დევნილებისთვის კორპუსებს ჭაობიან ნიადაგზე აშენებენ

დევნილებისთვის კორპუსებს ჭაობიან ნიადაგზე აშენებენ


წყალტუბოში დევნილებისთვის კომპაქტურად ჩასახლების ობიექტები წესით და რიგით 23 ნოემბრისთვის უნდა გაიხსნას, მაგრამ შევლენ თუ არა დევნილები ახალ აშენებულ კორპუსებში გაურკვეველია.
როგორც თავად დევნილები აცხადებენ, ახალ კორპუსებში გაუსაძლისი მდგომარეობაა შექმნილი. იმ კორპუსებში სადაც დევნილები უნდა ჩაასახლონ, სარდაფები წყლითაა სავსე და დატბორილია.  

მართალია, წყალი რამდენჯერმე ამოტუმბეს, მაგრამ ისევ ჩადგა.

დევნილების მტკიცებით, ადგილი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, კომუნისტების მიერ ჭაობიანი ნიადაგის გამო დაწუნებული იყო, ამჟამად კი ყველა კორპუსის სარდაფში წყალი დგას.

ფოტოებში, რომლებიც დევნილებმა სააგენტო “ექსპრესნიუსს” მაიწოდეს, ნათლად ჩანს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და სარდაფებში ჩამდგარი წყალი. ის ადგილი, სადაც რამდენიმე კორპუსის აშენება მოხდა, დაჭაობებულია და მისი ქანები გეოლოგიურად არამდგრადია.

დევნილები აცხადებენ, რომ სარდაფებში მუდმივად წყალი დგას, ამიტომ საძირკველი და საყრდენი კედლები წყლითაა გაჟღენთილი, რაც მისი დანგრევის საფრთხეს ქმნის. გარდა ამისა, სახლებში საშინელი სინესტეა და კედლები ობდება.

წყალტუბოში დევნილების საცხოვრებელი ბინების მშენებლობა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და იგი 352 ოჯახზეა გათვლილი, ქალაქში კი კომპაქტურად ჩასახლებული 2000-ზე მეტი ოჯახია. რა ბედი ელით დარჩენილ ოჯახებს და სად დაკმაყოფილდებიან ისინი საცხოვრებელი ფართებით, ეს კითხვა კვლავაც უპასუხოდ რჩება.

თუკი წყლიანი სარდაფებისა და ბუნებრივი აირის პრობლემა არ მოგვარდება, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსებში შესვლას არ აპირებენ.

“გადასახლებაში”, ძირითადად, ის დევნილები სვდებიან, რომლებიც წყალტუბოში სანატორიუმ „მეშახტეში“ ცხოვრობენ. ეს იმიტომ, რომ სანატორიუმში დევნილების ნაცვლად, პარლამენტარებმა უნდა იცხოვრონ. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ქუთაისში გადავა პარლამენტის წევრები წყალტუბოში დაიდებენ ბინას, რომელიც ქუთაისიდან სულ რაღაც 9 კილომეტრითაა დაშორებული.

აღნიშნულ სანატორიუმში მცხოვრები დევნილებისთვის ქალაქ წყალტუბოში უკვე აშენდა ზემოთაღნიშნული კორპუსები (თუ ამას აშენება ჰქვია), სადაც მათთან ერთად სხვა სანატორიუმების დევნილებიც შესახლდებიან.

მას შემდეგ რაც დევნილებს „მეშახტედან“ გამოასახლებენ სანატორიუმის რეაბილიტაცია დაიწყება და მას დეპუტატების მისაღებად გაამზადებენ. სანატორიუმი „მეშახტე“ არქიტექტურული თვალსაზრისით მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლებშია შესული. ამ სანატორიუმში 150-მდე ოჯახი ცხოვრობს.

ბოლო ერთი წელია წყალტუბო დევნილთა დიდი მიგრაციის პუნქტად იქცა. ამ ზაფხულს ამ ქალაქიდან დევნილთა ნაწილი ფოთის გარეუბან მალთაყვაში გადაასახლეს. თუმცა, წყალტუბოდან მარტოოდენ დევნილთა გასახლება არ მიმდინარეობს. სულ მალე იქ სხვა ტიპის დევნილებს, კერძოდ კი ეკომიგრანტებს ჩაასახლებენ. მას შემდეგ, რაც ნამახვანჰესის მშენებლობა დაიწყება, ამ „საშვილიშვილო“ პროექტის განხოცრიელების შემდეგ 14 ახლომდებარე სოფელი დაიცლება.

ცნობილი ხდება, რომ სოფელ ჟონეთის, საკირისა და მამაწმინდის მოსახლეობა წყალტუბოში, იმ ახალ კორპუსებში დასახლდებიან, რომელთა მშენებლობაც დევნილი ოჯახების დასაკმაყოფილებლად დაიწყო. ოფიციალური პირები კი, ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

საინტერესოა, რა უნდა გააკეთოს სოფლის მოახლეობამ წყალტუბოში აშენებულ კორპუსებში. ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება მიწათმოქმედებით და მესაქონლეობით ირჩენენ თავს, შესაძლოა, ოთხ კედელ შუა გამოკეტილები აღმოჩნდნენ. იმერეთის ამ „ნახევრად მკვდარ“ ქალაქში, აქტიური გლეხების ჩასახლება და მათი მიწას მოშორება, რა თქმა უნდა, მთავრობის მხარიდან უგუნური საქციელი იქნება.