"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"აფხაზებმა კოდორი-ჭუბერის დამაკავშირებელი 45-კილომეტრიანი გზა გახსნეს, უღელტეხილზე კი საგუშაგო მოაწყვეს. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას არა მარტო კოდოროს ხეობის - საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიების მიმართ გარკვეული ჩანაფიქრი აქვს. ეს არის ამ ტერიტორიების მომავალში სრულიად ათვისება ან ყოველ შემთხვევაში თავიანთი კონტროლის ქვეშ დაქვემდებარება", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთი "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კოდორის ხეობა ყარაჩაი-ჩერქეზეთში მდებარე ნაკრძალს შეუერთეს / რუსებმა კოდორი-ჭუბერის ახალგარემონტებული გზა გახსნეს.
"2010 წელს შეადგინეს გეგმა, სადაც გათვალისწინებულია ტრანსკავკასიური გზების მშენებლობა. აღმოსავლეთიდან რომ დავიწყოთ, დაღესტნის სოფელ ბეშთადან, საზღვრამდე, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლამდე გააკეთეს და მოიყვანეს გზა. გარდა ამისა, როკის გვირაბის რემონტი მიმდინარეობს და პარალელურ მეორე გვირაბსაც აკეთებენ, გამტარიანობა რომ გაიზარდოს. მამისონის უღელტეხილზეც გაიყვანეს გზა და პროექტშია ამ გზის გაგრძელება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ტრანსკავკასიურ პროექტში კი მეოთხე ზუსტად ეს გზაა, რომელიც ყაღაჩაი-ჩერქეზეთიდან პირდაპირ სოხუმამდე მიდის. ყაღაჩაი-ჩერქეზეთის მხარე მთლიანად გაკეთებულია, ახლა აკეთებენ დაახლოებით 90-კილომეტრიან გზას - სოხუმისა და ქლუხორისუღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიას და ამ გზამ კოდორის ხეობაში უნდა გაიაროს და საბოლოოდ ყაღაჩაი-ჩერქეზეთიდან მომავალ გზას უნდა შეუერთდეს - ეს არის მასშტაბური პროექტი, რომლის ერთ-ერთი ნაწილი დაასრულეს ახლა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"გზა ხომ კეთდება, ასევ პლუს კოდორის ხეობა, რუსებისა და აფხაზების მოლაპარაკების შედეგად, ქაღალდზე ჩრდილოეთ კავკასიის მიმდებარე ტერიტორიას - ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე მდებარე ნაკრძალის სივრცეში არის შეყვანილი. საქართველოს მხრიდან მას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორია ესაზღვრება. აფხაზებმა ნაკრძალის დირექტორად პირველი ომის დროს აფხაზური გენშტაბის უფროსის, გენერალ დბარის შვილი რომან დბარი დანიშნეს. ეს არო, ეს გარემონტებული გზა და კოდორის ხეობის ათვისება არის რუსეთის სერიოზული პოლიტიკური ჩანაფიქრის ნაწილი", - განმარტავს ექსპერტი.
"ამასთან, სააგენტო "პირველის" წყაროს ინფორმაციით, კოდორის ხეობაში, სოფელ გაწვისში რუსი სამხედროებისთვის ბაზის მშენებლობაც დასრულებულია. ამ დროისთვის გენწვისში 4 ხუთსართულიანი კეთილმოწყობილი კორპუსია მზად. მსგავსი შენობების მშენებლობა რუსი სამხედროებისთვის საკენშიც მიმდინარეობს. რაც შეეხება საგუშაგოებს, რუს სამხედროებს ისინი ხეობის ოთხ სოფელში - საკენში, გენწვისში, ომარიშარასა და ქვაფჩარაში აქვთ მოწყობილი. სამხედროებს ამჟამად ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხება არ აქვთ და ბოლო პერიოდში არც შევიწროების ფაქტებს ჰქონია ადგილი. ადრე არჩევნების დროს პატარ-პატარ ინციდენტები ხდებოდა - ძირითადად პასპორტებთან დაკავშირებით - ადგილობრივებზე ზეწოლას ახდენდნენ და პასპორტების აღებას აიძულებდნენ, მაგრამ როცა სიტუაცია დაიძაბა და ხეობის დაცლის საფრთხე შეიქმნა, ზეწოლა შეწყვიტეს და ადგილობრივებს შეეშვნენ. ამჟამად ხეობაში აფხაზური მთავრობაა განთავსებული, თუმცა აფხაზები აქ მუდმივად არ ცხოვრობენ. ადგილობრივ სვანებს სთხოვენ უკან დაბრუნებას და ჰპირდებიან, რომ ხელს არ შეუშლიან", - აღნიშნავს გამოცემა.
"მოსახლეობის დიდი ნაწილი არც წამოსულა ხეობიდან. თანაც, თუკი სოფელში ოჯახის ერთი წევრია დარჩენილი, ისიც ერთ ოჯახად ითვლება. კოდორის ხეობაში სულ 80 კაცამდე ცხოვრობს. ქართველების დაბრუნებას რაც შეეხება, ეს სულ სხვა თემაა. ვიცით, ომ დიდი და პატარა ლიახვის მოსახლეობა მთლიანად გამოყარეს. მაგრამ ამავე დროს ახალგორის მოსახლეობას ეჭიდებიან - დარჩითო. იგივე ხდება კოდორის ხეობასთან დაკავშირებით. მსოფლიოს უნდათ აჩვენონ, რომ მათ ეთნოწმენდა კი არ მოაწყვეს, ეს ომის შედეგი იყო და ახლა პირიქით, ქართველების დაბრუნებას ცდილობენ. რასაც გალსა და ახალგორში აკეთებენ, იგივე ხდება კოდორშიც", - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.
"ცნობისთვის, კოდორის ხეობის პრობლემის ინიცირება სამხედრო ნაწილების შეყვანის გამო ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად მოხდა - კოდორში მოსახლე სვანებსა და აფხაზებს შორის გარკვეული ზეპირი ზავი იყო, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ. 1995 წლის შემდეგ იქ შეტაკება არ მომხდარა. ეს ზავი 2008 წელს აფხაზურმა მხარემ დაარღვია და ხეობას შეუტია. თუმცა ომის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროება არ ყოფილა, პირიქით, აფხაზები ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობის გული მოიგონ", - დასძენს მამუკა არეშიძე.
1512
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85