ლელა კუნჭულია, "თავისუფლება"
”ეს ვიზიტი იყო მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის“, - აცხადებს მოსკოვიდან ახლად დაბრუნებული საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და გამოთქვამს კონკრეტულ იმედს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი ადამიანები საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან. რას ეფუძნება და რამდენად რეალისტურად გამოიყურება ილია მეორის იმედი რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ვითარების ფონზე?
დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებულ იმედზე მოსკოვიდან სულ ახლად დაბრუნებულმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში 24 ნოემბერს ღამით, ილაპარაკა:
“ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ლტოლვილების ბედს და გვქონდა საუბარი ლტოლვილების შესახებ და იმედი არის, რომ ისინი დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში.“
ილია მეორე არ აკონკრეტებს, თუ რას ეფუძნება ანდა ვინ მისცა მას ეს იმედი. მცდელობის მიუხედავად, მეტის გაგება ვერც საქართველოს საპატრიარქოდან მოახერხა რადიო თავისუფლებამ, თუმცა, რადგანაც პატრიარქი თავის ქადაგებაში პრეზიდენტ მედვედევთან საუბარსაც ახსენებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ იმედიც სწორედ ამ საუბრის დროს დაიბადა.
რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 20 ნოემბერს შეხვდა, მოსკოვში 6-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რუსეთის პატრიარქის, კირილეს, 65 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
შეხვედრაზე, რომელშიც, ილია მეორის გარდა, კიდევ რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები მონაწილეობდნენ, პრეზიდენტმა მედვედევმა ხაზგასმით თქვა, რომ ერთმორწმუნე ხალხის დაახლოება რთულ ვითარებაში მხოლოდ ეკლესიას შეუძლია:
”მართლმადიდებელი სამყაროს ერთიანობა, როგორც ეს მანამდეც არაერთხელ გვითქვამს, წარმოადგენს საერთაშორისო განვითარების მნიშვნელოვან შემადგენელს. და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ქვეყნებს შორის არსებობდეს სირთულეები, შესაძლოა იყოს გლობალური - მათ შორის, ეკონომიკური თუ იდეოლოგიური - პრობლემები, ეკლესია წარმოადგენს შესაძლოა ერთადერთ ინსტიტუტს, რომელიც განამტკიცებს ხალხების ურთიერთობას.”
ეს არის ფრაგმენტი მისასალმებელი სიტყვიდან, რის შემდეგაც დაიწყო შეხვედრის არასაჯარო ნაწილი და, შესაბამისად, უცნობია, რა უთხრა რუსეთის პრეზიდენტმა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ანდა რა მოისმინა მათგან.
ილია მეორის შეხვედრამ რუსეთის პრეზიდენტთან და, საერთოდ, მოსკოვში მისმა ვიზიტმა საქართველოში ურთიერთგანსხვავებული რეაქციები გამოიწვია. მაგალითად: ერთი ნაწილი თვლის, რომ რუსეთთან დიალოგის ყველა ფორმა უნდა იქნეს გამოყენებული, მეორე ნაწილი დიალოგის უსარგებლობაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო მესამე ნაწილი კატეგორიულად გმობს ილია მეორის მოსკოვში ჩასვლის იდეას, რომ აღარაფერი ვთქვათ მედვედევთან მის შეხვედრაზე. ასეთები ამბობენ, რომ, რადგანაც რუსეთის ეკლესია ”კრემლის ფილიალს” წარმოადგენს, საუბარი მასთანაც დაუშვებელია და, მით უმეტეს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფონზე.
თბილისს პატრიარქის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია და არც პირდაპირი გულისწყრომა გამოუხატავს; მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ, როცა პატრიარქი ჯერ ისევ მოსკოვში იმყოფებოდა, არაერთი მწვავე განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და არა მხოლოდ კრემლის, არამედ რუსეთის ეკლესიის მისამართითაც.
”რუსეთის ეკლესიამ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა საბჭოთა კავშირის აღსადგენად ... და, ესე იგი, საქართველოს დამოუკიდებლობის დასასრულებლად, - ვისთვისაც გაუგებარია, რომ ვუთარგმნო მათ ენაზე...” - ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 ნოემბერს ქუთაისში - ახლად გახსნილ მთავრობის სახლში გამართულ სხდომაზე - გააკეთა.
რაც შეეხება იმედს, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ოდნავ მოგვიანებით ჩამოიტანა მოსკოვიდან და რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნების პერსპექტივას შეეხება, ანალიტიკოსები არარეალისტურად მიიჩნევენ. მაგალითად, როგორც სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს ჩვენთან საუბრისას, დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით ”ილუზიები” არ უნდა გვქონდეს:
”ის, თუ როგორ იქცევიან რუსეთის წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმებზე, ნიშნავს, რომ მათ ლტოლვილი ადამიანების ბედი ნაკლებად აწუხებთ. მათთვის მთავარია ის გეოპოლიტიკური რეალობა, რომლის შექმნაც რუსეთმა მოახერხა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან, ხოლო 2008 წელს მას თვისებრივად ახალი ფორმა მისცა. რუსეთის ამოცანაა შეინარჩუნოს ეს რეალობა. ყოველგვარი დათმობა დევნილების, ლტოლვილების დაბრუნების საკითხში მათ ამ გეგმებს ჩაუშლის. ამიტომ ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ დაბლოკონ ეს პროცესი.”
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად შეასრულებს მოსკოვი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის თხოვნას, რომელიც შედარებით იოლად შესასრულებელია და რაც ასტრახანში განსვენებული ქართველი მეფეების - ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის - ნეშტის საქართველოში გადმოსვენებას გულისხმობს. ილია მეორის განცხადებით, საბუთები შესწავლის პროცესშია.
766
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85