გიორგი ფუტკარაძე, "რეზონანსი"
"აბსოლუტურად ადეკვატური განწყობა აქვს ხელისუფლებას, რადგან არიან მოახლოებული გარდაუვალი დამარცხების მოლოდინში... ადეკვატურები არიან იმ კუთხით, რომ იგრძნეს შიში და ამ შიშის შესაბამისად რა პოტენციალიც აქვთ, ზუსტად ისე იქცევიან", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "რესპუბლიკელების" წევრი თინა ხიდაშელი.
"რეზონანსი": რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა ნატოს რიგებში საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღება, პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური კიდევ ერთხელ დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილის, "რესპუბლიკელებისა" და ალასანიას "თავისუფალი დემოკრატების" პოზიციით, რადგანაც თქვენ აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლების ბრალეულობას ხედავთ. შეიცვალა თქვენი შეფასებები?
თინა ხიდაშელი: წიკლაური როგორ მეტყველებს, აზროვნებს და როგორი განათლებაც აქვს, ისეთ განცხადებებს აკეთებს. მე მის უზრდელობაზე კომენტარს არ გავაკეთებ. (წიკლაურმა ივანიშვილი მოიხსენია, როგორც "მდაბიო" - რედ.)
"რ": რაც შეეხება თავად რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, ხელისუფლება ამბობს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ქართული მთავრობა არ იყო ამ პროცესში დამნაშავე. ეთანხმებით ამ ფორმულირებას?
თ. ხ. მე ამ ფორმულირებას არ ვეთანხმები. რუსეთის როლი ნათელია. დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს საოკუპაციო ძალებმა ომამდე და ომის შემდეგ, არის განგრძობითი დანაშაული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება უცოდველია.
როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღო და შენს ტერიტორიაზე ასეთი ამბები არ უნდა ხდებოდეს. შენ არ უნდა იყო ამ პროცესის მონაწილე. ჩვენ აგვისტოშივე ვთქვით, რომ სააკაშვილმა ნებაყოფილობით შეაბიჯა მახეში, რომელიც რუსეთის პრემიერმა დაუგო და ეს ფორმულირება ჩემთვის არ შეცვლილა. არაფერი მომხდარა იმის მერე ისეთი, რაც სხვა რამეს მაფიქრებინებდა.
სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მედვედევის განცხადებას იმეორებს, რადგან ამით შეურაცხყოფას აყენებენ ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანას და მედვედევთან ერთად იმეორებენ, რომ დედამიწაზე ყველა გადაწყვეტილება მოსკოვში მიიღება და არავინ არაფერს ეკითხება ლონდონს, ბრიუსელს, პარიზს და ა.შ. სირცხვილია, როდესაც ჩვენი ხელისუფლება მეტყველებს ისე, როგორც მედვედევი.
ასევე, მედვედევმა თქვა, რომ ნატოს წევრები გავხდებოდით, ომი რომ არ ყოფილიყო, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ჩვენ მაპ-ზე დიდი ხნით ადრე ბუქარესტში გვითხრეს უარი. შეიძლება ვინმეს დაავიწყდა, ან სურს, რომ წარმოაჩინოს ეს ამბავი ისე, თითქოს აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა, მაგრამ ჩვენ მაპ-ზე ომამდე გვითხრეს უარი და მიზეზი საქართველოს ხელისუფლების საქციელი იყო.
"რ": რომ ვისაუბროთ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობაზე, რა რეჟიმში მუშაობთ?
თ. ხ. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კონსულტაციები და, ფაქტობრივად, უკვე სამუშაო რეჟიმზე გადავედით. ერთად ვგეგმავთ მომავალ ერთ წელიწადს.
"რ": "ქართული ოცნების" პრეზენტაციის პროცესშიც ხართ ჩართული?
თ. ხ. ჩვენ პრეზენტაციაში მონაწილებას არ ვიღებთ, დაგეგმვაში ვმონაწილეობთ.
"რ": როგორია უახლოესი ნაბიჯები, რომელთაც ივანიშვილთან ერთად გადადგამთ?
თ. ხ. საზოგადოება ამ ნაბიჯებთან ერთად გაიგებს.
"რ": რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციებს ივანიშვილთან მიმართებაში, პრეზიდენტის გარდა ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელი გამოეხმაურა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას...
თ. ხ. სააკაშვილი ყველაფერს ეხმიანება, თუმცა, სახელსა და გვარს არ ახსენებს. მთელი მისი ბოლოდროინდელი გამოსვლები ექსკლუზიურად ბიძინა ივანიშვილს ეძღვნება.
"რ": იმ რეაქციების შეფასებით, რომელსაც ხედავთ, რა შეგიძლიათ თქვათ ხელისუფლების განწყობებზე?
თ. ხ. აბსოლუტურად ადეკვატური განწყობა აქვს ხელისუფლებას, რადგან არიან მოახლოებული გარდაუვალი დამარცხების მოლოდინში. რეალურად პანიკაში არიან და უამრავ შეცდომას უშვებენ. თუნდაც ავიღოთ ბოლო ფაქტი, ჟურნალისტის სახლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ვგულისხმობ, სადაც "ქართული ოცნების" ოფისი უნდა განთავსდეს, სურთ, რომ მუშაობა შეუძლებელი გახადონ და ძალიან სასაცილოები არიან. მეორეს მხრივ, ადეკვატურები არიან იმ კუთხით, რომ იგრძნეს შიში და ამ შიშის შესაბამისად რა პოტენციალიც აქვთ, ზუსტად ისე იქცევიან.
"რ": ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ?
თ. ხ. პირველი ეს იყო მოქალაქეობის ჩამორთმევა. პრაქტიკულად დაადასტურეს ის, რაზეც ვსაუბრობდით ყოველთვის - ვგულისხმობ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტს. თუმცა, ეს არ იყო ერთადერთი.
ბანკი "ქართუს" წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება იყო დანაშაული, რადგან როდესაც სახელმწიფოს სახელით ყაჩაღურ თავდასხმას ახორციელებ ბანკის საინკასაციო მანქანაზე, ეს დანაშაულია და არა შეცდომა. ამ საქმეს გამოძიება სჭირდება.
"რ": რამდენად იმოქმედებს ეს ფაქტები საზოგადოების განწყობაზე, შიშის გაძლიერების თვალსაზრისით?
თ. ხ. ეს ხალხზე მოქმედებს, არა შიშის გაძლიერების კუთხით, არამედ პირიქით - ყველა მათი მოქმედება ჰქმნის იმედს, რომ ქვეყანაში რეალური ალტერნატივა იქმნება. ჩვენ უკვე დავიწყეთ პირველი შემოვლა, საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოვკითხეთ და საზოგადოების განწყობები ცნობილია. დაახლოებით წინასაარჩევნო რეჟიმზე გადავედით და მოსახლეობის განწყობებს ვამოწმებთ და სწორედ ეს მაძლევს საფუძველს, როდესაც ვამბობ მოსახლეობის იმედებზე.
"რ": თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს მოსახლეობის განწყობების შემოწმება თუ რეგიონების?
თ. ხ. მთლიანად საქართველოს მასშტაბით.
842
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85