2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველის მთავარ საფრთხედ რუსეთის ფედერაცია დასახელდა. თუმცა, სააკაშვილის ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკა, სამომავლო განვითარებისთვის შეიძლება არანაკლებ პრობლემას წარმოადგენდეს. ახალ პოლიტიკურ რეალობაში, ნებისმიერი გზით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა, ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
„დაიცავი საქართველოს“ წევრის კახა მიქაიას განცხადებით, „ხელისუფლება სამხედრო ფორმირებებში კრიმინალებს ყრის და პროვოკაციების მოსაწყობად ემზადება“.
როგორც „პირWელს“ მიქაიამ განუცხადა, „იმ კრიმინალებს, რომლებიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, პირობით სასჯელს უხსნიან“.
„ხელისუფლებამ სამხედრო უწყებებში „ტყის ძმებისა“ და სხვა კრიმინალების, ასევე „ზვიადისტების“ შეყრა „გააოფიციალურა“ და ამას „ნებაყოფლობითი რეზერვი“ უწოდა.
თავის დროზე შევარდნაძემაც „გააკეთილშობილა“ „მხედრიონი“ და მას „მაშველთა კორპუსი“ დაარქვა. გინდ „ნებაყოფლობითი რეზერვი“ უწოდე, გინდ „მაშველთა კორპუსი“, ფაქტია, რომ ხელისუფლება კრიმინალებს აგროვებს და საკითხავია, რისთვის.
ალბათ, ეს პროვოკაციებისთვის კეთდება, მაგრამ რა დროს გამოიყენებს ხელისუფლება ამ ძალას, ძნელი განსასაზღვრია“, - აცხადებს მიქაია, რომლის ინფორმაციით, „გარკვეული პირები დევნილების ჩასახლებებშიც დადიან და აფრთხილებენ, „თუ რამე მოხდება, თქვენ ჩვენთან მობილიზებულად უნდა გამოცხადდეთ და უნდა იყოთ ჩვენთანო“.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში - ინგირში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „პირWელმა“ გაავრცელა ინფორმაცია ახალაიების მიერ ზუგდიდში, რესტორან „დიარონში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც დაახლოებით 150 კაცი, მათ შორის „ტყის ძმების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რაც შეეხება ნებაყოფლობით რეზერვს, როგორც სააგენტოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ეს 5-დღიანი ღონისძიება იქნება:
„არსებობს 5 დღიანი რეზერვი, თუმცა ის ჯერ არ დაწყებულა და ჯერ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ გაუვლია. როდის დაიწყება 5-დღიანი ნებაყოფლობითი რეზერვი, ჯერ-ჯერობით ვერ დაგისახელებთ“.
„პირWელის“ წყაროს ცნობით კი, აღნიშნული რეზერვის გავლის შემდეგ თითოეულ მოქალაქეს ინდივიდუალური ნომერი მიენიჭება და მასზე იარაღი გაფორმდება. საგანგებო სიტუაციის შექმნის დროს რეზერვგავლილი მოქალაქეები შესაბამის უწყებაში გამოცხადდებიან და იარაღს მიიღებენ.
გარდა ამისა, წყარო იმასაც აცხადებს, რომ პირებს, რომლებიც „კომანდოს“ ბატალიონში მსახურობენ, აღნიშნული სწავლებების გასავლელად სამ-სამი პირის მიყვანა დაევალათ.
ყოველივე ამის ფონზე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 2011 წლის ბიუჯეტში შესატანი ერთ-ერთი ცვლილება თავდაცვის ბიუჯეტის 45 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს.
ექსპერტი თავდაცვის საკითხებში ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ „მიმდინარე წლის ბოლოს თავდაცვის ბიუჯეტის 45 მილიონი ლარით ზრდა შესაძლოა, ახალი საფრთხეების გამოჩენას უკავშირდებოდეს“.
„რისთვის შეიძლება, გაიზარდოს წლის ბოლოსთვის სამხედრო ბიუჯეტი - ამის თქმა ცოტა რთულია. არსებობს რამდენიმე ვარიანტი. კერძოდ, ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს იმით, რომ თავდაცვის უწყების დაფინანსება თავის დროზე სწორად არ იყო დაგეგმილი.
ასევე შეიძლება, ეს ჯარის რაოდენობის გაზრდას, ახალი ტექნიკის შეძენას, ან კიდევ რაიმე ახალი სამხედრო საფრთხის გამოჩენას უკავშირდებოდეს“, - აცხადებს ალადაშვილი, თუმცა კონკრეტულად რა სახის საფრთხეზე შეიძლება, იყოს საუბარი - ამის დაზუსტებისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ „ეს მთავრობის კომპეტენციაა“.
ამასთან, ალადაშვილისთვის „გაუგებარია, როგორ შეძლებს თავდაცვის უწყება ბოლო ორი თვის განმავლობაში 45 მილიონი ლარის ათვისებას“.
რაც შეეხება საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ მისი ხელახლა გადაფასება გამოიწვია.
უსაფრთხოების ახალი კონცეფციის თანახმად, საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებებია: 1. სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; 2. თავისუფლება; 3. დემოკრატია და კანონის უზენაესობა; 4. უსაფრთხოება; 5. კეთილდღეობა; 6. მშვიდობა.
საქართველოს ეროვნულ ინტერესებად ცხადდება: 1. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა; 2. ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 3. ეროვნული ერთიანობის და სამოქალაქო თანხმობის განმტკიცება; 4. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; 5. მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა; 6. ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 7. რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა; 8. ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განტკიცება; 9. ქვეყნისა და რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 10. ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის უზრუნველყოფა; 11. საქართველოს ინფორმაციული სივრცის უსაფრთხოების განმტკიცება; 12. დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
კონცეფციაში დასახელებულია საქართველოს წინაშე არსებული შემდეგი საფრთხეები, რისკები და გამოწვევები: 1. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია; 2. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი; 3. კავკასიაში არსებული კონფლიქტების გადმოდინება; 4. საერთაშორისო ტერორიზმმი; 5. ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები; 6. ენერგეტიკული გამოწვევები; 7. ინფორმაციული გამოწვევები; 8. ეკოლოგიური გამოწვევები; 9. ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებანი და 10. დემოგრაფიული გამოწვევები.