შემზარავი ისტორიის შემაძრწუნებელი გაგრძელება-ასე შეიძლება შევაფასოთ ზუგდიდის N4 საპყრობილის პატიმრის, მურმან კალანდიას გარდაცვალების ფაქტი, რომელიც სასჯელაღსულებით დაწესებულებებში ტრადიციად ქცეული მომაკვდავი პატიმრის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მორიგი შემთხვევაა. თუმცა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას დღესაც იგივე „წარმატებით“ გაიმეორებდა, „სიკვდილიანობა პენიტენციალურ სისტემაში რაღა თქმა უნდა იქნება ისევე, როგორც გარეთ. ადამიანები იღუპებიან სამწუხაროდ ყოველდღიურად. ეს არის სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. უხშირეს შემთხვევაში ეს არის ასაკიდან გამომდინარე.“
42 წლის ვაჟის დაღუპვას ჟუჟუნა კალანდია ასაკს ვერანაირად უკავშირებს, მითუმეტეს, გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე მან საკუთარი შვილი პაემანზე სრულიად ჯანმრთელი იხილა. 31 ოქტომბერს კი ოჯახის წევრებმა სასტიკად ნაწამები ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროდან ჩამოასვენეს. ისინი დარწმუნებით აცხადებენ, რომ პატიმარი მოკლულია.
„ჩემს ძმას წამების კვალი ეტყობა. მას სისხლჩაქცევები და მოტეხილობები მთელ სხეულზე აღენიშნება. ზურგის არეში სიგარეტის ნამწვავის კვალია. მოტეხილი აქვს ხელის თითები. არაადამიანურად არის ნაწამებია ჩემი ძმა და ციხის ადმინისტრაციას განმარტებების გაკეთებაც არ უნდა.ძმის სამოსსაც ვერსად მივაკვლიეთ. ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროდან სრულიად შიშველი ადამიანი გამომაყოლეს. იქ ერთმა გამომძიებელმა მითხრა, რომ ტანსაცმელზე სისხლის კვალი იყო და ექსპერტიზიას გადავეციო. უცხო ადამიანებისგან ისიც შევიტყვეთ, რომ ჩემი ძმა ორი დღის განმავლობაში კარცერში ჰყავდათ. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს“-აცხადებდა მედეა კალანდია.
მურმან კალანდიას ოჯახის წევრებმა გარდაცვალების მიზეზისა და ადგილის დადგენის მოთხოვნით ზუგდიდის N4 საპყრობილის ადმინისტრაციას იმავე დღეს მიაკითხეს, თუმცა ჭირისუფალმა დაწესებულების ტერიტორია ისე დატოვა, რომ ახსნა-განმარტებები არც ერთ ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია.
8 ნოემბერს, დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე, კალანდიას ცხედარი ნათესავებმა პროტესტის ნიშნად ზუგდიდის N4 საპყრობილესთან მიიტანეს. მათი მთავარი მოთხოვნა ციხის ხელმძღვანელის, ამირან ჯანაშიასა და ექიმების დასჯა იყო.
კალანდიას ოჯახის წევრებმა გარდაცვალების მიზეზების დადგენისა და ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების დასჯის მოთხოვნით საოლქო პროკურატურას 21 ნოემბერსაც მიმართეს. „მას შემდეგ, რაც საოლქო პროკურორმა როლანდ ახალაიამ ჩვენთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, შენობის გისოსებთან დაცვის თანამშრომელი მოგვიახლოვდა და გვითხრა, გარდაცვალების ფაქტი ჩვენი რეგიონის ტერიტორიაზე არ მომხდარა, ჩვენი ქვემდებარე არ არის და იმერეთის სამართალდამცველებს მიმართეთო. ამ დრომდე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი ჩვენთვის უცნობია. რეაგირებაზე პასუხი არც სახალხო დამცველის აპარატისგან მიგვიღია, რომელსაც დახმარებისთვის მივმართეთ.“-აღნიშნა მედეა კალანდიამ.
კალანდიას საქმესთან დაკავშირებით სასჯელარსრულების დეპარტამენტებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები ტუღუშის უწყებას დაზარალებული ოჯახისათვის პირობის მიუხედავად ჯერჯერობით არ უცნობებია, მაგრამ სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე 25 ნოემბერს სკანდალური ინფორმაცია დაიდო. ამ განცხადების მიხედვით გიორგი ტუღუში საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას მიმართავს, სადაც მსჯავრდებულ კალანდიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიების დაწყებასა და ზუგდიდის N4 და ქუთაისის N2 დაწესებულებების თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას ითხოვს.
„2011 წლის 16 ნოემბერს
სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის N19 სამკურნალო დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს შ. კ.-ს
და გ. ო.-ს,
რომელთა ეტაპირებაც მოხდა მ.კალანდიასთან ერთად
ზუგდიდის N4 დაწესებულებიდან.
მსჯავრდებულ შ.კ.-ს
განმარტებით, იგი ორი დღის
განმავლობაში იმყოფებოდა ზუგდიდის N4 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში მურმან კალანდიასთან ერთად, რის შემდეგაც ისინი
გადაიყვანეს ქუთაისის N2 დაწესებულებაში. მისი თქმით, ეტაპირებისას
მსჯავრდებული მ.კალანდია შეუძლოდ
გრძნობდა თავს, მიკროავტობუსით მგზავრობისას
იგი ჩამოვარდა სავარძლიდან, დაარტყა ცხვირი და წამოუვიდა სისხლი.
შ.კ.–ს თქმით,
ქუთაისის N2 დაწესებულებაში შეყვანის შემდგომ იგი მ.კალანდიასთან
ერთად მოათავსეს F-107 საკანში, ე.წ. ბოქსში
(,,ბოქსი“ წარმოადგენს დაახლოებით 2–3 მ2 ფართის მქონე საკანს, სადაც არ არის არც
მაგიდა, არც სკამი და
არც საწოლი).
შ.კ.–ს განმარტებით, მ.კალანდია იყო ძალიან ცუდად, თუმცა დაწესებულების ექიმმა მას მისცა მხოლოდ ვალიდოლი. მსჯავრდებულის თქმით, მან კვლავ მიმართა ექიმს და უთხრა, რომ მსჯავრდებული იყო უგონოდ და ესაჭიროებოდა დახმარება, რაზეც ექიმმა შ.კ.–ს მისცა ,,რჩევა“, „გაულაწუნე და გამოფხიზლდებაო“. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მ.კალანდია ამის შემდეგ ცოტა ხანში გარდაიცვალა. მსჯავრდებული გ. ო.–ც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მ.კალანდია იყო ძალიან ცუდად, რის გამოც მიკროავტობუსით მგზავრობისას ჩამოვარდა და დაეცა სახით. პენიტენციურ სისტემაში არსებული სამედიცინო მომსახურების ნაკლოვანებებზე საქართველოს სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშშია საუბარი. ზემოთ აღწერილი ფაქტები ცხადყოფს ავადმყოფი პატიმრისადმი დანაშაულებრივ გულგრილობას ზუგდიდის N4 და ქუთაისის N2 დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის და ზოგადად, ადმინისტრაციის მხრიდან.
უმძიმესი ავადმყოფი, ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურეს გაუარესებამდე, ზუგდიდის N4 დაწესებულების პირობებში იმყოფებოდა, რომელიც ჯანმრთელი პატიმრების განთავსებისთვისაც კი არ არის ადაპტირებული. ტრანსპორტირებისას საჭიროდ არ იქნა მიჩნეული მძიმე ავადმყოფის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში. ამის მაგივრად მ.კალანდია საბადრაგო ავტობუსით იქნა გადაყვანილი N2 დაწესებულებაში, სადაც ასევე არ იქნა ადეკვატურად შეფასებული მსჯავრდებულის მდგომარეობა და იგი განათავსეს არა სამედიცინო ნაწილში, არამედ „ბოქსში“, სადაც ზოგადად არაადამიანური პირობებია, მით უმეტეს, მ.კალანდიას მდგომარეობაში მყოფი პირისთვის „ბოქსის“ პირობებში ყოფნა აბსოლუტურად დაუშვებელია. სახალხო დამცველის აზრით, სავარაუდოდ ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია ლეტალური შედეგი.“-ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში.
Presage.tv-მ ნაწამები პატიმრის ცხედარი საკუთარ ბინაში გადმოსვენებიდან რამდენიმე საათში გადაიღო. როგორ ვითარდებოდა კალანდიების ტრაგიკული ისტორია, ნახეთ ვიდეოკადრებში.