მუსიკალური სკოლის შენობას საგანგებოდ აწყობენ - კოსმეტიკურ რემონტს უკეთებენ და მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში, ე.წ. სპეციალურ კონტეინერებში მოთავსებული სიწმინდეების გადასატანად ამზადებენ. კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ 24 ნოემბერს, საინფორმაციო სააგენტო “პირველისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ნახავს, რომ ყველაფერი კარგადაა, საგანძურს დროებით საცავში საკუთარი ხელით გადაიტანს.
“ობიექტივს“ მესტიიდან მოაწოდეს 24 ნოემბერს გადაღებული ფოტოები, რომელშიც ჩანს, რომ შენობა გარედან თეთრი საღებავით გაღებეს, კარ-ფანჯრებს გისოსები დაუყენეს, შენობის მიმდებარე ტერიტორიას ხის ღობე შემოავლეს, კედლებზე ე.წ. გიფსოკარდონები გააკრეს და ლამინატი დააგეს.
კულტურის მინისტრი ირწმუნება, რომ იქ, სადაც ამჟამად არის ეროვნული საგანძური (ანუ სახელდახელოდ შეკრულ ე.წ. კონტეინერებში) ყველაფერი კარგადაა და რომ საგანძურს საფრთხე არ ემუქრება. იმაში დასარწმუნებლად ტყუის თუ არა ნიკა რურუა, ამ ვიდეორგოლის ნახვის შემდეგაც შესაძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ხელოვნებთმცოდნეებისა და რესტავრატორების შეფასებებზე http://www.youtube.com/watch?v=XJ2X4su2PR8&feature=related
უცვლელად გთავაზობთ კულტურის მინისტრის კომენტარს, რომელიც მან სააგენტო “პირველის“ ჟურნალისტს, ნათია რუხაძეს მისცა:
“კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა "პირველთან" საუბრისას სვანეთის საგანძურის გარშემო არსებულ დავას "პოლიტიკური ქულებისთვის ატეხილ ვნებათაღელვას" უწოდებს:
"სვანეთის საგანძური არ ფუჭდება, ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და ესეთი შედეგი წარმოუდგენელია იმიტომ, რომ ის დაცულ ადგილასაა. სხვათა შორის, ადგილობრივი მოსახლოების დაჟინებული თხოვნით, მათი შენახვა იმავე ტერიტორიაზე განხორციელდა, სადაც მუზეუმი იყო. ამ წუთას საგანძური სადაც არის, იქ არაფერი ზიანდება, - ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რადგან ყველა სპეციალისტი მიდასტურებს. მუზეუმი აშენდება, მისი მშენებლობა დაახლოებით ზაფხულში დასრულდება. მანამდე კი 24-25 ნოემბერს დროებითი საცავის რემონტი დასრულდება", - განაცხადა რურუამ და დასძინა, რომ იგი მესტიაში პირადად ჩავა და მას შემდეგ, რაც ნახავს, რომ ყველაფერი კარგადაა, სვანეთის საგანძურს დროებით საცავში საკუთარი ხელით გადაიტანს“.
როგორც ჩანს, კულტურის მინისტრს ან არ უნდა მოისმინოს იმ სპეციალისტების აზრი, რომლებიც ამბობენ, რომ საგანძურის ე.წ. კონტეინერებში ყოფნა სახიფათოა და ამ კუთხით ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს, ან მსგავსი შეფასებები ბატონ მინისტრს მოსმენილი აქვს, მაგრამ რადგან მისთვის მიუღებელია, იგნორირებას უკეთებს, ისევე, როგორც პატრიარქის პოზიციას.
21 ნოემბერს კულტურის მინისტრის მოადგილეს, დავით ცხადაძეს წამოსცდა, თუ განგებ თქვა ძნელია სათქმელია, მაგრამ იმ ყბადაღებულ ე.წ. კონტეინერების წარმომავლობაზე, საგანძურის გადასარჩენად შექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს გვითხრა, რომ ეს “კონტეიენერები ძლივს იპოვეს თურქეთში“!
თურქეთი აქამდე არავის დაუსახელებია. გვეუბნებოდნენ “კონტეინერები“ იტალიიდან სპეციალურად გამოვიწერეთო; ჩვენ კი “კონტეინერებზე“ არსებული წარწერა გადავათარგმნინეთ და აღმოჩნდა, რომ ის დამზადებულია ჩინეთში, გვანდუნის პროვინციაში, ჭუნგშანის ქარხანაში.
ფოტოები, რომელიც ამ მისამართზე http://www.youtube.com/watch?v=UECkTJABWnM შეგიძლიათ ნახოთ, ჩვენი თხოვნის საფუძველზე მესტიიდან მოგვაწოდეს. ამ ფოტოებშიც (ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში http://www.youtube.com/watch?v=sSZ47fxBrl0) ნათლად ჩანს, რომ ადგილი, სადაც ეს შენობა დგას, დამეწყრილია - შენობის პირველი სართული მთლიანად მიწაშია.