ქართველ ჯარისკაცებს უხდებათ თავიანთი მოვალეობების შესრულება ძალიან სახიფათო სიტუაციებში, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ლატვიის სეიმის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარე აინარს ლატკოვსკისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ლატვიის ჯარები ბევრად უფრო უსაფრთხო ადგილას არიან განთავსებული, ვიდრე ქართველი ჯარისკაცები იმყოფებიან.
"მინდა გამოვხატო დიდი თანაგრძნობა დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გამო. ეს არის უდიდესი ტრაგედია ქვეყნისათვის. ეს, ბოლო დროს უკვე მეორე შემთხვევაა. მე ვიყავი ავღანეთში ერთი თვის წინ და ვნახე იქ რა სიტუაციაა. მინდა გითხრათ, რომ ადგილი, სადაც ჩვენი ქვეყნის ჯარებია განთავსებული, არის ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ის ადგილი, სადაც თქვენი ჯარისკაცები არიან განლაგებული. ქართველ ჯარისკაცებს უხდებათ თავიანთი მოვალეობების შესრულება ძალიან სახიფათო სიტუაციებში. იმედი მაქვს, ეს შემთხვევები გავლენას იქონიებს თქვენს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავარწრმუნოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის", - განაცხადა აინარს ლატკოვსკისმა.