“ჯეოსელის კლასები” და სეზონურად მომუშავე რუსთავის ორი ბიბლიოთეკა

“ჯეოსელის კლასები” და სეზონურად მომუშავე რუსთავის ორი ბიბლიოთეკა

პრეზიდენტი დიდი ხალისით ხსნის ე.წ “ჯეოსელის” კლასებს. მათი რიცხვი მცირეა, თუმცა ასეთი კლასები და მათი ვირტუალური ლაბორატორიები საზოგადოების ერთ ნაწილზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

 

რუსთაველ მოსწავლეები კი ასეთ კლასებზე არ ოცნებობენ, მათი ოცნება ჯერ–ჯერობით გათბობას ვერ გასცდა - საბავშო ბიბლიოთეკებში ზამთრის ქურთუკებით, ნაქსოვი ხელთათმანებით და ქუდებით უწევთ ჯდომა.

 

რუსთავში მოქმედი ოთხი ბიბლიოთეკიდან ორი ქალაქის ცენტრშია. მათი ფასადი და შიდა ინტერიერიც განახლებულია. ერთ-ერთ მათგანს პრეზიდენტიც სტუმრობდა, შესაბამისად აღნიშნულ ბიბლიოთეკას თვალშისაცემი პრობლემი არ აქვს.

 

დანარჩენი ორი ბიბლიოთეკა კი, რომლებიც ქალაქის ცენტრში არ მდებარეობენ, კაპიტალურ რემონტს, გათბობის საკითხის მოგვარებას და საბჭოთა კავშირის დროს შეძენილი ინვენტარის განახლებას საჭიროებს.

 

რუსთავის ბარათაშვილის სახელობის ბიბლიოთეკის წიგნსაცავებში წიგნებს გაყვითლებული, დანესტიანებული ჭერი და ძველი დაჟანგებული მილები დაჰყურებს. გამგე ზუსტად ვერ გვეუბნება, მილები კანალიზაციისა, თუ წყლის. ამბობს, რომ საცავის და სამკითხველო დარბაზის ჭერი “ცუდი” მეზობლების წყალობით დაზიანდა.

 

სამკითხველო დარბაზში ცივა. ორი ელექტროგამათბობელი, რომელიც ბიბლიოთეკარის მაგადასთან დგას, დარბაზს ვერ ათბობს. ჩვენი იქ ყოფნის დროს მკითხველი არ გამოჩენილა, თუმცა თანამშრომლებმა აგვიხსნეს, რომ მათ მეზობლად რუსთავის მე-13 და მე-20 სკოლაა და ბავშვები ხშირად შემოდიან. მათი რაოდენობა, როგორც წესი, აცივების შემდეგ მცირდება.

 

ამ ბიბლიოთეკისგან განსხვავებით, მკითხველები დაგვხვდნენ რუთავის 1–ლ საქალაქო-საბავშო ბიბლიოთეკაში. სკოლის ასაკის ორი მკითხველი ქართულ მწერლობას  ეცნობოდა. “მე გავიყინე უკვე! მოკლე შინაარსი ამოვიწეროთ-მეთქი, რას მიუყევი სიტყვა-სიტყვით წერას?!” – ბავშვები ჩურჩულით კამათობდნენ.

 

„ბიბლიოთეკების გაერთიანების მადლობლები ვართ. გვერდში გვიდგანან და რაც შეუძლიათ აკეთებენ. წელს ელექტროგამათბობლები შეგვიძინეს და  საცავში განათება გაგვიყვანეს. ასევე, მუდმივად გვაქვს თანხა ახალი წიგნების შესაძენად. ეს ჩვენ მკითხველებს ძალიან აინტერესებთ. რაც შეეხება დარბაზში სიცივეს... გეთანხმებით, მაგრამ რა ვქნათ – მაღალჭერიანი შენობაა და ვერ ვათბობთ” – გვიხსნის რუსთავის, რუსთაველის ¹1 საქალაქო-საბავშო ბიბლიოთეკის გამგე, ქეთევან მამულაშვილი.

 

რუსთავის ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელმძღვანელი, ლალი თაბაგარი პრობლემების არსებობას არ უარყოფს.

“ნამდვილად არ შეიძლება ორი ბიბლიოთეკა სრულად გარემონტებული და მოწესრიგებული გქონდეს და ორი – არა. თუმცა, თქვენც ხომ გესმით, ყველაფერს ერთდროულად ვერ მოვასწრებთ.

 

რაც შეეხება ბარათაშვილის სახელობის ბიბლიოთეკას, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, მოხდეს შენობის შეცვლა. მე, ზუსტად, ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზე საუბარი მიდის.

 

ბიბლიოთეკებში შეგვყავს ინტერნეტი. ყველა სამკითხველო დარბაზში უკაბელო ინტერნეტი გვექნება და მკითხველებს შეეძლებათ მისით სარგებლობა. ასევე, ვაკეთებთ წიგნების ელექტრინულ კატალოგს, რაც შრომატევადია, თუმცა მომავალში მუშაობას ბევრად გაამარტივებს.

 

სამწუხაროდ, გაზით გათბობის საკითხს წელს ვერ მოვაგვარებთ, თუმცა ბიბლიოთეკებისთვის შევიძინეთ ელექტროგამათბობლები“ – საუბრობს რუსთავს “საბიბლიოთეკო გაერთიანების” ხელმძღვანელი, ლალი თაბაგარი.

 

თაბაგარის ნახვა რუსთავის ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში შეიძლება. ეს ზემოთხსენებული ორი გარემონტებული ბიბლიოთეკიდან ერთ-ერთია. რუსთავში ჩამოსული ოფიციალური პირების მიღება და შეხვედრები აღნიშნული ბიბლიოთეკის დარბაზშიც ხშირად ხდება.

 

Presage.tv დაინტერესდა, 2012 წელს რას უმზადებს გასარემონტებელ და გათბობის გარეშე დარჩენილ ბიბლიოთეკებს რუსთავის ბიუჯეტი.

 

კომენტარისთვის რუსთვის მერიის პრესამსახურს მივმართეთ. სალამზე, რა გნებავსო – გვკითხა, სამსახურის ხელმძღვანელმა, მარიკა ფიროსმანაშვილმა.

 

ეტყობა, ფიროსმანაშვილი ვერ გვპატიობს, რამდენიმე დღის წინ დაწერილ სტატიას სათაურით  “რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელმა პრეზიდენტი ტყუილში ამხილა”.  

 

მოკლედ, გაბრაზების ნიადაგზე იყო, თუ – რისი, არ ვიცით, მაგრამ ბიბლიოთეკების გაზიფიცირებასთან დაკავშირებით ქალბატონმა მარიკამ, საკითხის მასზე კომპეტენტურ სამსახურებთან გადამოწმება არ ისურვა და კომენტარი თავად გაგვიკეთა:

 

“გაზიფიცირება ბიბლიოთეკებში დასრულებულია. შეგიძლიათ მიბრძანდეთ და თვითონ ნახოთ”.

 

პრესაგე.ტვ რუსთავის ბიბლიოთეკებს სტუმრობდა და ბიბლიოთეკარების მაგიდებთან მოდარაჯე ელექტროგამათბობლებიც ადვილად შენიშნა.