Vivat ამერიკა!

Vivat ამერიკა!

ამ სტატიის დაწერისაკენ 2011 წლის ავბედითმა 26 მაისმა მიბიძგა. მაშინვე მინდოდა გამომექვეყნებინა. თუმცა, გადავიფიქრე. მიზეზი კი ის უმძიმესი სულიერი ტრავმა გახდა, რომელიც თბილისში, მეორედ ამ ოცი წლის განმავლობაში  (პირველად ეს 1991-92 წლების დეკემბერ - იანვარში, კანონიერად არჩეული - ეროვნული ხელისუფლების დამხობის დროს მოხდა), ქართველთა მიერ ქართველების ამოხოცვამ მომაყენა. ყველაფერმა ამან დაუსჯელობის სინდრომით დამთვრალი ”ვარდების ხელისუფლების” უკიდეგანო ცინიზმთან ერთად, ტრაგედიის შემდგომი პირველი წუთების აღშფოთება სასოწარკვეთით შემიცვალა. გამიჩნდა განცდა, რომ 2011 წლის 26 მაისის შემდეგ ჩემს მიერ ნებისმიერი, თუნდაც მწვავე და კრიტიკული ხასიათის წერილის გამოქვეყნება ”ვარდოსანთა” ტოტალიტარული მმართველობის დემოკრატიული ფასადის შელამაზებას შეუწყობდა  ხელს მხოლოდ.

 

ალბათ ვცდებოდი მაშინ... ასეა თუ ისე, მადლობა უფალს, რომ ზემოთ აღნიშნულმა განცდამ გამიარა. ამიტომაც გავბედე მკითხველის სამსჯავროზე დღეს გამომეტანა თითქმის ნახევარი წლის წინ დაწერილი ეს სტატია, რისთვისაც მოკრძალებით ვიხდი ბოდიშს.

 

”საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია ქართველი ხალხის  კეთილდღეობისა... და დემოკრატიული წინსვლის თვალსაზრისით“ - აი ასეა ნაბრძანები მიხეილ სააკაშვილის მისამართით ბარაქ ობამას მიერ გამოგზავნილ მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ვებ–გვერდზე ამა წლის 25 მაისს (რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე) გამოქვეყნდა.  

 

"საქართველოს მიღწევები კვლავაც სამაგალითოა მსოფლიოს სხვა დემოკრატიული მოძრაობებისათვის“ - ნათქვამია იმავე წერილში.

 

აშშ-ის პრეზიდენტის ზემოთ აღნიშნული სიტყვების წაკითხვის შემდეგ ვშიშობ, რომ ძალიან ბევრს ჩვენ ქვეყანაში სერიოზული ეჭვები გაუჩნდებოდა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება მეტი ხნით შენარჩუნება ვაშინგტონის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში.

 

ნამდვილად ზედმეტად მიმაჩნია იმ უბედურების დეტალებზე ვილაპარაკო, ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის 93-ე წლისთავზე  რომ დაგვატყდა თავს. დარწმუნებული ვარ, მათთვის, ვისაც მცირეოდენი გონიერება, ზნეობა და სინდის-ნამუსი მაინც შერჩენია, ისედაც ყველაფერი ნათელია. უმკაცრეს პასუხისმგებლობას კი ღვთისა და კანონის წინაშე, ადრე იქნება თუ გვიან, ვერავინ გაექცევა.

 

არც ის ივარგებს, ქართველებმა გაუთავებლად მხოლოდ და მხოლოდ მუშტები ვიქნიოთ ერთმანეთის მიმართულებით. ჯობს, ბოლოს და ბოლოს, ცოტა ტვინი გავანძრიოთ და ისიც დავინახოთ თუ რა ავისმომასწავებლად „დაემთხვა“ დროში ერთმანეთს 2011 წლის 26 მაისამდე და მის შემდეგ რამოდენიმე უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა. კერძოდ კი:

 

·         26 მაისამდე ორიოდ კვირით ადრე ამერიკული ინსტიტუტის IRI - ის მიერ ჩატარებული „ობიექტური“ სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვითაც თურმე საქართველოს მოსახლების 80%-ზე მეტს პოლიციაზე ამოსდის მზე და მთვარე და ერთი სული აქვს მადლიერების გრძნობა გამოხატოს იმისათვის, თუ პოლიცია მათ ცხვირ-პირს დაუმტვრევს ხელკეტებით;

·         ბარაქ ობამას ზემოთ აღნიშნული, ქართველ მომიტინგეთა დარბევის წინა დღეს გამოგზავნილი მისალოცი წერილი;

·         ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის რუსთაველის გამზირზე 26 მაისს მომხდარი ტრაგედიის წინა და შემდგომი განცხადებები;

·         ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც 26 მაისის ”კონფუზის” შემდეგ პირდაპირ მისწრება იყო საქართველოს ხელისუფლებისათვის;

·         მიტინგის დარბევიდან სულ რამოდენიმე დღის შემდეგ ამერიკელ კონგრესმენთა ჯგუფის ასევე „ვარდოსანთა“ მხარდამჭერი ვიზიტი საქართველოში.

 

ნუთუ საჭიროა კიდევ გავაგრძელო? ყველაფერი ხომ ისედაც ნათელია...            

 

ამიტომაც ბევრი დამეთანხმებოდა იმაში, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 26 მაისის გამთენიისას მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებულ შტატების დღევანდელი ხელისუფლების მიერ სააკაშვილის ხელისუფლების უკვე ტრადიციად ქცეული ”მხურვალე” მხარდაჭერა ”შავ ლაქად” დარჩება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიაში.

 

ნამდვილად არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ამერიკასა და ამერიკელებს მხოლოდ კარგი უნდათ საქართველოსთვის, მაგრამ ვშიშობ, რომ ხმამაღალი სიტყვიერი განცხადებების მიუხედავად, რეალურად, ვაშინგტონის ერთობ წინდაუხედავი და 2003 წლიდან დღემდე  უცვლელი,  ”ვარდების ხელისუფლების” და არა ქართველი ხალხის უპირობო მხარდაჭერის პოლიტიკა, ამერიკელთა ”ნებსით თუ უნებლეთ”, ხელს უწყობს  ქართული სახელმწიფოებრიობის რღვევის პროცესს,  რომლის ლოგიკური და ტრაგიკული შედეგი შესაძლოა ჩვენი სამშობლოს რუსული ან თურქული სახელმწიფოს წიაღში მოხვედრა გახდეს!

 

ნამდვილად შეუძლებელია, არ გაგვიჩნდეს ერთი კითხვაც - იმაში ხომ არ არის ყველა ჩვენი უბედურების სათავე, რომ როგორც გლობალისტური იმპერიალიზმის, ასევე - რუსული  ნეოიმპერიალიზმის პარადიგმებში  ვერანაირად ვერ ჯდება ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, არა ”პროამერიკული”, არა ”პრორუსული”,  არამედ ჭეშმარიტად ქართული საქართველო?

 

სწორედ ზემოაღნიშნულ კონტექსტში ხომ არ უნდა გავიხსენოთ ყველამ, თუ როგორ დაეცა გლობალიზმსა და რუსულ ნეოიმპერიალიზმთან დაუნდობელი ომის  ბრძოლის ველზე ჩვენი პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია?

 

ნამდვილად არ მინდა ყველაფერი ამის დაჯერება იმდენად ბევრი რამ მაკავშირებს ჩრდილო-ამერიკულ ცივილიზაციასთან, კულტურასთან და უაღრესად  მაღალზნეობრივ,  ტიპიურ ევრო-ამერიკულ ისეთ ფასეულობებთან, როგორებიცაა: თავისუფლება, ღირსება, კანონის უზენაესობა, კონსტიტუციონალიზმი, დემოკრატია და ბედნიერებისაკენ სწრაფვა, რომელთა სადარაჯოზეც უნდა იდგეს წესით, შინ იქნება თუ გარეთ, აშშ-ის მთავრობა.

 

დგას კიდევაც ბევრგან, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ასეთ ბედნიერ ქვეყნებს  შორის დღევანდელი საქართველო ნამდვილად არ მოიაზრება.

 

ჩემი თუ არ გჯერათ, ცნობილ ამერიკელ პოლიტოლოგს ლინკოლნ მიტჩელს მაინც დაუჯერეთ, რომელიც თავის ერთ ერთ ინტერვიუში პირდაპირ აცხადებს, რომ ვაშინგტონს საქართველოში შიდა სტაბილურობის შენარჩუნება და ავღანეთში ქართული კონტინგენტის ყოფნა ანაღვლებს თურმე ყველაზე უფრო მეტად.

 

ხომ არ გამოდის ავტორიტეტული ამერიკელი ავტორის ამ სიტყვებიდან ის, რომ ამერიკის ადმინისტრაციას  სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოში და ავღანეთში მყოფი საკუთარი ჯარისკაცების უსაფრთხოება, ჩვენი ბიჭების სიცოცხლის ხარჯზე, ბევრად უფრო მეტად აინტერესებს ვიდრე არა ფასადური, არამედ რეალური, ამერიკული სტანდარტების დემოკრატიის არსებობა ჩვენ ქვეყანაში?

 

შეიძლება ვინმე შემედავოს კიდეც, მაგრამ  ზემოთ დასმულ კითხვას, ჩემდა სამწუხაროდ, მხოლოდ დადებითად ვუპასუხებდი.

 

მართლაც და, რაში გვჭირდება საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატია? სრული ბედნიერებისათვის, ანუ სტაბილურობის შენარჩუნებისათვის ხომ ისიც იკმარებს, თუ ჩვენ - ქართველ მამებს ამერიკელთა ნაჩუქარ ხელკეტებს ჩაგვარტყამენ თავში ვაშინგტონის მიერ გაწვრთნილი პოლიციის სპეციალური დანიშნულების ქვეგანაყოფებში მომსახურე ჩვენი შვილები! ქართულ ჯარში მომსახურე სხვა ჩვენი ბავშვები კი ავღანეთში დაღვრიან სისხლს ამერიკელი ბიჭების ნაცვლად.

 

დასარულს კი ერთ კარგად ცნობილ გამონათქვამს შევახსენებდი ჩვენ უცხოელ მეგობრებს: „ყველგან და ყოველთვის ყველაზე სტაბილური და უსაფრთხო ადგილი მხოლოდ სასაფლაოა“.

 

P.S. ძვირფასო ამერიკელებო. ნუ გაგვწირავთ ქართველებს ”სასაფლაოზე” საცხოვრებლად. ბოლოს და ბოლოს გაბედეთ და ქმედითად, ჭეშმარიტად ამერიკული ენერგიითა და შემართებით დაუჭირეთ მხარი რეალური დემოკრატიის დაფუძნებას საქართველოში. ამის გარანტია კი მხოლოდ თქვენი ხელშეწყობითა და მკაცრი კონტროლით, პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში, გაუყალბებელი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იქნება.

 

კარგად მოგეხსენებათ, ჩვენო კეთილო მეგობრებო, რომ უკლებლივ ყველა ქვეყანაში ნამდვილი და არა ცრუ დემოკრატიის უპირველესი კრიტერიუმი თავისუფალი არჩევნების შემდეგ მმართველი უმრავლესობის ხელისუფლებიდან ცივილიზებული წასვლა და ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლაა მხოლოდ, და მეტი არაფერი.

 

სწორედ ამიტომაც მგონია, რომ 2012 წლის ჩვენი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის ”ტესტი” საქართველოსთვის კი არა, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მთავრობებისათვის  იქნება.