განხეთქილება ევროს გადასარჩენად ბრძოლაში

განხეთქილება ევროს გადასარჩენად ბრძოლაში


ევროს შენარჩუნებისათვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი და გერმანიის კანცლერი მერკელი იმ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის იდეითაც კი გამოდიან, რომლებიც ევროკავშირის საფუძველი გახლავთ, ოღონდაც ამით ევროს ხსნა მოხერხდეს. თუმცა, ჯერ არავინ იცის, მოიპოვებს თუ არა მხარდაჭერას მათი ინიციატივა ევროკავშირის სხვა წევრებში.
 
გერმანიის და საფრანგეთის პირველ პირებს სურთ ევროკავშირის ფუნდამენტში ისეთი ცვლილებები მოხდეს, რომ ევროს ზონის მართვა გაიოლდეს, ზონისადმი ნდობა გაიზარდოს და დიდი ინტეგრაცია გამოიწვიოს. ჯერჯერობით უცნობია, რა კონკრეტული ცვლილებების განხორციელებას გეგმავენ ისინი, მაგრამ ის ცნობილი გახდა, რომ ისინი არ ეთანხმებიან ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გაჟღერებულ იდეას, რომელიც არა ცალკეული ქვეყნისათვის, არამედ მთელი ევროს ზონისათვის საერთო სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვებას ითვალისწინებს. 
 
ეს იდეა ევროკომისიის თავკაცს ჟოზე მანუელ ბაროზუს ეკუთვნის და იგი სარკოზის და მერკელს იმიტომ არ მოსწონს, რომ მათი აზრით, ამგვარი ობლიგაციების შექმნა ცალკეულ ქვეყნებზე ზეწოლას შეასუსტებს და ისინი თავიანთი დავალიანებების შემცირებაზე იმდენად აღარ იზრუნებენ. არადა, ამგვარი სიახლე სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს ვალების რეფინანსირების, დროის მოგების და ბიუჯეტის მეტ-ნაკლებად წესრიგში მოყვანის საშუალებას მისცემდა. 
 
ბაროზუს განცხადებით, ამგვარი ერთობ გადამჭრელი ზომების გარეშე ევროს გადარჩენა “ძალიან რთული, ან პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება”. თანაც, ევროკომისრის ეგზომ საინტერესო განცხადება პოლიტიკური დატვირთვის მატარებელიცაა. საქმე იმაშია, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნები ძალიან დიდ ხანს იყვნენ ჩრდილში და აი, ბრიუსელიდან ერთობ ხმამაღალი და საინტერესო განცხადება გაკეთდა.
 
გარდა ამისა, ბაროზუს განცხადებაში კიდევ არაერთი საინტერესო იდეაა ჩადებული. მაგალითად, ფინანსური წესების დარღვევის შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყანაში უნდა გაიგზავნოს სპეციალური ინსპექტორები ბრიუსელიდან იმის მიუხედავად, ამის სურვილი ექნება თუ არა სახელმწიფოს ხელისუფლებას. 
 
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ევროკომისრის ინიციატივა კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. განსაკუთრებით გერმანიის კანცლერი აქტიურობდა, რომელიც თვლის, რომ ევროკავშირი მისი სუსტი წევრების მიმართ მკაცრი სანქციების გატარებით უნდა შემოიფარგლოს. კაცმა რომ თქვას, მერკელის და სარკოზის პოზიცია გასაგებია. ერთიანი ობლიგაციის გამოშვება ხომ იმას ნიშნავს, რომ გერმანია და საფრანგეთი საბერძნეთის და იტალიის ვალებზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს. 
 
თანაც, გაურკვეველია, ვინ უნდა გამოუშვას ერთიანი ევროპის ფასიანი ქაღალდები. თუ ეს ცალკეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, მაშინ არაფერი იცვლება და თუ ობლიგაციები რომელიმე ევროპულმა ინსტიტუტმა უნდა გამოუშვას, მაშინ ძლიერი ქვეყნები, რომლებიც ევროს ზონის ხერხემლად ითვლებიან, სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავენ. 
 
კრიზისი კი ყოველგვარი ევრობონდების გარეშეც უახლოვდება ძლიერ ევროპულ ქვეყნებს. მაგალითად, 23 ნოემბერს მოხდა ისტორიული მოვლენა – ჩავარდა გერმანიის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონი და შემოთავაზებული 6 მილიარდი ევროს ღირებულების ობლიგაციებიდან ინვესტორებმა მხოლოდ 3,8 მილიარდი აირჩიეს. 
 
აქ საქმე იმდენად გერმანიაში არ არის, მისი ფინანსური სტაბილურობა საფრანგეთისაგან განსხვავებით ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ინვესტორებს უბრალოდ არ სჯერათ ევროში ნომინირებული არანაირი ვალდებულების, იმდენად არასახარბიელო მდგომარეობაშია ჩავარდნილი საერთო
ევროპული ვალუტა. 
 
ობლიგაციების შეძენაზე უარის თქმა ნათლად მეტყველებს, რომ ევროს ზონაში არსებული სიტუაცია ბაზარზე სულ უფრო მკვეთრად აისახება. ამ ფონზე ევროკომისრის განცხადება კი, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, უფრო პანიკის მაჩვენებელია, ვიდრე საღი აზრის არსებობის. ასევე, კაცმა არ იცის, რა ცვლილებების ინიციატივით გამოვლენ სარკოზი და მერკელი, ნაკლებად თუ ვინმეს სჯერა, რომ მათი განცხადება უფრო მისაღები იქნება, ვიდრე ბაროზუსი. ასეა თუ ისე, კრიზისი სულ უფრო მწვავდება და გვირაბის ბოლოს შუქი არა და არ ჩანს.