ხათუნა ჩიგოგიძე, "კვირის პალიტრა"
მოსკოვის მიერ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე ემბარგოს დაწესება ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად არ ყოფილა უმტკივნეულო. "რუსეთს აუცილებლად მოუწევს 2006 წელს დაწესებული ემბარგოს გაუქმება და საქართველოც ნებისმიერ შემთხვევაში მოიგებს, თუ სავაჭრო ურთიერთობებს აღადგენს უზარმაზარ რუსულ ბაზართან", - ასე წერდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრების შემდეგ დასავლური პრესა. ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ქართული მხარის ცალკეული წარმომადგენლებიც ცდილობდნენ. ცოტა ხნის წინ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ გამოაცხადა, რომ ჩვენი პროდუქცია რუსეთში 2011 წლის ბოლომდე დაბრუნდება. საკმაოდ ძნელი გასარკვევი აღმოჩნდა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ქართულ ღვინის კომპანიებში, რადგან მათი უმრავლესობა ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს.
მთავრობის პოზიცია ჯერჯერობით უარყოფითია. უმაღლეს ხელისუფლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ რუსული ბაზარი სანდო არ არის და იქ დიდი მოცულობით შესვლა ჩვენი ბიზნესებისთვის სარისკოა. წინა კვირაში პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა კვლავაც არასანდო უწოდა რუსეთის ბაზარს და ქართველ ექსპორტიორებს ურჩია, რუსეთის ბაზრის გახსნისთანავე იქ მყისიერად დაბრუნებისგან თავი შეიკავონ. გილაურს არც იმის ხაზგასმა დავიწყებია, რომ მსო-ს წესებით, წევრ ქვეყანას არ აქვს უფლება სხვა წევრი ქვეყნის პროდუქციის იმპორტი აკრძალოს. აღსანიშნავია, რომ კომპანიებს "სარაჯიშვილსა" და "ბორჯომს" არ დაუმალავთ, რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
გიორგი მოსიაშვილი ("თავისუფალი საქართველოს" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე): "ამ მოლაპარაკებებში ჩართული ვიყავი და ერთი რამის თქმა შემიძლია: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე პოლიტიკის გავლენა ჩვეულებრივი ამბავია და ეს ხალხიც დაშინებულია. კომპანიები, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ამაზე არ ლაპარაკობენ, არ ვართ მოტივირებული, რომ მაინცადამაინც რუსულ ბაზარზე გავიდეთო, აცხადებენ. სინამდვილეში კი სხვაგვარად ფიქრობენ. რუსეთის ბაზარი რომ მნიშვნელოვანია, უბრალო კახელმა გლეხმაც კი იცის. მაგალითად, 2006 წელს, ემბარგომდე, 50 მილიონი ბოთლი ღვინო გადიოდა ექსპორტით, 2010 წელს საქართველოდან სულ 12 მილიონი ბოთლი გავიდა. ვენახი მეც მაქვს და ჩემი ოჯახის მაგალითზეც ვხედავ, რაც ბოლო წლებში ხდებოდა და ხდება. რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანა თითოეული გლეხის ოჯახზე აისახება. კარგია ინდოეთში ან ჩინეთში ღვინის გატანა, მაგრამ ყოფილი საბჭოთა სივრცე ჩვენთვის მაინც უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, აშშ-ში საქართველოდან გაცილებით ნაკლები ღვინო გადის, ვიდრე პატარა ლიტვაში. შვიდი კომპანია ვიცი, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთის მთავარ სანიტართან, მაგრამ არც ერთს სახელის გამხელა არ სურს. ამ ეტაპზე რუსეთის სანიტარიული სამსახური მზად არის, ნებისმიერ კომპანიასთან ინდივიდუალურად წარმართოს მოლაპარაკება, მათი პროდუქცია შეამოწმოს და თუ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, რუსეთში შეიტანოს. ონიშჩენკომ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ქართულ ღვინოსა და ‘ბორჯომს" ემბარგო აღარ ეხება. ხელისუფლების არგუმენტაციით კი, არ შეიძლება პროდუქცია გავიტანოთ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. თუ ქართულ მაღაზიებში რუსული ორცხობილა ან შოკოლადი იყიდება, რატომ არ შეიძლება ქართული ღვინო რუსეთში გავიდეს? ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის ბაზარი მეტად საინტერესოა და უკვე სხვა ქვეყნები ითვისებენ. თუ არ ვიჩქარებთ, რამდენიმე წელიწადში ქართული ღვინის შეტანა იქ ძალიან გაჭირდება".
ელგუჯა ბუბუტეიშვილი (კომპანია "სარაჯიშვილის" გენერალური დირექტორი): "კომპანია "სარაჯიშვილი" რუსულ მხარესთან მოლაპარაკებას ამერიკული კომპანია ‘ოპტიმა ჯგუფის" მონაწილეობითა და დახმარებით აწარმოებს. ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ‘სარაჯიშვილი" უარს ამბობს რუსეთში ექსპორტის განახლებაზე, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენი მეგობარი ამერიკული კომპანია აქტიურად არის ჩართული ამ საქმეში, მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და იმედი გვაქვს, უახლოეს დღეებში ყველაფერი გაირკვევა".
გიორგი ბერიკაშვილი (შპს "ქინძმარაულის მარნის" დირექტორის თანაშემწე): "ჩვენი კომპანიის პროდუქცია გადის როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, ჩინეთში, სინგაპურში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. ჩემი აზრით, რუსეთის ბაზარზე გასვლა ნებისმიერი კომპანიისთვის ხელსაყრელია, რადგან ეს ჩვენთვის დამატებითი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. მით უმეტეს, ამ ბაზარზე ქართული ღვინის დიდი ნაწილი გადიოდა. ჩვენმა კომპანიამ 2005 წელს დაიწყო საქმიანობა, ამიტომ რუსეთში პროდუქცია არასოდეს გაგვიტანია, არც ახლა გაგვაქვს. თუმცა ვფიქრობთ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების დაწყებას აზრი არ აქვს. თუ პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება, მოლაპარაკებას არ ვაპირებთ. თუმცა ამ მხრივ ქართული კომპანიების მზაობა აშკარად შეინიშნება, პროდუქციის რაოდენობაც საკმარისია და ხარისხიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ქართულ ღვინოს რუსულ ბაზარზე იტალიური ან ფრანგული პროდუქცია ჩაანაცვლებს. ქართული ღვინის ხარისხი, მისი თვისებები და პოპულარობა რუსეთში იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მას იტალიური ან ფრანგული ღვინო ვერ ჩაანაცვლებს. ხოლო ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ რა იქნება, ეს წინასწარ არავინ იცის".
965
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85