"გამოიყვანეთ ქართველი სამხედროები ავღანეთიდან", "შეწყდეს ქართველი სამხედროების სისხლისღვრა ავღანეთში", - ამ ლოზუნგებით პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციაში ძირითადად ახალგაზრდები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს. აქციაზე მივიდა მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც ნატო-ში ქართული სამხედრო ჯარების ყოფნას აპროტესტებს.
ირაკლი კაკაბაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკა დანაშაულებრივია. იგი თვლის, რომ უნდა მოხდეს საქართველოს სამხედრო ჯარების ნაწილების სრული გამოყვანა ავღანეთიდან.
"რაში სჭირდება საქართველოს ავღანელი ქალებისა და ბავშვების ხოცვა. რაში სჭირდება საქართველოს ჯერ დაამყაროს კავშირი ვაჰაბიტებთან და შემდეგ მონაწილეობდეს მათ ამოხოცვაში, რაში სჭირდება ვიყოთ სხვის მიწაზე ოკუპანტები. არ გვყოფნის, რომ ჩვენს მიწაზე სხვები არიან ოკუპანტები. სააკაშვილის პოლიტიკა დანაშაულებრივია და უნდა მოხდეს ქართველი სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა ავღანეთიდან", - აღნიშნა ირაკლი კაკაბაძემ.
მისი თქმით, საქართველო ოპიუმის და ჰეროინის ომშია ჩაბმული, რათა ვიღაცეებმა შემდეგ გააკეთონ ფული. მან დემაგოგია უწოდა იმას, რომ საქართველო ავღანეთში არსებული კონტინგენტით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობს. მისი შეფასებით, იმპერიალიზმის დასამარცხებლად ყველაზე საუკეთესო გზა – მშვიდობიანი გზაა.
აქციაზე მოვიდა ასევე გენერალი ტრისტან წითელაშვილი, ქვედანაყოფ "ავაზას" ყოფილი მეთაური.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, იგი თანაგრძნობას უცხადებს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მიიჩნევს, რომ საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ავღანეთში წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი ბატალიონით.
წითელაშვილის განცხადებით, ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით პოლიტიკური საკითხები პარლამენტში და მთავრობაში უნდა წყდებოდეს და არა ქუჩაში, ანუ ეს თემა არის ძალიან ფაქიზი და მისი გადაწყვეტა უნდა ხდებოდეს პარლამენტში და მთავრობაში.