყვიან, რომ მეტოქესთან ასე კი არ უნდა იბრძოლო, არამედ მასთან უნდა გქონდეს დიალოგი და პაექრობა, რომ ეს ქმედება არ არის მისაღები, მაშინ შეიძლება მას მოქალაქეობა მისცენ. ის, რომ ბრძოლა არასამართლიანია, ელჩებმა ერთხელ უკვე აღნიშნეს, მაგრამ თუ ამ ყველაფერს ხელისუფლება ანგარიშს არ გაუწევს, რა თქმა უნდა, ივანიშვილს მოქალაქეობას არ მისცემენ.

"რ": და მოქალაქეობის მიუნიჭებლობა პოლიტიკურ ბრძოლაში, რასაც არჩევნები ჰქვია, რაიმე გადამწყვეტ როლს შეასრულებს?

რ.ს: ივანიშვილი პრქტიკულად უკვე თანამშრომლობს ორ პოლიტიკურ ძალასთან. თუ ხალხს ეცოდინება, რომ ალასანიასა და რესპუბლიკელების უკან დგას ივანიშვილი, თანაც თუ გავითვალისწინებთ ივანიშვილს იმ იდეას, რომ თავისი შვილი ჩართოს საარჩევნო პროცესებში, შეიძლება გვარმა თავისი ფსიქოლოგიური ეფექტი მაინც იქონიოს. ამ პირობებში კი ხელისუფლებამ თუ ვერ მოაგროვა მანდატების ის რაოდენობა, რომლითაც მერე ის შეძლებს აირჩიოს პრემიერი, მაშინ ხელისუფლებისთვის ამ ბრძოლას აზრი არ აქვს და ის წაგებულად ჩაითვლება. იმიტომ, რომ თუ პრემიერის არჩევა მარტო ერთი პარტიის გადასაწყვეტი არ იქნება, მაშინ სხვა პარტიებთან შეთანხმება პრაქტიკულდ წარმოუდგენელი გახდება.

ასეთ შემთხვევაში მთელი აღმასრულებელი ვერტიკალი დაირღვევა. თუ აღმასრულებელი ვერტიკალი დაირღვა, მაშინ მთლიანად დაირღვევა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის მოდელიც. ასე რომ, თუ ნაცმოძრაობამ მნიშვნელოვანი უპირატესობა არ მოიპოვა და თუ მოიპოვა ის ხმები, რაც საპრეზიდენტო არჩევნებისას მოიპოვა სააკაშვილმა - 52%, მაშინ ეს უკვე წაგებაა. ასეთი დიდი სხვაობით ივანიშვილის ან ივანიშვილის სახელით მოქმედი პარტიის დამარცხება ნაციონალებს ძალიან გაუჭირდებათ. ლევან გაჩეჩილაძესთან ბრძოლაში ხმების მოგროვება ძალიან გაუჭირდათ, რადგან ლევანის უკან არ იდგა ის რეიტინგი, რაც ახლა ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილის უკან დგას.

"რ": და თუ ნაციონალურმა მოძრაობამ ეს საფრთხე იგრძნო, უფრო ძლიერად ხომ არ აამოქმედებს ის სახელისუფლებო ბერკეტებს?

რ.ს: იგივე ბერკეტები ჰქონდა ამოქმედებული ნაცმოძრაობას საპრეზიდენტო არჩევნებზე და იმ ბერკეტებითაც 52%-ზე მეტი ვერ აიღო. ასე რომ, რომც აამოქმედოს და რომც მიიღოს, იმდენს მაინც ვერ მიიღებს, რამდენიც მას სჭირდება აღმასრულებელი სტრუქტურის დაკომპლექტებისთვის. 

"რ": ბოლოს, "ვარდების რევოლუციიდან" 8 წელი გავიდა, როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მხრიდან ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს?

რ. ს: დავიწყოთ დადებითი ნაბიჯებით - ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაძლიერდა კანონმორჩილება და ეს გამოიხატა რამოდენიმე მიმართულებით, კერძოდ, ბიუჯეტში უფრო მეტი ფული შედის, ვიდრე მანამდე შედიოდა, რაც უდავოდ ვარდებიანი ხელისუფლების დამსახურებაა. მანამდე იყო ადამიანის გატაცებები, იპარავდნენ მანქანებს, ქურდავდნენ სახლებს, ანუ კრიმინოგენული სიტუაცია იყო ძალიან მძიმე. ამ მხრივაც მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე და გზების მშენებლობაც ინტენსიურად მიმდინარეოს.

რაც შეეხება შეცდომებს, პირველი და მნიშვნელოვანია 2008 წლის ომი. მეორე პრობლემაა ის არის, რომ ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა ისეთი, რამაც დისტანცია გააჩინა საქართველოსა და დასავლეთს შორის. მართალია, ურთიერთობა არ გაფუჭებულა, მაგრამ დაახლოებაც არ მომხდარა და პროცესი მდორედ მიმდინარეობს, ვგულისხმობ ნატოს და ევროპულ სტრუქტურებს.

მესამე პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებამ ძალიან და ზედმეტად ფართოდ შემოუშვა რუსული ბიზნესი საქართველოში და როდის და სად ამუშავდება ეს ბიზნეს-ნაღმი, ამის თქმა ძალიან ძნელია. მაგრამ ფაქტია, რომ თუ ვინმეა შემოსული თავის ბიძნეს-სტრუქტურებით, წამყვანი ადგილი რუსეთს უკავია.

ეს გლობალური ხასიათის შეცდომებია, შედარებით ლოკალური ხასიათისა კი უამრავია, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და მეხსიერებაც არ გვეყოფა.