ავღანეთში დაღუპულ სამხედროებს საქართველოში 9 ივნისს გამთენიისას ჩამოასვენებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 9 ივნისს გამთენიისას, 02:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში (სამთავრობო გამოსასვლელი) ავღანეთში 6 ივნისს ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურის ჩამოსვენების ცერემონიალი გაიმართება.
ქართველი სამხედროების ცხედრებს საქართველოში ამერიკის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოასვენებენ. ამავე ბორტით ჩამოფრინდება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.
აეროპორტში ჩამოსვენების ცერემონიალს საქართველოს მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ისინი პატივს მიაგებენ ავღანეთში დაღუპული გმირების ხსოვნას.
6 ივნისს ავღანეთში შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. გარდაცვლილები არიან: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი. თავდასხმის დროს დაჭრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე.