ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა სახალხო პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, პარტიამ მიიღო მანდატთა უმრავლესობა კონგრესში.
როგორც ადრე ვიუწყებოდით, ესპანეთის საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ამა წლის ივლისში მთავრობის ხელმძღვანელმა, ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ (José Luis Rodríguez Zapatero) არჩევნების ვადის 4 თვით გადმოწევის შესახებ განაცხადა. თარიღის შეცვლა პრემიერმა იმით ახსნა, რომ ამ გზით ახალი მთავრობა შეძლებს შეუდგეს საქმეს ახალი კალენდარული წლის დასაწყისშივე, და ამრიგად ექნება საშუალება ეფექტურად დაგეგმოს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური აქტივობები 2012 წლისათვის. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, გაზეთ El Mundo-ს ცნობთ, ქვეყანას 124 მილიონი ევრო დაუჯდა, რაც 5.8%ით ნაკლებია 2008 წლის არჩევნებთან შედარებით. ამრიგად, ზემოთხსენებული გაზეთის გამოთვლების მიხედვით, თითოეულმა ესპანელმა არჩევნების ორგანიზებისთვის საკუთარი ჯიბიდან 2.75 ევრო „გადაიხადა“.
თარიღი, 20 ნოემბერი ესპანეთში აღსანიშნავია იმით, რომ სწორედ ამ დღეს, 1975 წელს გარდაიცვალა დიქტატორი ფრასისკო ფრანკო (Francisco Paulino Hermenegildo Teódulo Franco Bahamonde). თუმცა, საპატეროს განცხადებით, არანაირი ისტორიული ქვეტექსტი არჩევნების თარიღში არ იდო.
ესპანელები, საერთი ჯამში, პარლამენტის ქვედა პალატის, კონგრესის 350 დეპუტატსა და 208 სენატორს ირჩევდნენ (ზედა პალატის, სენატის წევრები). იმ პარტიის ლიდერი, რომელიც ხმათა უმრავლესობას მიიღებდა, სამეფოს ახალ მთავრობას ჩაუდგებოდა სათავეში.არჩევნები ესპანეთში პროპორციული წარმომადგენლობის სისტემით ტარდება, ადგილები D'Hondt-ის მეთოდით ნაწილდება. საარჩევნო ბარიერი 3%-ია.
არჩევნებში 13 პოლიტიკური პარტია და გაერთიანება იღებდა მონაწილეობას, თუმცა თავიდანვე გამარჯვების მთავარ პრეტენდენტებად მათგან ორი, მმართველი ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია (Spanish Socialist Workers' Party) და მისი მუდმივი ოპონენტი, კონსერვატიული სახალხო პარტია (People's Party) მიიჩნეოდა. მთავრობის მოქმედმა თავმჯდომარემ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის სათავეში ჩადგომაზე უარი თქვა. სოციალისტური პარტიის კანდიდატი მთავრობის ხელმძღვანელი პოსტზე გახდა ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ალფრედო პერეს რუბალკაბა (Alfredo Pérez Rubalcaba). კონსერვატორების კანდიდატად კი მარიანო რახოი (Mariano Rajoy Brey) დასახელდა.
წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, რახოი ამომრჩეველთა მეტი მხარდაჭერით სარგებლობდა ვიდრე მისი მოწინააღმდეგე სოციალისტური პარტიიდან. მმართველი პარტიის პოლულარობა უკანასკნელ პერიოდში სტაბილურად ეცემოდა, რაც ექსპერტების შეფასებით, შეიძლება აიხსნას უმუშევრობის ზრდითა და ბიუჯეტის ეკონომიის არაპოპულარული ზომებით. უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად მმართველ პარტიას გამოკითხულთა 30% უჭერდა მხარს, ხოლო კონსერვატორებს – 46%.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი შედის ევროზონის „პრობლემურ“ ქვეყანათა რიგში (პორტუგალია, ირლანდია, იტალია, საბერძნეთი). სწორედ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა და უმუშევრობასთან ბრძოლა გახდა რუბალკაბის და რახოის წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი თემა.
კვირას, 20 ნოემბერს ესპანეთში დილის 09:00-დან 20:00 სთ-მდე 60 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი მუშაობდა. არჩევანის გაკეთება ესპანეთის 34,3 მილიონ მოქალაქეს შეეძლო. დაახლოებით 1.4 მილიონმა ესპანელმა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, 16-18 ნოემბერს დააფიქსირეს საკუთარი არჩევნები ვადამდელი ხმის მიცემით. მათ შორის 2.5 ათასი ესპანელი სამხედროც იყო, რომლებიც სამშობლოს გარეთ მსახურობენ. საარჩევნო უბნებისა და კომისიის წევრების უსაფრთხოებაზე 100.000-მდე პოლიციელი ზრუნავდა.
აღსანიშნავია, რომ ესპანური სოფლის, ვილიაროის ათ კაციანმა მოსახლეობამ საკუთარი ნების დაფიქსირებაში რეკორდი დაამყარა და არჩევანის გაკეთებას მხოლოდ 7 წუთი მოანდომა. ამის შემდეგ საარჩევნო უბანი დაიხურა.
ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალი – 71.7% დაფიქსირდა.
რაც შეეხება შედეგებს, როგორც მოსალოდნელი იყო, სახალხო პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ხმათა 44.6%-ით.
სახალხო პარტიამ ხმათა 44.62% დააგროვა (10,830,693 ამომრჩეველი), რაც საშუალებას აძლევს დაიკავოს 186 ადგილი 350-დან პარლამენტის ქვედა პალატაში. პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით ხმათა 5%-ით მეტის და კონგრესში დამატებით 32 მანდატის მოპოვება შეძლო. ამრიგად, სახალხო პარტია მოახდენს მთავრობის ფორმირებას, მისი ლიდერი, მარიანო რახოი კი პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.
სოციალისტურ მუშათა პარტიამ, რომელიც მმართველობაში 2004 წლიდან იყო, მიიღო 28.73%. ამრიგად სოციალისტებმა კონგრესში 59 ადგილი დაკარგეს.
მარიანო რახოის პარტიის გამარჯვება სრულიად მოსალოდნელი იყო. ამ მოლოდინის საფუძველს მაისში ჩატარებული რეგიონალური არჩევნების შედეგებიც ადასტურებდა.
თუმცა არჩევნების შედეგების ანალიზი ერთ საინტერესო თავისებურებას გვაჩვენებს:
მემარცხენე-ცენტრისტულმა სოციალისტურმა პარტიამ 2008 წლის არჩევნების შედეგებთან შედარებით 4, 2 მილიონ ხმაზე მეტი დაკარგა, მაშინ როდესაც გამარჯვებულმა სახალხო პარტიამ მხოლოდ ნახევარ მილიონზე ცოტა მეტი ხმით გაიუმჯობესა შედეგი. მაშ სად წავიდა თითქმის 3 მილიონ 700 ათასი ხმა? შედეგები აჩვენებს, რომ ეს ხმები ძირითადად შედარებით მცირე პარტიებზე გადანაწილდა.
16 ადგილი მიიღო კატალონიის „კონვერგენცია და კავშირმა“. მემარცხენე რადიკალ ბასკ ნაციონალისტებს 7 მანდატი შეხვდათ.
რაც შეეხება სენატში მოპოვებულ მანდატებს, აქაც სახალხო პარტია ლიდერობს 136 სენატორით (+35), სოციალისტები კი 48 მანდატს დასჯერდნენ (-40).
56 წლის რახოიმ გამარჯვების აღნიშვნისას განაცხადა: „წინ რთული დრო გველოდება, ბრიუსელსა და ფრანკფურტში ისევ უნდა სცენ პატივი ესპანეთს... ჩვენ აღარ ვიქნებით პრობლემის ნაწილი, ჩვენ მისი გადაჭრის თანამონაწილეები გავხდებით“
გამარჯვებულ პარტიას მალე მოუწევს საარჩევნო წარმატების ეიფორიიდან გამოსვლა, რადგან მემკვიდრეობით მიღებული რეალობა სკმაოდ მძიმეა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Rating განაცხადა, რომ გამრჯვებულ პარტიას აქვს ”შესაძლებლობების ფანჯარა” რეფორმების გასატარებლად, თუმცა ყველა თანხმდება იმაში, რომ რეფორმები ძალიან მტკივნეული იქნება. ერთი თვის წინ აღნიშნულმა სააგენტომ ესპანეთის რეიტინგი დადებითიდან უარყოფითზე ჩამოაქვეითა და კიდევ უფრო მეტ ვარდნას პროგნოზირებს. მათი განცხადებით ესპანეთმა ”შესაძლო აღმავლობით, ვალების შემცირებით, ამბიციური და რადიკალური ფინანსური და სტრუქტურული რეფორმებით სასიამოვნოდ უნდა გააკვირვოს ინვესტორები”. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები სავალალო იქნება.
ასევე, სარეიტინგო სამეულში შემავალმა Standard & Poor’s ანალიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც თავის მხრივ ანალოგიურად შეამცირა ესპანეთის რეიტინგი, განაცხადა რომ მოცემლ მომენტში არჩევნების შედეგებს ჯერჯერობით არავითარი სასიკეთო ცვლილებები არ მოუტანია. მათი აზრითაც დაჩქარებული რეფორმების გატარება გარდაუვალია.
მარიანო რახოის, რომელიც სავარდაუდოდ ფიცს 20 დეკემბერს დადებს, წინ ქვეყანაში არსებული 21.5% -იანი უმუშევრობა და მესამე კვარტლის ნულოვანი ეკონომიკური ზრდის ფონზე მოსალოდნელი რეცესია ელოდება.
კანცლერმა მერკელმა, მიულოცა რა რახოის გამარჯვება, პირად წერილში ხაზი გაუსვა ”ევროპისა და ესპანეთისთვის მძიმე დროს, თქვენ მიიღეთ გამოკვეთილი მანდატი აუცილებელი რეფორმების გასატარებლად.
კონსერვატორებმა უკვე განაცხადეს, რომ დეფიციტის აღმოსაფხვრელად ისინი ხარჯებს შეამცირებენ. ახალი მმართველები გეგმავენ, რომ 2012 წელს მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში 4,4 პროცენტამდე შეამცირონ დეფიციტი.
კონსერვატორების გამარჯვებამ საფუძვლიანი შიში გააჩინა ესპანელ სექსუალურ უმცირესობებში, ისინი ფიქრობენ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი გააუქმებს ერთსქესიანთა ქორწინების უფლებას. ამის შესახებ სახალხო პარტიას დიდი ხანია სარჩელი აქვს შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში.
ესპანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი (Mariano Rajoy Brey) 1955 წლის 27 მარტს სანტიაგო-დე-კომპოსტელაში დაიბადა. ხოსე მარია ასნარის (José María Alfredo Aznar López ) პრმიერობის დროს მას სხვადასხვა მაღალი თანამდებობები ეკავა: 2000 წლის 28 თებერვლიდან 2003 წლის 3 სექტემბრამდე მთავრობის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხოლო 2001 წლის თებერვლიდან 2004 წლმადე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 2004 წლის 17 აპრილიდან სახალხო პარტიის ლიდერია.
განათლებით - დილომირებული იურისტია.