საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეორგოლები დიდი ალბათობით შეკვეთილი და დამზადებულია საქართველოში. "ძალიან დიდი ალბათობით, მუქარისშემცველი ვიდეოკლიპები არც ავღანეთშია დამზადებული და არც თალიბების გაკეთებულია, ამას ადასტურებენ ექსპერტები, მათ შორის ნატო-ს სტრუქტურებიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა.
მისი თქმით, ეს ვიდეორგოლები შეკვეთილი და დამზადებულია საქართველოში, გაკეთებულია ქართველების მიერ, სრულიად კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის.
"ის რომ საქართველოში, მაგალითად თბილისში შეიძლება ვიღაც იჯდეს რომელიმე სტუდიაში და ამზადებდეს ვიდეორგოლებს, რომელშიც მე ან საქართველო კი არ არის გალანძღული, რასაც ავიტანდით, არამედ არის მოწოდება ქართველი ჯარისკაცების განადგურებისკენ, მათი მისამართებით და მათი სახეების ჩვენებით და სადაც არის მოწოდება საქართველოს შიგნით ტერორისტული აქტების მოწყობისკენ, ამაზრზენია", - განაცხადა სააკაშვილმა.მანვე შს მინისტრს დღეს დავალება მისცა.
"მინდა დავავალო შს მინისტრს დაუყოვნებლივ დადგინდეს ამ კლიპების შემქმნელის და მათი დამკვეთის ვინაობა ვინც არ უნდა იყოს ის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც ცნობილია, Youtube-ზე 6 ივნისს, გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები.
გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში თითოეულ ქართველს ელოდება და ასევე მათ, ვინც ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა. "ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი, ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების მოსაკლავად. ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც Youtube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირებულ მომხმარებელ Hammad Zaman-ს ეკუთვნის.