საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თალიბების სახელით ინტერნეტში გავრცელებული ვიდეომასალების წარმომავლობის გამოძიებას ამერიკის ფედერალურ ბიუროს სთხოვს. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული თხოვნით მან ამერიკის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს დღევანდელ შეხვედრაზე მიმართა.
"ამ ვიდეოების გავრცელება უპრეცედენტო დანაშაულია და ყველა ზღვარს სცდება, რაც აქამდე საერთოდ მინახავს. მე უკვე ვთხოვე ჩვენს უცხოელ კოლეგებს - მივმართე წერილით ნატო-ს გენერალურ მდივანს და ამ წუთში მყავდა ამერიკის ელჩი, რომელსაც მივმართე თხოვნით, რომ ფედერალური გამოძიების ბიურო ჩაერთოს ექსპერტიზაში და არა მხოლოდ დადგინდეს საიდან არის ატვირთული ვიდეო, რაც ძალიან მარტივია, არამედ ვინ და რომელმა სტუდიამ გააკეთა, ვინ შეუკვეთა ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ძალიან ბინძურ და სახიფათო თამაშთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანს თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეოს წარმოშობის დადგენაში დახმარების თხოვნით გუშინ მიმართა.
როგორც ცნობილია, Youtube-ზე 6 ივნისს, გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები.
გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში თითოეულ ქართველს ელოდება და ასევე მათ, ვინც ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა. "ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი, ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების მოსაკლავად. ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც Youtube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირებულ მომხმარებელ Hammad Zaman-ს ეკუთვნის.