სექტემბრიდან მოყოლებული უკმაყოფილო მგზავრებმა 12 კონტროლიორი სცემეს

სექტემბრიდან მოყოლებული უკმაყოფილო მგზავრებმა 12 კონტროლიორი სცემეს


მიუხედავდ იმისა, რომ დედაქალაქში მოძრავი ყვითელი ავტობუსების რაოდენობა შემცირდა და შეიკვეცა ხაზებიც, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული "ბოგდანებით" მგზავრობა დღითიდღე არაკომფორტული ხდება, მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებას სულ უფრო მეტი მგზავრი ამჯობენებს. ამის მთავარი მიზეზი კი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირება გახდა. მერიაში ირწმუნებიან, რომ მგზავრთნაკადის მატება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურს არ გააძვირებს.

თბილისის მერიის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთნაკადი 12,8%-ით გაიზარდა. ამასთან, გაიზარდა უბილეთოების რაოდენობაც, 2011 წელს უკვე გამოწერილია 60 ათასი საჯარიმო ქვითარი. ამას გარდა, მოიმატა "უბილეთო მგზავრების მიერ ნაცემი კონტროლიორების რაოდენობამაც", ბოლო 3 თვის განმავლობაში უკვე ნაცემია 12 კონტროლიორი.

ყვითელი ავტობუსებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები მხოლოდ ამით არ შემიფარგლება. მოსახლეობა და რიგითი მოქალაქეები ჩივიან, რომ დღესდღეობით ავტობუსში ასვლა, თანაც პიკის საათებში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამას ემატება გაფუჭებული სკამები და სიცივე, რომელიც მცირე ზომის "ბოგდანებში" უფრო იგრძნობა.

"დიდი ზომის ავტობუსში გათბობა ყოველთვის ჩართულია, რატომ არ რთავენ გათბობას პატარა ზომის ყვითელ ავტობუსებში არ მესმის, გათბობას საწვავი ხომ არ უნდა?", - ჩივიან მგზავრები.

მეტროსა და "ყვითელ ავტობუსებში" მგზავრთა რაოდენობამ თვალშისაცემად მას შემდეგ იმატა, რაც სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასური გაიზარდა. მიკროავტობუსებით მგზავრობამ კი მიმდინარე წლის 15 ივლისს მოიმატა, თავდაპირველად 80 თეთრამდე ის მარშრუტები გაძვირდა, სადაც მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ახალი მანქანები გაუშვეს. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან პროტესტი უმალვე მოჰყვა, თუმცა მაშინ მერიაშიც და "თბილისის მიკროავტობუსშიც" ირწმუნებოდნენ, რომ სხვა "მარშრუტკების" გაძვირება, ანუ იმ ხაზებს, სადაც ჯერ კიდევ ძველი მანქანები მოძრაობდნენ, არ შეეხებოდა. 

რა თქმა უნდა, ეს დაპირებაც მხოლოდ დაპირება აღმოჩნდა, 18 ივლისის უკვე ყველა სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა გაძვირდა, ზოგზე ფასმა 10 თეთრით მოიმატა, ზოგ მარშრუტზე 20 თეთრით, გრძელ ხაზებზე კი მგზავრობის საფასური 80 თეთრი გახდა.

მაშინ მერიასა და "თბილისის მიკროავტობუსში" აცხადებდნენ, რომ მგზავრობა მძღოლებმა თვითნებურად გააძვირეს, მძღოლები კი პირად საუბარში დღესაც ამბობენ, რომ მათ ამის გაკეთება აიძულეს, სხვა შემთხვევაში მანქანის გაჩერებით და უმუშევრად დარჩენით დაემუქრნენ.

"მარშრუტკებით" მგზავრობის საფასურის გაძვირების შემდეგ მოიმატა მგზავრთა ნაკადმა მუნიციპალურ ტრანსპორტში. მიუხედავად ზაფხულისა, მაშინ "ყვითელ ავტობუსსა" და მეტროში მგზავრთა სიჭარბე თვალშისაცემი იყო. მეტიც, პიკის საათებში ზოგჯერ ავტობუსში ასვლაც კი შეუძლებელი გახდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ამით მგზავრობის 80 თეთრამდე გაზრდას აპროტესტებდნენ.

მგზავრთა ნაკადის სიმცირეს მუნიციპალური ტრანსპორტი არც სასწავლო წლის დაწყების შემდეგ უჩიოდა. უფრო მეტიც, 2010 წლის ოქტომბერთან შედარებით, 2011 წლის ოქტომბერში მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა 12%-ით გაიზარდა.

მერიის ინფორმაციით, 2010 წლის სექტემბერში მუნიციპალური ტრანსპორტით 12 697 888 მგზავრის გადაყვანა მოხდა, იმავე წლის ოქტომბერში მგზავრთა რაოდენობამ 13 643 849 შეადგინა. უკვე მიმდინარე წლის სექტემბერში, შარშანდელთან შედარებით, მგზავრთა რაოდენობა 2,6%-ით გაიზარდა. კერძოდ, წლეულს, სექტემბერში მუნიციპალური ტრანსპორტი 13 029 023 მგზავრს მოემსახურა, ოქტომბერში კი ზრდა 12,8% იყო და საერთო ჯამში წინა თვეს მუნიციპალური ტრანსპორტით 15 390 550 მგზავრის გადაყვანა მოხდა.

მგზავრების რაოდენობასთან ერთად "იმატა ნაცემი კონტროლიორების რიცხმაც". 2011 წლის 3 თვის განმავლობაში, (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) უკმაყოფილო მგზავრებმა 12 კონტროლიორი სცემეს. კონტროლიორების ცემის 5 ფაქტი დაფიქსირდა სექტემბერში, ოქტომბერში - 3, ხოლო მიმდინარე თვეში უკმაყოფილო უბილეთო მგზავრებს უკვე 4 კონტროლიორი შემოელახათ.

რაც შეეხება უბილეთო მგზავრებს, არც მათი რაოდენობაა მცირე. მერიის მონაცემებით, 2011 წელს კონტროლიორების მიერ სულ 60 ათასი საჯარიმო ქვითარი გამოიწერა, საიდანაც უკვე გადახდილია 45 083 საჯარიმო ქვითრის თანხა, საერთო ჯამში 225 415 ლარი. სააღმსრულებლო ბიუროში კი 8 925 სააღმსრულებო ფურცლის გადაგზავნა მოხდა.

ყვითელი ავტობუსი კი, რომელიც 2005 წლიდან თბილისის მერიის ინიციატივით შემოიყვანეს, დღეს არც ისეთი კაშკაშა ყვითელია, რაოდენობაც განახევრდა, სამარშრუტო ხაზებიც შეამცირეს, თუმცა მგზავრობის ფასი მაინც იზრდება. დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ყვითელი ავტობუსების შესაძენად 64 136 352 მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა დღეს ამ ავტობუსების ნახევარი აღარ მუშაობს. 

თუკი თავდაპირველად დედაქალაქს 1000-მდე ავტობუსი ემსახურებოდა, უკვე 2010 წელს მესამედით ნაკლები "ყვითელი" მოძრაობდა 125 მარშრუტზე. 2010 წლის ბოლოს დამტკიცებული ახალი სამარშრუტო სქემით, თბილისში ავტობუსების ხაზების რაოდენობა 125-დან 92-მდე შემცირდა და ყოველდღიურად ქალაქში, დაახლოებით, 477 ავტობუსი მოძრაობს.