Presage.tv-ის ჟურნალისტს, ნანა ფაჟავას ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში, 14 წლის შვილის ექიმამდე მიყვანის საშუალება არ მისცეს. რბილად, რომ ვთქვათ, უცენზურო სიტყვებით გამოლანძღეს და მისკენ საცემრადაც გაიწიეს. ამის შესახებ „ობიექტივს“ თავად ნანა ფაჟავამ უამბო.
შეგახსენებთ, რომ ნანა ფაჟავა, როგორც სიმართლისთვის მებრძოლი ჟურნალისტი „ობიექტივმა“ 21 ოქტომბერს, ნანა ლეჟავასთან და ელისო ჩაფიძესთან ერთად ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედლით დააჯილდოვა. იგი სამეგრელოში არსებულ ვითარებას დანარჩენ საქართველოს ინტერნეტ გამოცემა Presage.tv-სა და ტელეკომპანია „მაესტროს“ მეშვეობით აცნობს.
18 ნოემბერს, ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით მან იმავე დღეს მიმართა პოლიციას. „ობიექტივი“ არაერთხელ ეცადა ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელთან, როლანდ ახალაიასთან ტელეფონით დაკავშირებას, მაგრამ ყოველ ჯერზე ავტომატი ასეთი ტექსტით გვპასუხობდა: „აბონენტი არ პასუხობს, დარეკეთ მოგვიანებით“.
ნანა ფაჟავას 14 წლის შვილმა შესჩივლა, „ფიზკულტურის გაკვეთილზე ხერხემალმა შემაწუხაო“. დედა-შვილი მანქანაში ჩასხდნენ და ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოსკენ გაემართნენ. სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც საავადმყოფოს ეზოს შესასვლელთან იდგნენ, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ნანა ფაჟავას შვილი ექიმთან მიჰყავდა, მანქანა ეზოში უპრობლემოდ შეუშვეს.
ნანა ფაჟავა: „მანქანიდან გადმოვედით და ცენტრალური შესასვლელისკენ გავემართეთ, სადაც რეგისტრაცია და პაციენტების მიღება ხდება. დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი დაგვედევნა - „იქ მანქანის დაყენება არ შეიძლება, გაიყვანეთო“. მე ვუთხარი უკვე შემომიშვით და ახლა რატომ უნდა გავიყვანო, მაშინ საერთოდ ნუ შემოგვიშვებდით?! გარეთა სადგომზე ადგილი არ არის. სულ 10 წუთით შევყოვნდები-მეთქი. მას აღარაფერი უპასუხნია.
შენობაში შევედი. სალაროსთან ფულს ვიხდიდი და ამ დროს ისევ ის დაცვის თანამშრომელი შემოვიდა - „გაიყვანეთ მანქანა, აქ გაჩერება არ შეიძლებაო“. შევახსენე, ხომ გთხოვეთ 10 წუთით შევყოვნდები-მეთქი და ამაზე მომიგო - „არ გესმის, რომ მანქანა უნდა გაიყვანოო?!“ რა გახდა, ხომ გითხარით-მეთქი, კიდევ გავუმეორე და „რა გახდა კი არა, ნუ ატლიკინებ ენასო“, - მითხრა. როგორ მაკადრებ ამას, მე აქ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რეპორტაჟის მოსამზადებლად, ან ინფორმაციის მისაღებად არ მოვსულვარ, ბავშვი სკოლიდან მყავს გამოყვანილი და უკან დროზე უნდა მივიყვანო-მეთქი. ამაზე ხმას აუწია და მეც იგივე გავაკეთე. ხალხის შემრცხვა, იქ ძალიან ბევრი ადამიანი იდგა. ყველა უკმაყოფილოა თქვენით, რა უბედურებაა, აქ ციხეა თუ საავადმყოფო-მეთქი.
ეს საუბარი როგორღაც დამთავრდა. შემდეგ შევედი იქ, სადაც რენტგენს იღებენ და სხვა განყოფილებებია. იქ შემხვდა ცნობილი ქირურგი როლანდ ახალაია, რომელიც ამავდროულად საავადმყოფოს მთავარი ექიმი და ზუგდიდის საკრებულოს წევრია. რა ხდება ბატონო როლანდ, შეიძლება ასეთი მოპყრობა და აგრესიის გამოხატვა, ეს ხომ საავადმყოფოა-მეთქი?! - ვკითხე. ამაზე მან მომიგო: „შენ აქ სულ პრობლემას ქმნი და რატომ ქმნი, ეს არ მესმისო“. რა პრობლემა შევქმენი-თქო, - კითხვა შევუბრუნე და „შენ ნუ სარგებლობ აქ შენი პრივილეგიებითო“. თავიდან ვერ გავიგე რისი თქმა უნდოდა და ჩავეკითხე - რა დავაშავე, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩავიდინე-მეთქი და „შენ ხომ სულ მირეკავდიო“, - მითხრა. გირეკავდით, რადგან საავადმყოფოს ხელმძღვანელი ხართ და ამხელა საავადმყოფოში ასეთი გაძლიერებული დაცვის პარალელურად მედიასთან ურთიერთობის სამსახურიც უნდა გქონდეთ და რომ არ არ არსებობს ასეთი სამსახური, ამიტომ გირეკავდით, რომ ვინმეს ჟურნალისტის კითხვებზე პასუხი გაეცა-მეთქი“.
ნანა ფაჟავა ამბობს, რომ ცდილობდა როლანდ ახალაიასგან გაეგო მისი განრისხების მიზეზი - „პაციენტის უფლება დაარღვიეო“, - ერთი და იგივეს იმეორებდა, კაცი ისტერიკაში იყო, მაგრამ თავიდან არაფერს არ აკონკრეტებდა. ერთი მაგალითი მაინც დამისახელეთ-მეთქი და როგორც იქნა ბოლოს მითხრა - „აქ შიშველ კაცს, რომ იღებთ, საავადმყოფოშიო...“
ჩვენს კითხვაზე რას გულისმობდა როლანდ ახალაია? ნანა ფაჟავამ მოგვიგო:
„ცოტა ხნის წინ, ზედა ეწერის პოლიციის უფროსს, ლაშა ექონიას 9 წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა იმისთვის მიუსაჯეს, რომ ცოლთან ეჭვიანობის ნიადაგზე 26 წლის ბიჭი ისე სცემა, რომ სიკვდილის პირამდე მიიყვანა. ეს იყო ჯგუფური წამება. ეს ბიჭი ტყეში დატოვეს. ჰოდა, ეს ნაცემი ბიჭი საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ზუსტად მაგ პერიოდში საავადმყოფოში იწვა პოლიციელი კოხტა კოდუა, რომელიც ნიკა დაგარგულიას გაუპატიურებით დაემუქრა, რის პასუხადაც ამ ბავშვმა კოდუას ისე ჩაარტყა, რომ საავადმყოფოში აღმოჩნდა. ამ პერიოდში ჩემი ბიძაშვილი ოპერაციას იკეთებდა, მაგრამ საავადმყოფოს ტერიტორიაზე არ შემიშევს. შესაძლოა დაცვამ იფიქრა, რომ მე შეიძლებოდა მეცადა კოდუას, ან იმ ნაცემი ბიჭის გადაღება. იმ 26 წლის ბიჭის ოჯახის წევრებმა მათივე გადაღებული ფოტოები მომაწოდეს, რომელიც მკითხველმა და მაყურებელმა presage.tv-სა და „მაესტროს“ მეშვეობით ნახა. მეგონა ამას გულისხმობდა როლანდ ახალაია.
ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, სტუდია „ჯიენესიდან“ ანა გოჩაშვილი ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, მასალისა და ინფორმაციის მოპოვებაში მას დავეხმარე. რადგან მე არ შემიშვეს საავადმყოფოში, დავგეგმე ის, თუ როგორ შეიძლებოდა 26 წლის ნაცემი ბიჭი გადაეღოთ, რომელსაც სხეულზე მძიმე დაზიანებები ჰქონდა. ოპერატორს დიდი კამერა გარეთ დავატოვებინე, ჩემი პატარა კამერა ვათხოვე, რომელიც 26 წლის ბიჭის დედამ ჩანთაში ჩაიდო. ანა გოჩაშვილს და ოპერატორს ვუთხარი შეჰყოლოდნენ მას საავადმყოფოში, რადგან იქ მათ არავინ იცნობდა და შესაბამისად, არც გააჩერებდნენ. ასეც მოხდა - საავადმყოფოში შევიდნენ და ეს ადამიანი, რასაკვირველია, მისი თანხობით ჩაწერეს. ასე რომ პაციენიტის უფლებები არავის დაურღვევია.
როლანდ ახალიამ მითხრა - „ამის გამო მე აქ კედელზე მიმაყენესო“. მას ვთხოვდი ჩემთვის მოესმინა, მაგრამ ერთი და იგივეს იმეორებდა, რაზეც ბოლოს ვუთხარი - ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ მე მგონია ექიმი უკვე აღარ ხართ! თქვენ ხართ საკრებულოს წევრი და სჯობს პოლიტიკური განცხადებები იქ გააკეთოთ. მე ახლა აქ არ ვარ მოსული, როგორც ჟურნალისტი და აქ ყოფნის არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ზუგდიდში ნორმალური კლინიკები, რაც იყო გააუქმეს და შემოგიერთეს და ამიტომ იძულებული გავხდი აქ მოვსულიყავი-მეთქი.
იქვე დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი, გვარად ყორშია იდგა და აგრესიის გამოვლენა და ჩემი შეურაცხყოფა მან გააგრძელა. ვეღარ მოვითმინე, გავმწარდი და შენს ძმას რაც ეწია, შენი ბოლოც იგივე იქნება-მეთქი, მივუგე. ეს არის თემურ ყორშიას ძმა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპაციის დღეებში იძებნებოდა, როგორც სამშობლოს მოღალატე და რუსეთის ერთ-ერთ ქუჩაში ვიღაცამ ესროლა და მოკლა. ძმის ხსენებაზე ძალიან გაღიზიანდა. „ჩემს ძმას როგორ მიხსენებ შე გათახსირებულოო“, - მითხრა და ჩემსკენ საცემრად გამოიწია, მაგრამ ვიღაცამ არ მისცა ამის გაკეთების საშუალება. შემდეგ ბავშმაც უთხრა - გაჩერდითო და ყორშია წაიყვანეს. იქიდან ადმინისტრაციულ კორპუსში გადავედი, თანხის უკან დაბრუნება მოვითხოვე და იქაც ყორშია დამხვდა, მანუჩარ ჩანგელიანთან ერთად“.
ნანა ფაჟავა ამბობს, რომ ამ ინცინდენტის შემდეგ პოლიციას განცხადებით მიმართა და ახსნა-განმარტებაშიც დაწერა, როგორ მიაყენეს შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით და როგორ არ მისცეს ბავშვის ექიმთან მიყვანის საშუალება - „მომხდართან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან რეაგირებას ვითხოვ. უკვე ვესაუბრე ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს. სამინისტროს გენინსპექციას წერილობით აუცილებლად მივმართავ, რადგან საავადმყოფოში პოლიციური რეჟიმია, რითაც მოსახლეობაც შეწუხებულია“.