Forbes-ის აფრიკული მილიარდები

Forbes-ის აფრიკული მილიარდები


 მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა საქმიანმა გამოცემა Forbes-მა, რომელიც თავისი რეიტინგებითაა განსაკუთრებით განთქმული, აფრიკის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგი გამოაქვეყნა. მასში შავი კონტინენტის წარმომადგენელი 40 ბიზნესმენი შევიდა, რაც უდავოდ მსოფლიო ბიზნესისათვის აფრიკის მნიშვნელობის ზრდაზე მეტყველებს. რეგიონის 40 უმდიდრესი ადამინის მთლიანი კაპიტალი 65 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 რეიტინგს სათავეში მოექცა ნიგერიელი ალიკო დანგოტე – კომპანია Dangote Group-ის მეპატრონე, რომელიც აწარმოებს ცემენტს, კვების პროდუქტებს და აგრეთვე ტვირთგადაზიდვებს ანხორციელებს. ეს კომპანია ნიგერიაში შაქრის მთავარი მწარმოებელია, ხოლო უალკოჰოლო სასმელების, ლუდის და საკონდიტრო სფეროს სრულიად აფრიკული ლიდერი გახლავთ. დანგოტეს კაპიტალი Forbes-ის შეფასებით 10,1 მილიარდი დოლარი გახლავთ.

საინტერესოა, რომ ეს თითქმის 7,5–ჯერ ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, მექსიკელი სატელეკომუნიკაციო მაგნატის კარლოს სლიმ ელუს 74 მილიარდიანი ქონება. თუ უმდიდრესი აფრიკელის კაპიტალს უმდიდრესი აზიელის, ინდოელი ლაკშმი მიტალისას შევადარებთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ დანგოტე სამჯერ უფრო “ღარიბია”, ვიდრე ArcelorMittal-ის მეპატრონე “ფოლადის მაჰარაჯა”. იგი 31,1 მილიარდის პატრონი გახლავთ. ნიგერიელზე ასევე თითქმის სამჯერ მეტი, 31 მილიარდიანი ქონება აქვს უმდიდრეს ევროპელს, ესპანელ ამანსიო ორტეგას, რომლის კომპანია Inditex პროდუქციას Zara-ს, Massimo Dutti-ის და Stradivarius-ის განთქმული ბრენდებით უშვებს.

 Forbes-ის აფრიკულ რეიტინგში მეორე გახლავთ ალმასის მაგნატი სამხრეთ აფრიკიდან ნიკი ოპენჰაიმერი, რომლის კაპიტალი 6,5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. იგი გახლავთ კომპანია DeBeers-ის თავკაცი, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტი მისმა ბაბუამ ერნესტმა ჯერ კიდევ შორეულ 1929 წელს შეიძინა. 
 DeBeers-ის აქციების 45 პროცენტი კორპორაცია Anglo American-ის საკუთრება გახლავთ. თუმცა, ეს ჯერჯერობით, რადგან სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ აფრიკელმა მაგნატმა გადაწყვიტა მის ხელთ არსებული ბიზნესის წილიც Anglo American-ს მიყიდოს. ასე რომ, ოპენჰაიმერების ოჯახის ალმასის ბიზნესის 80 წლიანი ისტორია დასასრულს უახლოვდება. 

 შავ მილიარდერთა რეიტინგში მესამე გახლავთ ეგვიპტელი ნასეფ სავირისი 4,75 მილიარდი დოლარით. ის გახლავთ სამშენებლო კომპანია Orascom-ის მეპატრონე, რომელიც სავირისთა ოჯახური ბიზნესი გახლავთ. გარდა ამისა, ეგვიპტელი მილიარდერი ფლობს ცემენტისმწარმოებელი გიგანტების Lafarge-ს და Texas Industries-ის აქციების დიდ პაკეტებს. 

 დასასრულს ორიოდე სიტყვა დანგოტეს შესახებ: 54 წლის მილიარდერმა Dangote Group-ს საფუძველი 1977 წელს ჩაუყარა. მაშინ იგი საკმაოდ პატარა ფირმა იყო, მაგრამ ძალიან სწრაფი ტემპით გაიზარდა. როგორც ამბობენ, ამაში დანგოტეს ხელი არა მარტო მისმა სიბრძნემ და მონდომებამ, არამედ მთავრობასთან კავშირებამ შეუწყო. სხვაგვარად ხომ ნიგერიის ტიპის ქვეყნებში წარმოუდგენელიცაა. თანაც, როგორც ამგვარ შემთხვევებში ხდება ხოლმე, დანგოტეს პიროვნების შესახემ ძალიან ცოტაა ცნობილი. 

მოკლედ, Dangote Group “ზემოდან” მხარდაჭერით გაიფურჩქნა და მისმა მეპატრონემაც დიდძალი კაპიტალი მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის დანგოტე პრეზიდენტ ოლუსეგუნა ობასანჯოს რეჟიმის აქტიური მომხრეა. მილიარდერს ბევრი დიქტატორის პირად მეცენატსაც უწოდებს, მას ოფიციალურად 200 მილიონ დოლარამდე აქვს შეწირული პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის, საპრეზიდენტო რეზიდენციისა და ბიბლიოთეკის რეკონსტრუქციისათვის, საპრეზიდენტო თვითმფრინავის შესაძენად და ა.შ. თუმცა, ცხადია, არაოფიციალური შეწირულობები კიდევ მეტი იქნება, ისევე, როგორც, სავარაუდოდ, დანგოტე მეტ კაპიტალს ფლობს, ვიდრე ეს ოფიციალურადაა ცნობილი.