სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით „საპატრიარქოს უწყებანში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსთან, მეუფე ილარიონთან, სათაურით: „კონტეინერებში ჩაწყობილი ხატები - უძველესი სიწმინდეები კვლავ საფრთხეშია“.
presage.tv უცვლელად გთავაზობთ ამ ინტერვიუს:
„უკვე მეოთხე თვეა, რაც საზოგადოება რაც ქართული საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალ-ყურს სვნეთში ქართული სიწმინდეების გარშემო შექმნილ საგანგაშო ვითარებას. ამ თემის გარშემო საუბარი ვთხოვეთ მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსს ილარიონს (ქიტიაშვილი).
მეუფე ილარიონ, ჩვენს ეროვნულ საგანძურს და სიამაყეს, სვანეთში დაცულ უძველეს სიწმინდეებს დღეს კვლავ დაზიანების საფრთხე შეექმნა... რამდენი ხანია, რაც ეს მუზეუმი ფუნქციონირებს და რა გახდა მიზეზი ამ გაუმართლებელი გადაწყვეტილებისა, რომელიც კულტურის სამინისტრომ მიიღო?
- უწინარეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ეს სიწმინდეები მართლაც მთელი ერის საგანძურია, ეს არ არის მარტო სვანეთის კუთვნილება, - მაგრამ ეს სიწმინდეები ჩვენს ქვეყანას სწორედ ამ კუთხემ შემოუნახა. ვინც სვანეთში ნამყოფია, კარგად უწყის, რომ აქ არის უძველესი ტაძრები უნიკალური ფრესკებით და ყველა ეს ტაძარი სავსეა შუა საუკუნეების დროინდელი ფერწერული და ჭედური ჯვრებითა და ხატებით.
ვიდრე დღეს შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრებთ, მინდა მცირეოდენი ისტორიული ექსკურსი გავაკეთო. კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, ათეიზმის მძვინვარების ჟამს, სვანეთში დაცულ სიწმინდეებს ძნელი დრო დაუდგა. შეიქმნა ამ უძველესი სიწმინდეების დაკარგვის საშიშროება, ბევრი დაიკარგა კიდეც - ზოგი საზღვარგარეთ გაიტანეს, ზოგიც უბრალოდ გაქრა. იმ პერიოდში ეროვნულ სულიერ და კულტურულ საგანძურს მხსნელად მოევლინა ცნობილი პიროვნება, საამაყო მამულიშვილი, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფი და პუბლიცისტი, სვანეთის მკვლევარი და მოამაგე, ბატონი ეგნატე გაბლიანი. იგი ძალიან უყვართ სვანეთში და დიდ პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას. იგი 1937 წელს კომუნისტებმა დახვრიტეს. 1936 წელს მან მესტიაში სიწმინდეების გადარჩენის მიზნით ეთნოგრაფიულ-ისტორიული მუზეუმი დააარსა, რომლის პირველი დირექტორიც თავად გახდა. მისი ინიციატივით შეიკრიბნენ სვანეთის უხუცესები, რომლებმაც ბევრი მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ჩამოეყალიბებინათ მუზეუმი. იმ დროს სამღვდელოება თითქმის არ არსებობდა და ტაძრების უმრავლესობა დახურული იყო. იმ პერიოდში ამ მხარეში, როგორც მითხრეს, ერთადერთი მღვდელი ალექსი მარგიანი სოფელ ფარში მოღვაწეობდა და მესტიაში იშვიათად ჩადიოდა. სოფლებიდან ხატები გამოიტანეს, ერთად შეკრიბეს და მათ საცავად წმინდა გიორგის ეკლესია გამოიყენეს, რომელშიც განთავსდა პირველი მუზეუმი. ეს იყო სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, იგი ამჟამად საკათედრო ტაძარია.
ამ სიწმინდეებს წლების განმავლობაში კიდევ ბევრი სხვაც დაემატა და ასე მოაღწია ჩვენამდე. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც წმინდა გიორგის ეკლესია ამოქმედდა, გადაწყდა, რომ ეს მუზეუმი სხვა შენობაში განთავსებულიყო. ამ მიზნისთვის დროებით გამოიყენეს ძველი შენობა, სადაც ამჟამად წმინდა ილიარიონ ქართველის სკოლა გვაქვს გახსნილი. შემდგომში, როდესაც უკვე ახალი შენობა აშენდა, რომლის მშენებლობაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, 25 წელი გრძელდებოდა, მუზეუმი იქ გადავიდა. ეს 2002 წლის მიწურულს თუ 2003 წლის დასაწყისში მოხდა: სვანეთში დაცულმა ამ უძვირფასესმა განძმა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა სულიერმა საგანძურმა, ამ უდიდესმა კულტურულმა მემკვიდრეობამ, - დაივანა მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის ახალ შენობაში. და ეს სწორედ ის შენობაა, რომელიც ახლა დაანგრიეს, როგორც გამოუსადეგარი.
ეს შენობა ხომ საგანგებოდ იმ მიზნით აიგო, რომ მას მუზეუმის ფუნქცია უნდა შეესრულებინა და შესაბამისად, საამისოდ ყველაფერი იყო გათვალისწინებული? რა გახდა მიზეზი იმისა, რომ მისი დემონტაჟი მოხდა?
- ეს შენობა სწორედ იმ მიზნით აიგო, რომ მასში მუზეუმი განთავსებულიყო. შეიძლება ითქვას, რომ იგი ფაქტობრივად, ახალი გახსნილია და წელს სრულიად მოულოდნელად და სპონტანურად გადაწყდა მისი დაშლა. როგორც ვიცი, შენობა ავარიული არ ყოფილა. არქიტექტურა იყო სვანეთის პირობების შესაბამისი, სპეციფიკურად დაქანებული გადახურვით. თითქოს იმას იმიზეზებენ, რომ შენობის ერთ ნაწილში ნესტი იყო. საქმე ისაა, რომ შენობის ერთ მხარეს ორი მდინარე ერთმანეთს უერთდება და ტენიანობა იქ თავისთავად იქნება, მაგრამ თვითონ მუზეუმი იყო მყარი და საკმაოდ კარგად ნაშენი. უფრო მეტიც, დავიმოწმებ ამ მუზეუმის თანამშრომლებს და ვიტყვი იმას, რასაც თავად ისინი მიამბობდნენ: როცა მესტიის მუზეუმში ევროპის სხვადასხვა მუზეუმებიდან ექსპერტები ჩამოდიოდნენ, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ასეთი მუზეუმი ჩვენ ევროპაშიც კი არ გვაქვსო. მე მხოლოდ მათ სიტყვებს ვიმოწმებ და ვიმეორებ. ფართო დარბაზებში განთავსებულ ვიტრინებში სიწმინდეები ევროპული სტანდარტის შესაბამის პირობებში იყო დაცული. და აი, 3-4 თვის წინ, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, სწრაფი ტემპით დაიწყო ამ მუზეუმის დემონტაჟი. მაშინ, როცა ჩვენ - ეკლესია, საპატრიარქო - არ ჩავუყენებივართ საქმის კურსში.
გამოდის, რომ ფაქტის წინაშე დადექით?
- დიახ, სამწუხაროდ, სწორედ ასე მოხდა. და არც მე, როგორც ადგილობრივი მღვდელმთავარი, არ გამარკვიეს საქმის ვითარებაში. მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილი უპატივცემულობა. ვიმსჯელოთ გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება, სადაც მე-7 მუხლში სრულიად გარკვევით წერია, რომ სახელმწიფო ცნობს მუზეუმებში, საცავებში (კერძო საკუთრებების გარდა) დაცულ საგანძურს - ხატებს, ჯვრებს და სხვა სიწმინდეებს ეკლესიის საკუთრებად და მათ დაცვასა და ზრუნვაზე სახელმწიფო და ეკლესია თანხმდებიან. ამგვარად, პატივი უნდა ვცეთ ჩვენივე კანონმდებლობას. კანონი ყველასთვის არსებობს და, უპირველეს ყოვლისა, თავად კანონმდებელისთვის. მაშასადამე, ეს ყველაფერი ეკლესიასთან შეთანხმების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. მაგრამ სწორედ ეს არ მოხდა.
მეუფე, რას წარმოადგენს ეს კონტეინერები? შექმნილია თუ არა მათში გარკვეული ტემპერატურული რეჟიმი და მიკროკლიმატი, რომელზეც მუდმივად საუბრობენ?
- რაც შეეხება კონტეინერებს, ეს ცალკე საუბრის თემაა. მისი ზომებია, დაახლოებით, 2,5 მ სიგანე და 6 მ-მდე სიგრძე და იგი წარმოადგენს ერთმანეთზე შეერთებულ ორ კონტეინერს, მასში მუზეუმის ყველა უნიკალური სიწმინდეა განთავსებული. როგორც გვითხრეს, რაღაც ცეცხლგამძლე მასალისგანაა დამზადებული. უცხოეთში შეუკვეთეს და მერე აქ, ადგილზე ააწყვეს. ახსნეს თუ არა სახურავი მესტიის მუზეუმის შენობას, მაშინვე გადატვირთეს სვანეთის სიწმინდეები ამ კონტეინერებში.
უპირველეს ყოვლისა, როგორც მღვდელმთავარს, უფლება არ მაქვს არ აღვნიშნო, რომ კონტეინერებში ამდენი ხნით ხატების ჩაწყობა, ასე უპატიოდ, მიუღებელია.
ცხადია, რომ მხარე, რომელმაც ეს საქმე განახორციელა, გვარწმუნებს, რომ სიწმინდეები იქ საუკეთესო პირობებშია. ეს მხარე მუდამ ცდილობს თავისი მოქმედება გაამართლოს, მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს სინამდვილე. ჩვენ გავიკითხეთ, თუ რა მასალით არის დამზადებული კონტეინერები, რამდენად იქნება იქ დაცული ჩვენი საგანძური სვანეთის ზამთრის მკაცრ პირობებში და სხვა. მე სპეციალისტი, რასაკვირველია, არ ვარ, მაგრამ ხომ გასაგებია, რომ შეიძლება მოხდეს ელექტროენერგიის გამორთვა. და ირთვება კიდეც - 3 საათით, 4 საათით, 1 დღით, 2 დღით და ამ პერიოდში ხომ ირღვევა ტემპერატურული რეჟიმი და ზუსტად არც ვიცით, რამდენად საიმედოდ არის დაცული ჩვენი განძი.
გარდა ამისა, მუზეუმის შენობის ნგრევა დიდი ხმაურით მიმდინარეობს და მომავალში, შესაძლოა, მცირე აფეთქებებიც განხორციელდეს. ამასთან, იქვე, სადღაც 10 მეტრში, უშგულისკენ მიმავალი გზა გაჰყავთ. ამგვარად, ეს გარემო სამშენებლო პოლიგონად არის ქცეული და კონტეინერები მის შუაგულშია ასე უპატიოდ ჩაწყობილი, მათ გარშემო კი დაყრილია სამშენებლო მასალა, არის მტვერი და ნაგავი.
მარტო ჩემს აზრს არ მოგახსენებთ. არსებობენ სპეციალისტები, ექსპერტები, რომელთაც შეუძლიათ თავიანთი კომპეტენტური აზრის გამოთქმა და ისინი ეჭვქვეშ აყენებენ ამ კონტეინერების საიმედოობას.
მეუფე, რამდენად დაცულია ეს ობიექტი? ხომ არ არსებობს ამ სიწმინდეების დატაცების საშიშროება?
- როგორ გითხრათ, ფორმალურად დაცულია: მუდმივად მორიგეობს დაცვის ორი თანამშრომელი.
და განა დაცვის ორი თანამშრომელი საკმარისია ამ საგანძურის დასაცავად? ის, რომ ასეთი ფასდაუდებელი განძი ღია ცის ქვეშ კონტეინერებშია განთავსებული არა მარტო მთელმა საქართველომ შეიტყო, არამედ ეს ცნობა ჩვენი ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა და ალბათ, გამორიცხული არ არის, რომ ამ ვითარებით ბოროტმოქმედებმა ისარგებლონ...
- კი, ესეც შესაძლებელია, მაგრამ ყველაზე მთავარი სულ სხვა რამაა. არ მინდა არავის ცილი დავწამო, მაგრამ ასეთ ვითარებაში სრულებით ლოგიკურად ჩნდება კითხვა - ასე მალულად და დაფარულად რატომ გამოაქვთ ხატები და ათავსებენ კონტეინერებში? ეს პასუხგაუცემელი კითხვა ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს... მით უფრო, რომ ეკლესია, ფაქტობრივად, გამოთიშეს ამ საქმიდან. ამიტომ გარკვეული ეჭვების საფუძველი არსებობს.
საზოგადოების ნაწილმა პასუხი მე მომთხოვა: „რატომ მოხდა ეს? თქვენ ხომ მღვდელმთავარი ხართ? ან სად იყო საპატრიარქო? რატომ არ უნდა მოხდეს ინვენტარიზაცია? მოდით, ჩვენ მოვითხოვოთო“. და სვანების საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს, ხელოვნებათმცოდნეებს, მოითხოვა ინვენტარიზაციის ჩატარება, რაზეც სახელმწიფო მხარემ თავიდან კატეგორიული უარი განაცხადა. თუმცა საზოგადოებამ ბოლოს მაინც მიაღწია გარკვეულ შეთანხმებას და ინვენტარიზაცია ახლო მომავალში უნდა ჩატარდეს.
ბუნებრივია, რომ არსებულმა მდგომარეობამ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა, დიდი დაძაბულობაა სვანეთში...
- რასაკვირველია, ამ პრობლემამ საზოგადოებაში შეშფოთება წარმოშვა; კეთდება მიმართვები როგორც საპატრიარქოს სახელზე, ასევე ჩემდამი. მათი გულისწყრომა სავსებით გასაგებია.
მოგეხსენებათ, რომ ამ ერთი თვის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა საგანგებო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც სამი მხარეა წარმოდგენილი: ეკლესია, სახელმწიფო და საზოგადოება. კომისია ცდილობს, კონსტრუქციულად წარმართოს მოლაპარაკება სახელმწიფო მხარესთან, თუმცა, დღემდე უშედეგოდ.
კომისიის თავმჯდომარე, როგორც მოგეხსენებათ, არის ალავერდელი მიტროპოლიტი, ამბა დავითი, წევრებს შორის ვართ მე, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, საპატრიარქოს ხელოვნებისა და რესტავრაციის საბჭოს თანამშრომლები და ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები. როცა მათ ნახეს გარემოც და ადგილიც, ყველამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ამ სიწმინდეების იქ ყოფნა შეუძლებელია.
მეუფე ილარიონ, რა კონკრეტული წინადადებები აქვს საპატრიარქოს კომისიას და რა პასუხს სცემს ამაზე სახელმწიფო მხარე?
- კომისიის მუშაობის ძირითადი მიზანია სიწმინდეების დაბინავების პრობლემა. ამიტომ ჩვენმა კომისიამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სამი შესაძლო ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა. უპირველეს ყოვლისა, სეტის წმინდა გიორგის ტაძარი, სადაც უწინ იყო დაცული ეს სიწმინდეები. ამაზე უარი მივიღეთ იმ საბაბით, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სასაფლაოა და კონტეინერების შემოტანა გართულდებაო.
შემდეგ საცავად შევთავაზეთ სამღვდელმთავრო რეზიდენციის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, ყოველმხრივ შესანიშნავი შენობა, რომელიც კარგად გამოდგება ამ მიზნისთვის. გამძლეობითაც გამოირჩევა, თან პერანგით არის შემოსილი, რაც გარკვეული ტემპეტერატურის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს. არსებობს კიდევ ერთი ალტერნატივა, რაც ჩვენ შევთავაზეთ - ეს არის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის ბაზილიკის ტიპის ეკლესია. ამასთან, ორივე ეს ტაძარი ყოფილი მუზეუმის შენობასთან საკმაოდ ახლოსაა და ესეც აადვილებს საქმეს.
შედგა დიალოგი ამის თაობაზე. ვკითხეთ, რომელი ადგილი იქნებოდა მათთვის ყველაზე მისაღები? ყველამ ერთხმად აღნიშნა და მათ შორის მუზეუმის თანამშრომლებმაც, რომ ესაა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და გვეგონა, რომ შევთანხმდით ამ ვარიანტზე. შემდეგ, როგორც ჩანს, აზრი შეიცვალეს; მათ უბრალოდ არ სურთ, რომ ეს სიწმინდეები ტაძარში შევიდეს. ბოლოს ყველა ჩვენი წინადადება უარყვეს და დღემდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ.
უპირველეს ყოვლისა, მათ მოითხოვეს, რომ მუზეუმის ყველა ექსპონატი - ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალა, ყველაფერი ერთ სივრცეში უნდა განთავსდეს, არ დავაცალკევებთო.
ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი სინამდვილეში სულ სხვა რამაა. როგორ ჩანს, მათ ეშინიათ, რომ თუკი ეს სიწმინდეები ტაძარში შევა, ისინი საბოლოოდ დარჩება ეკლესიას. ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმაც აღნიშნა და ცალკე მეც განვაცხადე, რომ თუ ეს შიშია მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდით, მაშინ დავდოთ საგანგებო ხელშეკრულება, სადაც ჩაიწერება, რომ ეს სიწმინდეები ეკლესიაში შეინახება იმ პერიოდამდე, ვიდრე არ აშენდება მუზეუმის ახალი, შესაფერისი შენობა. მაგრამ ამ წინადადების მოსმენაც არ სურთ.
რა შენობებს სთავაზობს სიწმინდეების დროებით შესანახად სამინისტრო საპატრიარქოს?
- როდესაც ჩვენი წინადადებები უარყვეს, ჩვენ დავინტერესდით, თავად რა წინადადებები ჰქონდა კულტურის სამინისტროს, რომელ შენობაზე გააკეთებდნენ ისინი არჩევანს, სადაც ჩვენი სიწმინდეები იქნებოდა დროებით განთავსებული. როდესაც მუზეუმის შენობას ანგრევდნენ, მისი ექსპონატების თუნდაც დროებით სადმე გადატანაზე ხომ უნდა ეზრუნათ? გამოდის, რომ მათი შენახვა თავიდანვე კონტეინერებში ჰქონდათ განზრახული. მოგეხსენებათ, კონტეინერის დანიშნულება სულ სხვაა, იგი საცავი არ არის და მხოლოდ ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი.
კულუარებიდან შევიტყვეთ, თითქოს თავიდან საავადმყოფოში უნდოდათ სიწმინდეების განთავსება, რაც ყოვლად დაუშვებელია - რა უნდა სიწმინდეებს საავადმყოფოში?!
ბოლოს სიწმინდეების შესანახად მესტიის მუსიკალური სასწავლებლის ძველი შენობა შემოგვთავაზეს. კულტურის სამინისტროდან იყო ჩამოსული წარმომადგენლობა ჩემთან, შემხვდნენ და მაცნობეს, რომ ეს შენობა შეარჩიეს, როგორც ალტერნატიული ვარიანტი. მაშინ ჯერ არ მქონდა ნანახი აღნიშნული ნაგებობა და ვუპასუხე, რომ იგი უნდა ნახოს კომისიამ, ყველაფერი შემოწმდეს და შემდეგ შეიძლება ამაზე მსჯელობა.
შენობისთვის ფოტო ისეთი რაკურსით იყო გადაღებული, რომ ნორმალურ შთაბეჭდილებას ახდენდა, თითქოს იდეალური ორსართულიანი შენობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. პირადად დავინტერესდი ამ შენობით, საგულდაგულოდ დავათვალიერე იგი და ჩამოვიტანე ფოტომასალა, რომელიც იქ არსებულ რეალურ მდგომარეობას ასახავს. ეს ფოტოები წარვუდგინე საპატრიარქოს კომისიას და მათ იხილეს, რომ ნაგებობა აბსოლუტურად მოუწყობელია. შეიძლება ვთქვათ, რომ ამორტიზირებულია და კაპიტალური რემონტი სჭირდება, რაც, სულ ცოტა, 1-2 თვეს მაინც მოითხოვს, თან სვანეთში უკვე ზამთარია, ხოლო ზამთრის პირობებში რემონტის ჩატარება, როცა გარეთ -12 -13 გრადუსი ყინვაა, ძნელად წარმოსადგენია. გარდა ამისა, ამ მიზნისთვის შენობა სრულიად გამოუსადეგარია - ვიწრო ოთახები და მიხვეულ-მოხვეული ვიწრო დერეფნები რიგიანად მობრუნების საშუალებასაც არ იძლევა.
როდესაც ამის შესახებ ბატონ ნიკა ვაჩეიშვილს ვესაუბრეთ, მან აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ ეს შენობა ასეთ სავალალო მდგომარეობაში იყო.
სამინისტროს წარმომადგენლები საპატრიარქოში 11 ნოემბერს უნდა მობრძანებულიყვნენ. პატრიარქი ელოდა მათთან შეხვედრას, მაგრამ არც ერთი მათგანი არ მოსულა და წარმომადგენელიც არ გამოუგზავნიათ, რადგანაც გამჟღავნდა, რომ ამ შენობაში ყოვლად დაუშვებელი იყო სიწმინდეების განთავსება.
მაქსიმუმი გააკეთა ჩვენმა კომისიამ და აბსოლუტურად ობიექტურად დადო ყველა მასალა, მისცა შეფასება, მაგრამ სახელმწიფო მხარე არ წამოვიდა ჩვენთან დიალოგზე, ურთიერთობაც კი არ ისურვეს. ასე რომ, ყველა ჩვენი წინადადება და ინიციატივა კულტურის სამინისტრომ და ეროვნულმა მუზეუმმა უგულებელჰყო.
ტელევიზიით კვლავ აგრძელებენ საუბარს იმის შესახებ, რომ ეს სიწმინდეები ზემოაღნიშნულ შენობაში უნდა განთავსდეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი უვარგისია და რომც გარემონტდეს, ამ ზამთარში ახალგარემონტებულ ნაგებობაში მაღალი ტენიანობა იქნება. ამასთან, იქ იმდენი ნაგავია, რომ მარტო იმ ნაგვის გამოზიდვას დასჭირდება საკმაო ხანი. ეს ყველაფერი ჩემ მიერ კომისიისთვის წარდგენილ ფოტომასალაზეა ასახული.
მეუფე, როგორ გესახებათ ამ სადაო საკითხების მომავალი?
- მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ რამენაირად მოხდება სწორ პოზიციაზე შეთანხმება. ჩვენ მათ ისევ და ისევ თანამშრომლობას ვთავაზობთ. წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქადაგებაში შეეხო ამ საკითხს და კვლავ გაიმეორა ჩვენი შეთავაზება, რომ გარკვეულ პერიოდამდე ეს სიწმინდეები წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში განთავსდეს და დაიდოს ხელშეკრულება, რომ მომავალში იგი მუზეუმში დაბრუნდება,მაგრამ ამაზე პასუხი ჯერ არ არის.
ამ დღეებში გადაცემაში „პოსტ სკრიპტუმი“ ვიხილე სიუჟეტი, რომელშიც მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ თითქოს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი იმიტომ არის მათთვის მიუღებელი, რომ მაღალი გუმბათის გამო იქ რთულია ტემპერატურის დაბალანსება. მინდა გითხრათ, რომ ეს არის აბსოლუტურად არასწორი ხედვა და დამოკიდებულება. ჩვენ ეს საკითხები განხილული გვაქვს. სხვათა შორის, იმ პიროვნებამ, რომელიც სახელმწიფო მხარის წარმომადგენელია და უნდა დააყენოს სპეციალური აპარატურა ტემპერატურული რეჟიმის დასარეგულირებლად, აღნიშნა, რომ მისთვის ეს ტაძარი პრობლემას არ წარმოადგენს და შეუძლია იქ საცავისთვის აუცილებელი მიკროკლიმატის უზრუნველყოფა.
და თუ მაინც ეს ტაძარი მათი მხრიდან იმით არის დაწუნებული, რომ მაღალგუმბათოვანია, მაშინ ჩვენ ვთავაზობთ ბაზილიკის ტიპის მეორე ტაძარს, რომელიც კონტეინერებზე ცოტათი დიდია. თუმცა პასუხი, არც ამ შეთავაზებაზე გაგვცეს. უბრალოდ, ყველანაირად ცდილობენ, თავიდან აიცილონ სიწმინდეების ტაძარში შემობრძანება... მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოგვარდება და ჩვენ შევძლებთ სწორი გამოსავლის პოვნას.