“ყურადღება, ვიწყებთ: “არ გაგახარებთ!” დოი, ფონოგრამა! ვანო, ზურა, პალიკო, ნუგზარ, გოკა, გიგი, გიგა, ვერონიკა, ვაშაძე, ჩახვაძე, ზუმბა, ბუბა, კოკი, ოთხი ეკა (ისე, რა ამბავია ამდენი ეკა ?), “პადოშა”, ჟორიკა, “მასტერა”, ვერ გხედავთ?! კარდუ, ხათუნა, არველაძე, კუდ-ის ბიჭები, თამარა ჩამოვიდა, ჩერგოლეიშვილი? დათო სადაა, დარჩიაშვილი? ჩემი სოფო?.. ნოდია, შენ სად იპარები? ეს თავხელიძე კიდევ გააჩერეთ ცოტა ხნით, აბა, ყურადღებით. წავიდაააააააა!” - ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის - „გიხაროდენ!” “ფეისბუქური” რიმეიკის ავტორი „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილია... ჰოდა, ყურადღებით, ჩვენი დიალოგიც წავიდააა!
ბატონო დავით, „ვარდების რევოლუციის“ მე-8 იუბილეც გადავიხადეთ. თქვენი აზრით, რატომ აიყარა გული საზოგადოებამ რევოლუციონერებზე, ანუ როგორც თქვენ ამბობთ, „არგამხარებლებზე“?
- 2003 წლის „ვარდების რევოლუციასთან“ საზოგადოების იმედი იყო დაკავშირებული, მაგრამ ეს იმედი არ გამართლდა და იმის ნაცვლად, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა დაწყებულიყო, სადაც მოქალაქეები მხოლოდ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას კი არა, მეტ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ღირსეულ ყოფას იგრძნობდნენ, ყველაფერი პირიქით მოხდა და, შეიძლება ითქვას, რომ მივიღეთ ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ზღუდავს თავისუფლებას. “ვარდების რევოლუცია” ხალხისგან მხარდაჭერილი მოვლენა იყო. „წინასწარ დადგმული სპექტაკლი“, „შევარდნაძემ დაუთმო სააკაშვილს პოსტი“, „გათამაშებული რევოლუცია“ და სხვა ჰიპოთეზები სისულელეა. ზოგი ამბობს, თავიდანვე ვიცოდით, რა და როგორ იქნებოდაო. თავიდან არასდროს არაფერია ცალსახად განსაზღვრული. ახლანდელ ოპოზიციურ სპექტრის დიდი ნაწილი სწორედ ის ხალხია, ვინც მაშინ პირველ პლანზე იყო, მაგრამ ამ ადამიანების უმეტესობა რევოლუციის მერე ხელისუფლების გარეთ და ოპოზიციაში აღმოჩნდა.
მაინც, რატომ არ გაამართლეს „ვარდოსნებმა“?
- ქვეყნის პროდასავლური დემოკრატიული რესურსის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს „ვარდების რევოლუციას“ უჭერდა. ხელისუფლებაშიც ეს რესურსი მოვიდა და, შეიძლება ითქვას, რომ ამ რესურსის დიდი უმრავლესობა პოსტსაბჭოთა ავტორიტარი აღმოჩნდა, რომელსაც ლიბერალური და დემოკრატიული მხოლოდ ფრაზეოლოგია ჰქონდა. ამ ხალხისთვის რეალური ღირებულება აბსოლუტური ძალაუფლება აღმოჩნდა. ასე რომ, ამ რესურსმა ვერ ივარგა.
საერთოდ, ძველი მიდის და ახალი მოდის, თუმცა მათზე, ვინც ხელისუფლებაში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დარჩა და ხელს უწყობს ავტორიტარულ რეჟიმს, მთლად ახალს ვერ ვიტყვი. ისინი კი, ვინც მათ თამაშს არ აჰყვა, ქვეყნის დემოკრატიულ რესურსს დღეს უფრო რეალურად წარმოადგენენ, ვიდრე - მაშინ. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფიგურაა ახალი. პიროვნულადაა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანი, რომელიც საზოგადოებაში, თავისი ქველმოქმედების წყალობით, დიდი ნდობით სარგებლობდა და ამან, ბუნებრივია, გააჩინა შესაძლებლობა, რომ მის გარშემო გაერთიანებულიყო ის ოპოზიციური ერთობა, რომელიც ამ ხელისუფლების შეცვლას შეძლებს.
ზოგი ექსპერტი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს დროის დეფიციტ აქვს, ანუ არჩევნებამდე ერთ წელია დარჩენილი და ამ ხნის განმავლობაში სერიოზული მოძრაობის ჩამოყალიბება შეუძლებელია... თქვენც ასე ფიქრობთ?
- რატომ აქვს დროის დეფიციტი? ივანიშვილს საკმარისზე მეტი დრო აქვს და სერიოზული მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად ერთი წელი სრულიად საკმარისია. ისიც მნიშვნელოვანი მომენტია, რომ მის გვერდით დგანან სერიოზული და ჩამოყალიბებული პარტიები. მართალია, ამ პარტიებს ივანიშვილის გარეშე ძალიან მცირე შანსი ჰქონდათ, რომ პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედება მოეხდინათ, მაგრამ ეს სრულიად გამზადებული მანქანაა, რომელსაც შეუძლია, თუ არჩევნები სწრაფად დაინიშნება, ძალზე ოპერატიულად იმოქმედოს. არსებობენ სხვა პარტიებიც, რომლებიც შეიძლება, ამ კოალიციაში გაერთიანდნენ და თუ ხელისუფლება ფორსირებას შეეცდება, პასუხსაც მიიღებს.
ამერიკელმა ექსპერტმა თომას დე ვაალმა განაცხადა, საქართველო იღვიძებს და სააკაშვილის ჯადო ეხსნებაო...
- ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ხალხის მიმართ ასეთი იყო - სანამ ცოცხალი ხარ, ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში და ამას, როგორც გინდა, ისე შეეგუე. როცა ხელისუფლებას, პრაქტიკულად, რეალური ალტერნატივა არ ჰყავდა, ბუნებრივია, ხალხს ჰქონდა უიმედობის განცდა და როდესაც ძალიან რეალური შანსი გამოჩნდა, ეს იმედიც მიეცა. რა დასამალია, - ხელისუფლება არავის მოწონს. ისინი კი, ვინც თვლიან, რომ ძალიან კარგი და ნორმალური ხელისუფლება ჰყავს, საზოგადოების უმცირეს პროცენტს შეადგენენ.
ვაალმა ივანიშვილის მიერ „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებზე“ გაკეთებული არჩევანი პოზიტიურად შეაფასა და თქვა, ეს ადამიანი პოლიტიკოსობას სწავლობს და არავისი კაცი არ არისო. ისეთ კაცს, რომელიც „არავისია“, აქვს წარმატების შანსი?
- ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გინდა თუ არა, უნდა გაითვალისწინო ამერიკის ინტერესიც და რუსეთისაც. დიდი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია რამის მიღწევა. ვინც უნდა მოვიდეს, ეს ასე იქნება და იმას არ ნიშნავს, რომ “ვინმესი” ხარ. „იმისი“ იმას ნიშნავს, რომ ამერიკას, ან რუსეთს უყურებ და მის ჭკუაზე დადიხარ. ბიძინა ივანიშვილი ასეთი არაა და არც უნდა იყოს, მაგრამ ანგარიში უნდა გაუწიო იმ რეალობას, რომელიც შენს ქვეყანაში და, ზოგადად, მსოფლიოშია შექმნილი. ივანიშვილის მხრიდან მკვეთრი რუსული განცხადებები სწორი არცერთ ვარიანტში არ იქნება. ჩვენი კურსი პროდასავლურია და ბატონმა ბიძინამ არჩევანი ჩვენზე და „თავისუფალ დემოკრატებზე“ რომ შეაჩერა, ეს მის პროდასავლურობაზე მიუთითებას. პროდასავლურობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ამერიკა ჩემი პატრონი უნდა იყოს.
ბატონ ბიძინას ხელისუფლება მუდმივად რუსულ პროექტად გვიხატავს, მაგრამ ამასწინათ კახა ბენდუქიძე ევროპას ღიად დაუპირისპირდა და მის ნაწილს ბიუროკრატიული უწოდა, რასაც “ნაციონალებმა” წაუყრუეს...
- საზოგადოებას უკვე აღარ აინტერესებს, რას იტყვის ბენდუქიძე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული ადამიანია. რაში გვაინტერესებს მისი გამონათქვამები? ამ კაცს თავისი ინტერესები აქვს, თავისთვის რაღაცას ჩალიჩობს. ვინ არის, რაში უნდა გვაინტერესებდეს მისი პერსონა?!
კეთილი, მაგრამ მსგავსი მოსაზრება დათო ზურაბიშვილს, ან ბიძინა ივანიშვილს რომ გამოეთქვა, ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რა სარჩულს დაუდებდა ხელისუფლება?!
- სახელისუფლებო პროპაგანდას სერიოზულად არ უნდა აღვიქვამდეთ. ბენდუქიძე ხელისუფლების მხარდამჭერია და მისთვის ყველაფერი, რაც უნდა ილაპარაკოს, შეიძლება, სხვისთვის კი, - არა. მაგალითად, ივანიშვილმა რომ განაცხადა, ნატო-ს ალტერნატივე არ აქვსო, თქვეს, პუტინმა დაავალაო. რატომ უნდა ვიმართლოთ თავი? ნამდვილად არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ ვინმემ ჩვენ, ან ბატონ ბიძინას ანტიქართულ საქმიანობაში დაგვდოს ბრალი. რატომ უნდა ავყვე ხელისუფლებას ამ ლაპარაკში? მას ბევრი ჰყავს ისეთი, რუსეთში რომ აქვს ფული ნაშოვნი, მაგრამ ხელისუფლებას ემსახურება და ამიტომ კარგია. ისე, თუ წესიერი კაცი ხარ, ერთი-ორჯერ რუსეთის აგენტი უნდა გიწოდონ. ასე თუ არაა, ესე იგი, მთლად წესრიგში ვერ ხარ კაცი, ვერ „ქაჩავ“.
ხელისუფლება ყველაზე აგრესიული აგვისტოს ომზე კამათის დროს ხდება. კონდოლიზა რაისამ თავის მემუარებში პირდაპირ თქვა, სააკაშვილმა წარმატებით შეძლო, ნატო-დან მოკავშირეები გაეუცხოვებინა, როდესაც რუსებს მისცა პროვოცირების საშუალება, რომ სამხრეთ ოსეთის გამო ომი დაეწყოო. “ნაციონალების” აზრით, რაისიც, უეჭველი, რუსეთის აგენტია, არა?
- ამას კონდოლიზა რაისზე, რა თქმა უნდა, ვერ იტყვიან. კრემლის აგენტები ვართ ჩვენ, ვინც ვართ ხელისუფლების წინააღმდეგ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ხელისუფლებათან ასეთი ტიპის პოლემიკაში არასოდეს უნდა შევიდეთ. პირდაპირ ვიტყვი: აგვისტოს ომი ქართული საზოგადოების სირცხვილია! შეიძლება, ეს არაპოპულარული ნათქვამია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ, ჩვენი შვილიშვილების თაობაში ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ლაქა. ეს სამარცხვინო ფურცელი, პრაქტიკულად, წარმოდგენილია რაღაც ჰეროიკულ ფურცლად, ლამის გამარჯვებად. ეს ჩაყლაპა ქართულმა საზოგადოებამ, მიუხედავად იმისა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა და როგორ იყო. არავინაა იდიოტი, მაგრამ რატომღაც ასე ითვლება, რომ ტყუილის თქმა და თავის მოტყუება ქვეყნისთვის უფრო სასარგებლოა. რუსეთი რომ აგრესორია, ომისთვის რომ ემზადებოდა, ქართულ სოფლებს რომ ბომბავდა და მერე, ამაზე მოხდა ქართული რეგულარული არმიების რეაგირება, ეს ყველამ ვიცით. როცა ქვეყანას ასეთი უბედურება დაატყდება თავს, ამ დროს, ჯანსაღი ერი, პირველ რიგში, ხელისუფლების მიმართ უნდა იყოს კრიტიკული და, ასევე, თვითკრიტიკულიც.
ხელისუფლება ამბობს, სადამდე მოგვეშვა რუსი, თბილისამდეო?!
- თორემ, ხელი შეუშალა, გმირულად იდგნენ და რუსეთს რომ მოენდომებინა, ვერ შემოვიდოდა, აი?! არ მახსოვდეს მაინც, ხმა რომ გავრცელდა, არიქა, რუსები მოდიანო. თავდაცვის სამინისტროდან ხალხი მოვიდა (სამინისტროს გვერდით ვცხოვრობ), წადით აქედან, რუსები მოდიან, სამინისტროს ბომბი არ დაეცესო და ყველანი გაცვივდნენ.
თქვენც გაიქეცით?
- ახლა, ბომბა თუ უნდა დასცემოდა, ცოლ-შვილს იქ ხომ არ დავტოვებდი?! ვაკეში გავხიზნე, მშობლებთან. აბა, რა უნდა მექნა? მე კი იქ ვიდექი და პოლიციელებთან ერთად ველოდებოდი რუსებს. დაცლილი იყო მთლიანად კანცელარია. იმ მომენტში იყო სრული პანიკა. ის მაინც არ ვიცოდე, ბაქრაძე და სხვები რას ელაპარაკებოდნენ მეთიუ ბრაიზას, ლამის ცრემლმორეულები რომ ეხვეწებოდნენ, სადაა ამერიკული ჯარებიო. ახლა თავს ვაჟკაცებად თვლიან და 2000 ტანკზე ლაპარაკობენ. კარგი, რა?! ორ დღეში კი არა, დღენახევარში იქნა სამარცხვინოდ ომი წაგებული. ახლა, როგორ ხელმძღვანელობდნენ სამხედრო ოპერაციებს ადეიშვილი, უგულავა და დანარჩენები, ეს ხომ საერთოდ სასაცილოა. ეს სამარცხვინო ამბავი როგორ შეიძლება, გმირობად წარმოვადგინოთ? სხვათა შორის, კარგად მახსოვს, როგორ იქცეოდა იმხანად პრეზიდენტიც. ბაქრაძის გამოსვლაც მახსოვს დანებით და ჩანგლებით. მასზე მაინდამაინც კარგი წარმოდგენა არ მაქვს, როგორც პოლიტიკოსზე, მაგრამ ერთადერთი, კახა ლომაია მუშაობდა, ვერ დავუკარგავ იმ კაცს, ჩანდა, რომ მარტო ის აკეთებდა რაღაცას, დანარჩენები საშინლად იქცეოდნენ.
რაც შეეხება ევროპარლამენტიის „ისტორიულ რეზოლუციას”, რომელშიც დიდი ადგილი დაეთმო საქართველოს დეოკუპაციას. თქვენი აზრით, ეს რეზოლუცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანის საფუძველი გახდება და, საერთოდ, ეს რეზოლუცია ობიექტურად მიგაჩნიათ?
- ეს სიტუაციას, რა თქმა უნდა, უცებ არ შეცვლის და მასზე ზედმეტ იმედს ნუ დავამყარებთ, მაგრამ რეზოლუცია მნიშვნელოვანია. ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს მიმართ კრიტიკულია. რაც შეეხება ოკუპაცის, ევროპარლამენტი საქართველოს თავის მოხსენებაში უკრაინის, მოლდოვას, ბელორუსიის, სომხეთის და აზერბაიჯანის კონტექსტში განიხილავს. ყველაფერი მაინც შედარებითია. მაგალითად, აზერბაიჯანში ჩვენზე უფრო ავტორიტარული რეჟიმია, უკრაინაშიც სერიოზული პრობლემებია კორუფციის მხრივ და ამ ფონზე შეიძლება, მათზე უკეთესად გამოვიყურებით, მაგრამ ჩვენი ამოცანა ის ხომ არაა, რომ მათ ვჯობდეთ? როცა პრეტენზია გვაქვს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობაზე, ჩვენი რეიტინგი უნდა იყოს, მაგალითად, ბალტიის ქვეყნების დონეზე მაინც. ვფიქრობთ, ქართული საზოგადოება იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე ამ ქვეყნების რიგში ყოფნას. ამიტომაცაა ზოგჯერ უფრო მეტად ქება, ვიდრე ვიმსახურებთ.
რა ამის პასუხია, ბატონო დათო და, ამასწინათ, „ფეისბუქზე“ “დაასტატუსეთ”, სააკაშვილის მიმართ მისი დიდი აპოლოგეტებიც კი არასდროს იყენებენ ეპითეტებს - ძლიერი, გაწონასწორებული, ტაქტიანი, ერთგული, მამაცი და ასე შემდეგო... თქვენი აზრით, რატომ?
- იმიტომ, რომ ასეთი არაა. სააკაშვილი ის მმართველია, რომელსაც ბევრი აქვს დადებითი თვისება - ნიჭიერი ადამიანია, პოლიტიკური ალღო აქვს, მაგრამ ის, რაც პოზიტიურად ახასიათებს ადამიანს, არ აქვს და ამას ყველა ხედავს. ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე განაცხადა, მორალი შემოგვაქვს პოლიტიკაშიო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სააკაშვილი აბსოლუტურად ამორალური პოლიტიკოსია. როცა არ გაქვს მუხრუჭები, შეიძლება, დიდ წარმატებას მიაღწიო, მაგრამ ეს რის ხარჯზე ხდება? - საბოლოოდ, შეიძლება, ქვეყანა დაგემხოს თავზე, რაც, პრინციპში, მოხდა: სააკაშვილმა თითქმის ყველა ბრძოლა მოიგო ოპოზიციასთან და ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა!
ივანიშვილს რატომ აიგნორებს? - პრეზიდენტი თითქოს ვერ აღიქვამს რეალობას, ვერ ხედავს სერიოზულ კონკურენტს და ცხოვრობს სხვა სამყაროში - ხან თელავის ბაზარში დადის კალათით ხელში, ხან ყვარლელ მეზობლებს უმასპინძლდება მწვადით და უკვე კახელობაზეც აქვს პრეტენზია...
- სად ჰყავს მაგას მეზობლები? ორ კილომეტრში იქ კაცი არ ცხოვრობს, მოდელირებულნი არიან ეს მეზობლებიც და მაინტერესებს, ვის ატყუებს? სააკაშვილი მშვენივრად აღიქვამს ივანიშვილს და რეალობას, მაგრამ როცა მას არ ახსენებს, იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის ეშინია. არ უნდა, დააფიქსიროს, რომ მისი მოწინააღმდეგეა. სამაგიეროდ, გაბაშვილი და ქვედა ეშელონი სულ ივანიშვილზე ლაპარაკობენ.
თქვენი აზრით, მოქალაქეობას დაუბრუნებს?
- ამას პოლიტიკური პროცესისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნები მოდის, ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტზე არ იყრის კენჭს. სააკაშვილი სულაც არ იყო 2003 წელს საპარლამენტო სიაში, მაგრამ იყო ლიდერი. ეგ პრობლემა არაა. ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი იყო. ხელისუფლებას ეშინია, რომ თუ მას მოქალაქეობას მიცემს, ეს იქნება უკან დახევად აღქმული და ხალხს გაათამამებს. არ მისცემს და ეს დასავლეთის თვალში ძალიან ცუდად გამოჩნდება. თუ საქმე არჩევნებამდე მივა და არ მიმართავს სრულ დიქტატურას, სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენის შანსი აღარ აქვს! ისე, გააყალბების გზითაც კი ვერ მოიგებს არჩევნებს იმიტომ, რომ თუ ხალხი აქტიურად გამოხატავს მხარდაჭერას, ხელისუფლება ვერაფერს იზამს. ჩვენთვის მთავარი არჩევნების მოგებაა არჩევნებამდე!
როგორც ამბობენ, პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, იცოდე, თუ როდის უნდა წახვიდე. როდის დარეკავს ბერლუსკონივით „ბოლო ზარს“ სააკაშვილი?
- არ ვიცი, ვერ ვიტყვი, რას გააკეთებს სააკაშვილი, ქუჩური ჟარგონით რომ ვთქვა, „ატვეჩაი“ არ ვარ მაგ კაცზე.
ბოლოს, ბატონო დათო, მინდა, “შლოპანცებზე”, კვერცხებსა და გიგანტურ ველოსიპედზეც მითხრათ თქვენი აზრი. ესეც „შეშინებული“ კაცის ლოგიკური რეაქციაა თუ ნამეტანი კრეატიულია ჩვენი პრეზიდენტი?
- ჩვენ ხომ მარტო პრეზიდენტი არ გვყავს, ჩვენ გვყავს ქვეყნის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც თავის გემოვნებით წყვეტს ყველაფერს. კაცს აქვს სერიოზული პრობლემები და რა ქნას? ეს კვერცხები მაინც რა იდიოტობაა?! ან რა უნდა “რესპუბლიკის მოედანზე” ველოსიპედს? თბილისი არაა ის ქალაქი, სადაც ველოსიპედებით დადიან, თბილისი არ არის ამსტერდამი. ხონში, აბაშაში, ან სამტრედიაში მაინც დაედგა, სადაც ველოსიპედი ჩემი ბავშვობის დროიდან ჩვეულებრივი ტრანსპორტია. აქ რას მიდგამენ? თბილისში, თუ სერიოზული სპორტსმენი არ ხარ, ველოსიპედით ვერ ივლი. ამ კაცს მოსწონს ყველაფერი, რაც ამოვარდნილია ტრადიციიდან, მას ეს პროგრესულობა ჰგონია. მისი ოცნებაა, 200-სართულიანი შენობის აგება, თავი შეიხი ჰგონია. უფრო ღრმად თუ ჩავალთ, ეს ყველაფერი სხვა ფსიქოლოგიურ რაღაცებზე მიუთითებს. ასეთი გამოვლინებები დიქტატორული მისწრაფებების ადამიანებს სჩვევიათ, მაგალითად, ჰიტლერს...
მილანში არის მუსოლონისდროინდელი არქიტექტურის ბევრი შენობა, რაც, საკმაოდ მძიმე სანახავია, თუმცა არის გამონაკლისიც - ფიდელ კასტროც დიქტატორი იყო, მაგრამ კუბაში შუშის შენობები არ აუშენებია, არც აინტერესებდა ეგ საქმე. ამას უყვარს შუშა, აშენებს და რომ უყურებს, თვითონ ტკბება და აღშფოთებულია, სხვას რატომ არ მოწონს, არაფრის აზრზე არ არისო. ერთი კარგი იდეა მაქვს: მათ ოკუპაციის მუზეუმი გააკეთეს, მე კი, ერთ “მიშისტურ” მუზეუმს გავაკეთებდი და მთელ კვერცხებს, ქანდაკებებს და შუშებს იქ დავდგამდი. ერთი კარგი გამოფენა შეიძლება გაკეთდეს, რა ხდებოდა საქართველოში მიშას დროს. მომავალმა თაობებმა უნდა ნახონ, თუ რა გავიარეთ და რა აბსურდი გვჭირდა ამ პერიოდში. ჩვენ კიდევ კარგად ვერ აღვიქვამთ სიტუაციის კომიკურობას და აბსურდულობას, რაც სააკაშვილის მმართველობამ მოიტანა. ეს, წლების მერე, საშინელ კოშმარად მოგვეჩვენება, ამავდროულად, სასაცილოდ, საოცრად უგემოვნოდ, პროვინციალური სულისკვეთების მქონედ და, მეორეს მხრივ, საშიშად იმიტომ, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად კეთდებოდა და ამის უკან იდგა რეპრესიული აპარატი. ჭინჭყლი ბავშვის ფსიქიკის ნაყოფია თითქოს ეს ყველაფერი.