ბრძოლა პრესის წინააღმდეგ გრძელდება

ბრძოლა პრესის წინააღმდეგ გრძელდება


"ამ ეტაპზე ქალაქიდან პრესის გამავრცელებელი 18 ჯიხური აიღება. პროცესი გრძელდება - როგორც "რეზონანსს" მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა განუცხადა, ყველა ჯიხური, რომელსაც ხელშეკრულების ვადა ამოწურული აქვს, ქალაქიდან აღებული იქნება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ პრესის გამავრცელებელი ყველა ჯიხური ქალაქიდან გაქრება, რადგან არათუ ხელშეკრულების ვადა აქვთ გამავრცელებელ კომპანიებს გასული - მერიამ რამდენიმეწლიანი თხოვნის მიუხედავად მათ ხელშეკრულება საერთოდ არ დაუდო და ისე იხდიდნენ მიწის საფასურს. თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ "რეზონანსისთვის" გამოგზავნილ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ძველი და უსახური ჯიხურები" ახალი დიზაინის ჯიხურით უნდა შეცვალონ და რომ ვერც ერთ ბიზნესს, მათ შორის ვერც პრესის გამავრცელებლებს შეღავათს ვერ გაუწევენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბრძოლა პრესის წინააღმდეგ გრძელდება / თბილისის მერიაში უკვე ღიად ამბობენ, რომ პრესის გამავრცელებელ ყველა ჯიხურს აიღებენ.

"ნებისმიერი სახის გამონაკლისი ან შეღავათი, რის საფუძველზეც გარკვეულ პირებს ჯიხურის ჩადგმის ნებართვა ინტერნეტ-აუქციონის გარეშე მიეცემათ, გამოიწვევს იმ ადამიანების უფლებების დარღვევას, რომლებმაც აუქციონში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს. იგივე მიზეზის გამო მერია ვერ დაუშვებს გამონაკლისს და უნებართვო ჯიხურებს ვერ დატოვებს ქალაქში, რადგან ამ შემთხვევაში დაზარალდებიან ის მეწარმეები, რომლებმაც გაიმარჯვეს აუქციონში და იხდიან იჯარის გადასახადს" - წერია მერიის პრესსამსახურის მიერ "რეზონანსისთვის" გამოგზავნილ განცხადებაში. კომპანია "პლანეტა-ფორტეს" დირექტორი მერაბ ჩანჩალაშვილი აცხადებს, რომ ეს პროცესი საბოლოოდ იქამდე მივა, რომ პრესას გამავრცელებელი აღარ ეყოლება საერთოდ", - აღნიშნავს გამოცემა.

"დღეს მერიაში პრესის სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ ჩვენი ჯიხურები ორი დღის ვადაში უნდა ავიღოთ - წინააღმდეგ შემთხვევაში კანონითY მინიჭებული უფლებით ისარგებლებენ. აღნიშნულის მიზეზად ზედამხედველობის სამსახური ნებართვების უქონლობას ასახელებს. წლების წინ, როდესაც ჯიხურები ჩავდგით, მხოლოდ მერიის შესაბამისი დადგენილება იყო საკმარისი, რაც გვაქვს. თუმცა ისინი მიწის იჯარის საბუთს ითხოვენ, რაც ახლახან შემოიღეს და ბუნებრივია, არ გვექნება. თავიდან 80 ჯიხური მქონდა. ნელ-ნელა ამაღებინეს და დამრჩა 38. ახლა კიდევ 6 უნდა ავიღო. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაცია დახურვის პირასაა. ფაქტობრივად მუშაობა აზრს კარგავს, რადგან 20-30 ჯიხური ვერ შეინახავს იმ პერსონალს, რომელიც მუშაობს ჩვენთან დახარისხებაში, მიწოდებაში, ფიზიკურად გახდება შეუძლებელი კომპანიის მუშაობა და მოგვიწევს ჩვენი ნებით დავხუროთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ ჩანჩალაშვილი.

"ვეთანხმები გაზეთების რედაქტორებს იმაში, რომ პრესის გავრცელებას ექმნება სერიოზული საფრთხე, რადგან სპეციალიზებული გამავრცელებლები უბრალოდ აღარ იარსებებენ. რედაქციები თავად ვებ ჩამოატარებენ გაზეთებს და ვერ გაავრცელებენ. მათ ამისთვის გამავრცელებელი სამსახურები სჭირდებათ, რომლებიც უბრალოდ დაიხურებიან. ამის გაკეთება ჩვენ არ გვინდა, მაგრამ იძულებული ვხდებით დავხუროთ კომპანიები", - დასძენს მერაბ ჩანჩალაშვილი. ამასთან, "რეზონანსის ინფორმაციით, იმ ჯიხურებში, რომელთა აღებასაც ითხოვენ, გუშინ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მისულები და საკმაოდ უხეში ფორმით მოსთხოვეს დაქირავებულ თანამშრომლებს ჯიხურების აღება. ჩანჩალაშვილის თქმით, ეს საკითხი მერიაში შეხვედრაზე დაისვა, რაზეც "ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი" თავადაც ძალიან შეწუხდა და გარკვევის მიზნით ამ ობიექტების მისამართი მოითხოვა. თავად მერიაში კი "ძალიან თავაზიანად" მოხდა ყველაფერი... კომპანია "მაცნეს" იურისტი დალი მაჭარაშვილის განცხადებით კი, მათ კომპანიას 2-ჯერ მეტის - ანუ 12 ჯიხურის აღებას სთხოვენ", - დასძენს გამოცემა.

"ჯიხურების აღების მიზეზს რაც შეეხება, ჩვენ ხელშეკრულებები არ გვაქვს მერიასთან, მიწის გადასახადს კი ვიხდიდით დღემდე, მაგრამ ხელშეკრულება არ გვაქვს. ეს მიწები არის ქალაქის საკუთრება, გამოაცხადეს აუქციონი და თავის მიწას დატვირთავენ იმის მიხედვით, როგორც ჩათვლიან მიზანშეწონილად... შემოდავებით ყველა ჯიხურზე შეუძლიათ მოგვედავონ ზუსტად იგივე მიზეზით, რა მიზეზითაც ამ 12 ჯიხურის აღებას ითხოვენ. არ გვაქვს იურიდიულად საბუთები გამაგრებული, ამ მიწებზე არც ქირავნობის ხელშეკრულებები გვაქვს, არც საიჯარო, არც არაფერი - ამიტომ ეს სისტემა მოსაწესრიგებელია... რამდენიმე ლოტზე მივიღეთ ამ აუქციონში მონაწილეობა და იმდენად ავარდა ფასები და გაიყიდა კიდეც ამ ფასად, რომ ჩვენ ამ ფასებს ვერანაირად ვერ შევწვდებოდით. რაც შეეხება ქალაქში პრესის გავრცელების პრობლემას - მართალია, პრესის გაყიდვა შეიძლება მოხდეს სუპერმარკეტებში, მაგრამ ამ ტენდენციით აღარ იარსებებს სპეციალიზებული გამავრცელებლები, რადგან ჩვენ ფიზიკურად ვეღარ შევძლებთ ვიარსებოთ", - მიიჩნევს კომპანია "მაცნეს" იურისტი დალი მაჭარაშვილი.

"მერიაში კი აცხადებენ, რომ ნებისმიერ პრესის გამავრცელებელ კომპანიას ახალ ჯიხურებში ისევე შეუძლია გაყიდოს გაზეთების გარდა სხვა პროდუქცია, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ და შესაბამისად, მერია არ იღებს კომპანიის წარმომადგენლების არგუმენტს, რომ ისინი არათანაბარ პირობებში არიან სხვა ბიზნესთან შედარებით. იმის დასტურად, რომ გაზეთების გარდა, არსებულ ჯიხურებში სხვა პროდუქცია იყიდებოდა, მერიის პრესსამსახურმა ფოტოები გამოგზავნა, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა უბნებშია გადაღებული და სადაც ჩანს, რომ გაზეთებთან ერთად ამ ჯიხურებში თამბაქო და საღეჭი რეზინი იყიდება. განცხადებაში აგრეთვე საუბარია იმაზე, რომ თბილისი მერიაში საკითხის პოლიტიზება არასწორად მიაჩნიათ, რადგან საქმე ეხება ჯანსაღი კონკურენციის შექმნას... "რეზონანსისთვის" გამოგზავნილ გაცხადებაში ნათქვამია: "თითო ჯიხურში დაახლოებით 3-4 ადამიანი დასაქმდება, რაც მინიმუმ ათასამდე სამუშაო ადგილს შექმნის. ასევე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს შევიდეს ვებ-გვერდზე იაუცტიონ.გე, დარეგისტრირდეს და აირჩიოს მისთვის სასურველი ადგილი, გადაიხადოს ბეს სახით 500 ლარი და ჩაერთოს ელექტრონულ აუქციონში. იჯარის წლიური საწყისი ფასი არის 1000 ლარი...", - წერს სტატიის ავტორი.