პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი იცვლება და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიისთვის უკვე გაგზავნილი აქვს. პროექტის ოფიციალური განხილვა კი მას შემდეგ იგეგმება, რაც დასკვნა გამოქვეყნდება.
მაგრამ ექსპერტები უკვე იმაზე საუბრობენ, რომ დაფინანსების ახალი წესები ორმაგი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და ყველა ოპოზიციურ პარტიას პრობლემას შეუქმნის.
ცვლილებების თანახმად, იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ; მხოლოდ ბანკებს შეეძლებათ პარტიებისთვის სესხის გაცემა 100 ათას ლარიანი ლიმიტის ფარგლებში; ფიზიკური პირების შემოწირულობების ზღვარი გაორმაგდება 60 ათას ლარამდე; პარტიების საწევრო შენატანები წელიწადში 1 200 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პარტიების წლიური ჯამური დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 0.2%-ს, ბიუჯეტიდან დაფინანსების ჩათვლით. ანუ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების მიხედვით, თითოეული პარტიის დაფინანსება 2012 წელს 53 მლნ ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ნამატი კი სახელწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს. ყველა ფინანსური ტრანსაქცია უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა განხორციელდეს; პარტიებს და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ ფულის, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა; პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს კონტროლის პალატა გაწევს, ცესკოს ნაცვლად.
აღნიშნული ცვლილებები შედის "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში და ამ ეტაპზე არ ეხება "საარჩევნო კოდექსის" იმ დებულებებს, რომელიც პარტიათა საარჩევნო ფონდების დაფინანსების წესებს ცალკე არეგულირებს, რომელიც ვენეციის კომისიისთვის ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს არის გაგზავნილი.
"საარჩევნო კოდექსის" პროექტში კვლავინდებურად არის გათვალისწინებული იურიდიული პირების უფლება არაუმეტეს 200 ათასი ლარი შეიტანონ პარტიათა კამპანიის ფონდებში - ეს დებულება მმართველ პარტიასა და რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის ზაფხულში მიღწეული შეთანხმების ნაწილია.
როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი პავლე კუბლაშვილი აცხადებს, ამ პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის პროექტის დასკვნასთან ერთად გამოქვეყნდება და პარლამენტში ინიცირება მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება. "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით კი დასკვნა, როგორც თბილისში ყოფნისას ვენეციის კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა განაცხადა, 16-17 დეკემბერს გამოქვეყნდება.
ამიტომაც არსებობს მოლოდინი, რომ "საარჩევნო კოდექსის" პროექტი მოერგება ამ ცვლილებებსაც, რადგან ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქცენტი სწორედ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე კეთდება.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის შეცვლის იდეა ხელისუფლების მხრიდან დაახლოებით ერთი თვის წინ გაჟღერდა, როდესაც იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას თქვა ამის შესახებ.
ეს იდეა კი მაშინვე სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - საია-მ, "სამართლიანმა არჩევნებმა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკეს. უნდა ითქვას, რომ ასეთივე პოზიცია აქვს კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც საარჩევნო საკითხებზე მუშაობენ.
მათი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ეს იდეა ეწინააღმდეგება ოპოზიციის ნაწილთან გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც უკვე ვენეციის კომისიისთვის არის გაგზავნილი.
ამის შემდეგ კი ერთ-ერთ საარჩევნო შეხვედრაზე ხელისუფლებამ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს პირობა მისცა, რომ იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება არ აეკრძალებოდათ.
მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ამ იდეაზე უარის თქმას არ აპირებს და სათანადო კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორისაგან მალულად მომზადდა, უკვე ვენეციის კომისიისთვის არის გაგზავნილი.
სწორედ ამიტომ შეთანხმების მონაწილე ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილიც ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების ჩუმად მიღებას, პოლიტიკური პროცესისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს.
"მთავარი არის ის, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოიქცა არასწორად, რადგან ჯერ შეთანხმებაზე გააკეთეს ისეთი დამატებები ისე, რომ ჩვენთან ნახსენებიც კი არ ყოფილა, ახლა კი გადააგზანეს რაღაც ახალი პროექტი ისე, რომ არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა გავლილი.
"პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ ნებისმიერ საკითხს ვუდგებით არა პერსონალურად, არამედ ისტიტუციონალურად. ძალიან ბევრი თემა, რაც მე მსმენია, ეხება იმას, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წლიდან ვითხოვდით, მაგრამ არის ძალიან ბევრი ისეთი თემაც, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს," - ამბობს სარედაქციო ჯგუფის წევრი, "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე.
"ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე კი აცხადებს, რომ "ადრე თუ გვიან ხელისუფლებას მაინც მოუწევს ეს საკითხები ოპოზიციასთან შეათანხმოს, რადგან შეთანხმების გარეშე ეს პროცესი მათთვისვე არ იქნება შედეგის მომტანი".
ხელისუფლება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების შემუშავების მოტივად ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ქვეკომიტეტის პკუსწ-ს, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ასახელებს.
მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ რეკომენდაციებში მსგავსი რამ არ არსებობს.
"მე ეს რეკომენდაციები საგანგებოდ გადავამოწმე და მსგავსი რამ არსად არ წერია. იქ არის ერთადერთი წინადადება, რომ "შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს" და ამის შემდეგ არის ჩამონათვალი, თუ რაზე შეიძლება დაწესდეს ეს შეზღუდვები, სადაც ერთ-ერთია იურიდიული პირის შემოწირულობა.
"მაგრამ აქ საუბარია შეზღუდვაზე და არა აკრძალვაზე. შეზღუდვა კი დღესაც მოქმედებს. ამასთან, ეს არის არა რეკომენდაცია, არამედ თეორიული შესაძლებლობა.
თუმცა პირდაპირ წერია რეკომენდაციად, რომ უნდა აიკრძალოს შემოწირულობა ისეთი იურიდიული პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო შესყიდვებში. ასევე ისეთი იურიდიული პირებისთვის, რომელშიც წილი აქვს სახელმწიფოს, რასაც ოპოზიცია სისტემატურად ითხოვდა.
ასევე წერია ის, რომ შეიძლება შეიზღუდოს პარტიის მიერ გაწეული ხარჯი არჩევნების დროს. მაგრამ არც ამას არ ითვალისწინებდნენ და კიდევ ბევრი კარგი რამ წერია, რასაც არ ითვალისწინებენ," - ამბობს ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე.
იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა, მას ქვეყანაში პოლიტიკური მოღვაწეობა, მათ შორის პარტიის შექმნა, რომელიმე პარტიაში გაწევრიანება და პოლიტიკური პროცესების დაფინანსება აეკრძალა. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, მას აქვს უფლება, რომ მის მიერ დაარსებული იურიდიული პირების მეშვეობით დააფინანსოს პარტია.
სწორედ ამიტომ ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკაში მილიარდერი ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას უკავშირდება. სხვათა შორის, ამას ხელისუფლების მხარდამჭერი ექსპერტები თუ არასამთავრო ორგანიზაციებიც უკვე ღიად ამბობენ.
რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის პრესსამსახურის მიერ დაანონსდა "ევროპის სახლში" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა, სადაც სწორედ პარტიების დაფინანსების პრობლემაზე იყო მსჯელობა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ზურაბ ჯაფარიძემ ეს ინიციატივები მისი ორგანიზაციის სახელით წარმოადგინა.
ამასთან, მას არ დაუმალავს, რომ ეს ინიციატივა პოლიტიკურ ასპარეზზე ივანიშვილის გამოჩენით არის განპირობებული.
მისი თქმით, "წინგადადგმული ნაბიჯია, რომ შეიძლება, იურიდიული პირის მიერ პარტიის დაფინასება აიკრძლოს, ასევე დაწესდეს ლიმიტები შემოწირულობებზე, რომელიც შეიძლება პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიიღოს, თუმცა საეჭვოა, ხელისუფლება იურიდიული პირებისგან შემოწირულობის აკრძლვას დასთანხმდეს".
"ვთვლით, რომ პოლიტიკურ არენაზე ახალი მოთამაშის გამოჩენა, რომლის ქონებაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს უტოლდება, ქმნის საფრთხეს, რომ პროცესი არა საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებით წარიმართოს, არამედ ხმების ყიდვით და ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე.
"ვთვლით, რომ გარკვეული საკითხების დარეგულირება ზემოაღნიშნული საკანომდებლო ცვლილებებით შეიძლება, მოხდეს, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა და მონიტორინგი," - განაცხადა ჯაფარიძემ.
ეს შეხვედრა 16 ნოემბერს გაიმართა და მაშინ ეს იდეა ისე წარმოჩინდა, თითქოს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ ამ ცვლილებების გატარებას. იმის შესახებ კი, რომ კანონპროექი უკვე მომზადებულიც იყო და გაგზავნილიც, არავის არაფერი უთქვამს.
მეორე პრობლემა კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ ცვლილებების ამოქმედების შედეგად მიღებული რეალობა იქნება.
მხოლოდ ხელისუფლების ინიციატივით შემუშავებულ პროექტში კი ექსპერტები რამდენიმე საკითხს საგანგაშოდ მიიჩნევენ. პირველ რიგში კი, პარტიების დაფინანსების მექანიზმების შეცვლას.
როგორც ვახტანგ ხმალაძე ამბობს, ეს სისტემა ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და ადვილი შესაძლებელი იქნება, რომ ნებისმიერი პირისთვის მიცემული თანხა პარტიისთვის გაკეთებულ შემოწირულობად ჩაითვალოს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.
როგორც ხმალაძე განმარტავს, თუ ერთი ადამიანი მეორეს მისცემს რაღაც თანხას ისე, რომ ფულის მიმცემს არც ერთ პარტიასთან არანაირი კავშირი არა აქვს; შემდეგ ის ადამიანი, ვისაც ფული მისცეს, წავა და თავისი ფულიდან რომელიღაც პარტიას რაღაცას გადაურიცხავს, გამოვა, რომ ფულის მიმცემმა პარტიის სახელზე ირიბად გააკეთა დაფინანსება, რაც აკრძალულია და პარტიას ამ ფულს ჩამოართმევენ.
ან შეიძლება იყოს ასეთი შემთხვევა, რომ რომელიმე პარტია ძალიან გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარება, თუნდაც ნაცნობობის საფუძველზე, ამ შემთხვევაში უკვე შეუძლიათ თქვან, რომ პარტიამ პოლიტიკური ქრთამი მისცა ამ ადამიანს, რათა შემდეგ არჩევნებზე მისულიყო და ამ პარტიისთვის მიეცა ხმა.
აქ მნიშვნელობა არა აქვს, ეს თანხა გაიცა საარჩევნო პროცესში, თუ სხვა დროს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საარჩევნო პერიოდში თანხის გადაცემა ისედაც დანაშაულად ითვლება. ახლა კი ეს შეზღუდვა ზოგადად გავრცელდება არასაარჩევნო პერიოდზეც.
"ანუ, აქ ხდება მთელი რიგი შესაძლო მოქმედებების კრიმინალიზაცია, ანუ გადაყვანა სისხლის სამართლის დანაშაულის რანგში და ეს არის ძალიან მძიმე საფრთხე. ისეთი ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რამდენ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ პარტიას შესწიროს თანხა? თუკი ასეთი გამოჩნდა, როგორ გგონიათ, ვის შესწირავს? რა თქმა უნდა იმას, ვისიც ეშინია. ჩვეულებრივ ეს ასე ხდება და ამაზე მეტყველებს "ნაცმოძრაობის" საარჩევნო ფონდში შემწირველთა ნუსხა.
"კიდევ არის ერთი მომენტი. თუ გახსოვთ, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკეთა "ნაცმოძრაობისთვის" თანხის შემწირველთა მონიტორინგი და ერთ-ერთ ადამიანს, ვინც შემწირველთა სიაში იყო, მივიდნენ და უთხრეს - თქვენ გაგიკეთებიათ შემოწირულობა 30 ათასი ლარის ოდენობითო და მან საერთოდ არ იცოდა, რაზე იყო ლაპარაკი. შემოწირულობა კი არა, ამდენი თანხა ცხოვრებაში არ მქონიაო," - ამბობს ვახტანგ ხმალაძე და დასძენს, რომ "მოხდება ის, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ ვინც შეიტანს ფულს, ამაზე დახუჭავენ თვალს. უფრო მეტიც, ვიღაცების მონაცემებით გაკეთებენ შემოწირულობებს ისე, რომ მათ ამის თაობაზე არც კი ეცოდინებათ. პირადობის მოწმობების ინფორმაციასაც ამის გამო აგროვებენ, რომ ასეთი რაღაცებისთვის გამოიყენონ. შემდეგ კი ამას არავინ შეამოწმებს. მაგრამ, თუკი ვინმემ პოლიტიკურ პარტიას შესწირა, მიდგებიან და რაიმე შარს მოუძებნიან."
ამას კი ემატება ისიც, რომ პარტიის საფინანსო ანგარიშგებას უკვე კონტროლის პალატა განახორციელებს ცესკოს ნაცვლად. ექსპერტები ამბობენ, რომ თეორიულად თუ შევხედავთ ამ საკითხს, თითქოს ბევრი რამ არ იცვლება, რადგან ვინც არ უნდა იყოს შემმოწმებელი, მან ერთი და იგივე რამ უნდა შეამოწმოს.
თუმცა არის ერთი არცთუ უმნიშვნელო განსხვავება - კონტროლის პალატა არის სახელმწიფო ორგანო, მისი შექმნა მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ხოლო ცესკო-ს მიერ შექმნილი ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი არის შექმნილი არა საჯარო მოხელეებისგან, არამედ აქ არიან ჩვეულებრივი აუდიტორები და ამ შემთხვევაში მცირდება პოლიტიკური მიკერძოებულობის ალბათობა.
"ამ ფუნქციის კონტროლის პალატისთვის მინიჭება კი აძლიერებს იმ ეჭვს, რომ ეს ყველაფერი ერთიანი ჯაჭვია, რათა პოლიტიკურ პარტიებს მეტი პრობლემები შეუქმნან, რადგან ხელისუფლება თვლის, რომ ოპოზიციას ივანიშვილი დააფინანსებს.
თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ფული ისეთი რამაა, რომ მას ჰაერივით ერთიანად ვერ გადაკეტავ და ჭუჭრუტანას მაინც იპოვის," - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.