რამდენიმე საათის წინ, მედიასაშუალებებით გავრცელდა კონტროლის პალატის დასკვნა ქვეყანაში ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამაში დაშვებული დანაშაულის შესახებ. ამ დასკვნის მიხედვით არამიზნობრივმა ხარჯმა და გაფლანგული თანხების ოდენობამ 2 400 000 ლარი შეადგინა. მაშინ როცა ტუბერკულოზის მართვისთვის (ორგანიზაციული კოდი - 35 12 02 03, დანართი 3.3–ის შესაბამისად) 2011 წელს პროგრამის ბიუჯეტი 9 615 200 ლარით განისაზღვრა.
ანუ სახეზეა ის, რომ დაავადებულთა დაახლოებით 25% -მა პროგრამით გათვალისწინებული სერვისები ვერ მიიღო.
საქართველოში ტუბერკულოზის სტატისტიკა ასეთია:
მოსახლეობის ავადობა ტუბერკულოზით
რეგისტრირებულ 2004წ 2005წ 2006წ 2007წ 2008 წ 2009წ
ავადმყოფთა რაოდენობა
2010 წლის ბოლოსათვის –
სულ, ერთეული 6209 6321 6001 6450 5504 6108
მათ შორის ახალი შემთხვევები 3989 4057 3979 4170 3774 4418
როგორც ხედავთ სახეზეა ახალი შემთხვევების მატება.
ცალკე თემაა „წინააღმდეგობის მოძრაობის“ მიერ ატეხილი განგაში, ციხეებში ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა შესახებ. ოფიციალური მონაცემებით, ტუბერკულოზით პატიმართა 6,6%-ია დაავადებული, არაოფიციალურად კი თითქმის ნახევარი. ტუბერკულოზის გავრცელებამ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში ბოლო პერიოდში კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და სწორედ ეს დაავადება წარმოადგენს პატიმართა სიკვდილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოს ციხეებში მყოფი 24 ათასი პატიმრიდან 1 579, ანუ დაახლოებით 6,6% ტუბერკულოზითაა დაავადებული. უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ რეალურად პატიმართა თითქმის ნახევარი ტუბერკულოზითაა ავად.
სისტემის დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის დროს, სახალხო დამცველის აპარატმა გამოავლინა, რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები გადაჰყავთ ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, სადაც ასეთი პატიმრები მალევე იღუპებიან.
მულტირეზისტენტული ფორმით გარდაცვლილთა მაჩვენებელი ბოლო პერიოდში (წინა პერიოდებთან შედარებით) გაცილებით მაღალია. პაციენტებს როგორ დააკლეს თანხები და პატიმრებს რას უზამდნენ?!
სწორედ ამიტომ ჩვენ და ორგანიზაცია „გვახსოვდეს ჰიპოკრატე“ მუდმივად ვცდილობდით ამ თემის ირგვლივ გვეაქტიურა - რამდენიმეჯერ მივმართეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ ანდრია ურუშაძეს, რათა ქალაქ თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომისიის სხდომაზე (რომელიც ეხებოდა ტუბერკულიოზის შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით ქალაქში არსებული ვითარების დეტალურად გაცნობას, შეფასებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას), მოევლინა თანამშრომელი, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილების „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, ორგანიზაციულ საკითხებთან საკონსულტაციოდ, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.
შეხვედრებზე უარი განაცხადა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა იგორ კალანდაძემაც, რომელიც მხოლოდ პრესიდან ეპისტოლარულ ჟანრში გვეხმიანებოდა და „გვაიმედებდა“, რომ მის სფეროში ყველაფერი კარგად არის. ახლა, ხომ ყველა დარწმუნდა, რომ ყველაფერი ცუდად არის?! უნებურად გალაკტიონიც გაგახსენდება - „ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის“.
ჩვენ არავის ნიშნის მოგება არ გვინდა, ოღონდ საქმე გაკეთდეს და რაიმე იღონეთ თვითკმაყოფილების ნისლში გახვეულო ჩინოსნებო, თორემ ქვეყანაში პირდაპირი გენოციდია, გენოციდი ჯანდაცვის დაუცველობით.