21 ნოემბერს, კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით ცხადაძეს შევხვდით, საგანძურის გადასარჩენად შექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფის წევრები: სოსო მანჯავიძე, შოთა გლურჯიძე, დავით ლილუაშვილი, თეა წულუკიანი და მე, ნინო მიქიაშვილი. შეხვედრის დროს შევიტყვეთ, რომ კულტურის სამინისტრომ ეროვნული საგანძურის და სხვა ექსპონატების მუსიკალურ სკოლაში გადატანის გადაწყვეტილება პატრიარქის ინიციატივით შექმნილ სპეციალურ კომისიასთან შეთანხმების გარეშე, დამოუკიდებლად მიიღო.
დავით ცხადაძემ გვითხრა ისიც, რომ შენობის შიგნიდან გალესვას არ აპირებენ და რომ ამჟამად აღნიშნული შენობის კედლებზე ე.წ. გიფსოკარდონის გაკვრა მიმდინარეობს - “ერთი საათის წინ მესტიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ 24-ისთვის შენობა მზად იქნება“. შეხვედრის დროს დასმულ კითხვაზე - როდისთვის იგეგმება სიწმინდეების და სხვა ექსპონატების გადატანა? ცხადაძემ ასეთი პასუხი გასცა: “რა ვიცი, წელსვე უნდა მოხდეს, სასწრაფოდ“.
კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს არ აქვს პასუხი იმაზე, თუ რატომ მიიღეს ცალმხრივი გადაწყვეტილება, ეროვნული საგანძურისა და სხვა ექსპონატების მუსიკალურ სკოლაში გადატანის შესახებ. მან ამგვარი კითხვის დასმა “არანორმალურად“ მიიჩნია. ეროვნულმა მუზეუმმა 21 ნოემბერს თავის ვებგვერდზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა - “საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადება სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის კოლექციებთან დაკავშირებით“.
ამ განცხადებაში არის აღნიშნული ის, რაც დავით ცხადაძემ შეხვედრის დროს განაცხადა - კულტურის სამინისტრომ ეროვნული საგანძურისა და სხვა ნივთების მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ, რომლის წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ გაეცნოთ მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ილარიონის პოზიციას, ზემოხსენებულ შენობასთან დაკავშირებით, რომელიც მან 21 ნოემბერს, “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, სატელეფონო ჩართვისას გამოხატა.
ეროვნული მუზეუმის განცხადება:
“საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცნობიერებს რა მთელ პასუხისმგებლობას ეროვნული საგანძურის დაცვა-შენახვაზე და აგრეთვე ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის კოლექციების გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აკეთებს შემდეგ განცხადებას:
მესტიის მუზეუმის შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების დაწყების გამო, საჭირო გახდა კოლექციების დროებით საცავში გადატანა. ვინაიდან ზემო სვანეთის მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნა იყო საგანძური მუზეუმის ეზოდან არ გასულიყო, კოლექციებისთვის დროებითი საცავი მოეწყო მესტიის მუზეუმის ეზოში დადგმულ სპეციალურ კონტეინერებში. საგანძურის საცავისთვის განკუთვნილი კონტეინერი აღჭურვილია კლიმატ კონტროლით და სტელაჟებით. სპეციალისტების მიერ ხორციელდება კლიმატის მონიტორინგი. დროებით საცავს და ეზოს პერიმეტრს სათანადო ბრძანებების საფუძველზე 24 საათის განმავლობაში გაძლიერებულად იცავს და სასაშვო რეჟიმს ახორციელებს საქართველოს შსს სსიპ-დპდ ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველო.
კოლექციები, თითოეული ექსპონატის მდგომარეობის გათვალისწინებით, კვალიფიციური რესტავრატორების მიერაა შეფუთული. შეფუთვისას გამოყენებულია სათანადო მასალა. ყოველი შეფუთვა წარმოადგენს მიკროკლიმატურ კაფსულას, რომელსაც მინიმუმამდე დაყავს ნივთებზე კლიმატის ცვალებადობით (ფლუქტუაციით) გამოწვეული აგრესია. ამასთანავე, საამორტიზაციო შეფუთვა არბილებს შესაძლო ვიბრაციის ზემოქმედებას და იცავს ექსპონატებს მექანიკური დაზიანებისაგან. შეფუთვა გათვალისწინებულია ნივთების გრძელვადიანი დაცვა-შენახვისთვის.
მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობისას გამოიკვეთა, რომ შენობის ძირითადი ნაწილი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე გადაწყდა ამორტიზირებული შენობის დანგრევა, რამაც სამუშაოების დასრულების ვადა გადასწია. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა მუზეუმის ტერიტორიაზე განთავსებულ დროებით საცავში დაცული ექსპონატების გადატანა კაპიტალურ ნაგებობაში.
მესტიის და ზემო სვანეთის ეპარქიისა და ადგილობრივი გამგეობის მიერ დროებითი საცავისთვის შემოთავაზებულ იქნა 8 შენობა. მათი ტექნიკური მახასიათებლების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ორი ფართი: წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მუსიკალური და სამხატვრო სკოლა.
საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული კოლექციების და ფონდების ერთიანობისა და განუყოფლობის პრინციპით არჩევანი გააკეთა მუსიკალურ და სამხატვრო სკოლის შენობაზე. სადაც შესაძლებელია კოლექციის სრულად დაბინავება და მუზეუმის თანამშრომლების მიერ სამუზეუმო საქმიანობის განხორციელება. შენობა აკმაყოფილებს მოთხოვნებს ფართობის, უსაფრთხოების დაცვის და სტაბილური კლიმატის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ყველაზე მარტივად ადაპტირებადია.
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის კოლექციები უმოკლეს ვადაში სრულად გადავა აღნიშნულ შენობაში უსაფრთხოებისა და სამუზეუმო წესების სრული დაცვით. საქართველოს ეროვნული მუზეუმი წუხს, რომ მოხდა არსებული სიტუაციის პოლიტიზირება, ცაკლეული პირების მიერ უსაფუძვლო ჭორების აგორება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მომავალშიც გააგრძელებს საპატრიარქოს კომისიასთან თანამშრომლობას და კომისიის წევრებთან ერთად წარმართავს კოლექციების გადატანის პროცესს“.
მეუფე ილარიონი: “იქ ხატების განთავსება არ შეიძლება“
მუსიკალური სკოლის შენობა მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარპისკოპოსმა, მეუფე ილარიონმა რამდენიმე დღის წინ დაათვალიერა. “ობიექტივის“ კითხვაზე - რა მდგომარეობაშია აღნიშნული შენობა და შეიძლება თუ არა იქ საგანძურისა და სხვა ნივთების გადატანა და დაბინავება? მეუფე ილარიონის პასუხი ასეთია:
“ეს არის ძალზედ მოუწესრიგებელი შენობა, რომლის გვერდზე ორი ნანგრევია. ეზო ღობით შემოფარგლული არ არის. ამ ეტაპზე შენობის შიგნით რემონტი მიმდინარეობს თუ არა, ეს არ ვიცი, მაგრამ ახლადგარემონტებულ შენობაში როგორ შეიძლება სიწმინდეების განთავსება?! ამ შენობის ფოტომასალა (შიგნიდანაც და გარედანაც) საპატრიარქოში წარვადგინე. ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაა. ჩემი აზრით, იქ ხატების განთავსება არ შეიძლება. შენობის უკანა მხარეს მეწყერია ჩამოსული. შიგნით სინესტე იყო.
კომისიაში, რომელიც შედგა, სამი მხარე იყო წარმოდგენილი. ჩვენ მაშინ შევთავაზეთ წმინდა ნიკოლოზის და ილარიონ ქართველის სახელობის ტაძრები, იმ დრომდე, სანამ ახალი მუზეუმი აშენდებოდა და შესაბამისი გარემო შეიქმნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შეთავაზება არ მიიღეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისინი შიშობენ, რომ ეს ხატები ეკლესიაში განთავსდეს, რაც ლოგიკურად ეჭვს იწვევს, თუ რატომ ხდება ასე.
ხატების კონტეინერებში ეკლესიის გარეშე გადაიტანეს; ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად მათი ინვენტარიზაცია უნდა მომხდარიყო. ეს არ გაკეთდა. გამომდინარე აქედან, ჩნდება ეჭვი - საზოგადოებისა და ეკლესიისგან ფარულად რატომ ხდება ამ სიწმინდეების გადატანა?! ყველაფერი ვიღონეთ იმისთვის, რომ ეს გაეგოთ, მაგრამ არ ესმით“.
მერაბ ბუჩუკური: სიწმინდეების მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანა ჩვენ არ უნდა დავუშვათ“
21 ნოემბერს “ობიექტივის“ სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდა მხატვარ-რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური, რომელიც ამავდროულად, პატრიარქის ინიციატივით შემქნილი სპეციალური კომისიის წევრია. მისი თქმით, სვანეთში დაცული ფერწერული ხატების დაახლოებით 95% უშუალოდ მის მიერ არის რესტავრირებული და გამომდინარე აქედან, მათი მდგომარეობა იცის.
იმ შენობის შესაახებ, რომელშიც ხელისუფლებმ ეროვნული საგანძური გადატანა და დაბინავება გადაწყვიტა, მერაბ ბუჩუკურმა განაცხადა:
“ეს არის ორსართულიანი, საკმაოდ ძველი შენობა. აშენებულია ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლად. შენობის უკანა მხარეს მთის ნაშალია მოწოლილი - პირველ სართულს თითქმის ასცდა. გამორიცხული არ არის მეწყერიც დაიძრას. არის საშინელი სინესტე. იმის გამო რომ სინესტე იყო, ამ შენობის კედლები პირდაპირ ხით მოაპირკეთეს, რადგან იქ არსებული სინესტე არანაირ შელესილობას არ გაიჩერებდა. იატაკი ძალიან ძველი და ნახევრად დამპალია. შენობის გადახურვა არის ხის. მცირე მიწისძვრა, ან რყევა, რომ იყოს, ეს შენობა შეიძლება დაინგრეს.
სვანეთში დაცული ფერწერული ხატების 95%-ის (შეიძლება 98%-ის, მაგრამ ნუ დავითვლით) რესტავრაცია პირადად ჩემს მიერ არის ჩატარებული. ამიტომ, ამ ხატების გადატანა ისეთ სივრცეში, სადაც არის ნესტი, დაჭიანებული კედლები, იატაკი და ჭერი, არის საფრთხის შემცველი და მე უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ ამ შენობის დანგრევის საშიშროება არსებობს. სიწმინდეების მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანა ჩვენ არ უნდა დავუშვათ“.
მასალაზე მუშაობას ვასრულებდი, როცა შევიტყვე, რომ ზემოხსენებული ორსართულიანი შენობის პირველ სართულს ამზადებენ ეროვნული საგანძურის დასაბინავებლად.