ბიზნესი დასუსტდა, საბანკო სექტორი კი გასუქდა

ბიზნესი დასუსტდა, საბანკო სექტორი კი გასუქდა


რის ხარჯზე აღმოაჩნდათ ბანკებს ეგზომ დიდი მოგება? ეს კითხვა აბსოლუტურად ლოგიკურად გაჩნდა. ბოლო 3 წელია ქვეყანაში ბიზნესი ერთ ადგილს ტკეპნის (ან უკან მიდის), ეკონომიკა არ ვითარდება, ბანკებმა კი ასეულობით მილიონი მიითვალეს. 2011 წლის ათი თვის მონაცემებით, ბანკებმა რეკორდული, 234-მილიონიანი მოგება მიიღეს. 
ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, ერთის მხრივ კარგია, როდესაც საბანკო სექტორი მოგებაზე გადის, მეორეს მხრივ კი ეს ვითარება აჩვენებს, რომ საბანკო სექტორი სხვა სფეროების ხარჯზე მუშაობს და არა მათ განვითარებაზე.

ქართული საბანკო სექტორის მოგებაზე გასვლა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს კომერციული ბანკების მიერ კერძო ბიზნესების გაკოტრებასთან და დიდი საურავების დაწესებასთან, აგრეთვე სესხების ამოღების პოლიტიკის მკვეთრად გამკაცრებასთან. ეს ეჭვები რეალურიცაა თუკი ბანკებისა და მეწარმეების ურთიერთობას გადავხედავთ.  
ბანკები თითქმის არ ზრუნავენ მეწარმეების ხელშეწყობისთვის, რათა მათ კრედიტი დაფარონ და მუშაობა გააგრძელონ. ასეთი ფაქტები განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ უამრავია. ბიზნესის გაკოტრება (მათ შორის, უკანონო გზებით, როგორც ეს “ელიტ ელექტრონიქსის” შემთხვევაში მოხდა) და ბანკების მიერ მათი ჩაყლაპვა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

ერთადერთი ბანკი, რომელმაც კომპანიების გაკოტრების ხარჯზე მოგების მიღებაზე უარი თქვა, ბანკი “რესპუბლიკაა”, რომელმაც სხვა ლიდერი ბანკებისგან განსხვავებით, შარშანდელი წელი ზარალით დაასრულა. ამის მიზეზად ბანკის ერთ-ერთმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა იმ კომპანიათა ფინანსური პრობლემები დაასახელა, რომელთა ლიკვიდაცია ბანკს არ განუხორციელებია. 

ბანკის ასეთმა დამოკიდებულებამ შედეგი გამოიღო როგორც პრობლემებური კომპანიებისთვის, ასევე ბანკისთვის და როგორც ასლანიშვილი აცხადებს, მიმდინარე წელს “რესპუბლიკა” სულ სხვა მონაცემებით დაასრულებს. სხვა ბანკებს ასეთი გზით არჩევისთვის თავი არ შეუწუხებიათ. ამიტომ წვრილ თუ საშუალო ბიზენსს ცუდი დღეები გაუთენდათ. 

საქართველოს ბანკების ასოციაციაში კატეგორიულად არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ სექტორის მოგებას მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ბიზნესისადმი არალოიალური მიდგომა განაპირობებს. ისინი საბანკო სექტორის რეკორდული მოგების ძირითად მიზეზად მომსახურების ხარისხის გაზრდას ასახელებენ.  

ბანკების ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ბანკები აქტიურად აკრედიტებენ სხვადასხვა დარგობრივ სექტორებს და ამ სექტორების წარმატება თუნდაც ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაში გამოიხატება.
განსხვავებული შეხებულება აქვთ ექსპერტებს. ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბაშიშვილის თქმით, ბანკების მაღალი მოგება მაღალი მარჟის შედეგია. “სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, რომელიც, არ არის რეალურად არსებული რისკების ადეკვატური. ამის დადასტურებაა სწორედ ის, რომ სხვა სფეროებში, რომელთა ფინანსური წყაროები თავად ბანკები არიან, ასეთი მაღალი მოგება არ ფიქსირდება”, - განუცხადა რადიო “კომერსანტს” აბაშიშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნოდარ ხადურის შეფასებით კი, ბანკებს მეტი მოგების მოლოდინში საყოველთაო დაკრედიტების სურვილი აღარ აქვთ. ბანკებმა სესხების ამოღების პოლიტიკა გაამკაცრეს, რის შედეგადაც დაიწყო თანხების უკან დაბრუნება. ყოველივე ამან კი საბანკო სფეროში აქამდე არნახული მოგება მოიტანა.