საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოსამართლეებს ურჩევს ხვალ არჩევანი საკუთარი სინდისის შესაბამისად გააკეთონ. როგორც დავით უსუფაშვილმა თბილისის იუსტიციის სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა მისასალმებელია, რომ პრაქტიკულად პირველად საქართველოში, მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების საკითხი გაცხოველებული ინტერესის საგანი გახდა. მისივე შეფასებით, ეს არის ჯანმრთელი პროცესი, რომელსაც სათავე პარლამენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაუდო.
"პირველად მართლმსაჯულების სისტემაში, არჩევნები ჩატარდება ფარულად. ფარული არჩევნები ნიშნავს, იმას, რომ თითოეულ მოსამართლეს აქვს თავისი პირადი ნების გამოვლენის სრული თავისუფლება. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია სხვა დინამიკაა შესული პროცესში. ვურჩევდი, ვთხოვდი მოსამართლეებს, რომ ხვალ, დაივიწყონ ყველაფერი დღემდე რა მოისმინეს, ვისთან რა საუბარი იყო, რა ჯგუფური თუ კოლექტიური დისკუსიები იყო ამ თემებზე და არჩევანი გააკეთონ საკუთარი სინდისის შესაბამისად. ხვალ მოსამართლეებმა უნდა დაამტკიცონ, უნდა დაგვანახონ, რომ მათი დამოუკიდებლობისთვის გადადგმული ნაბიჯები, შექმნილი სისტემა არის სწორი და შედეგებს მალე დავინახავთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოსამართლეთა კონფერენცია 9 ივნისს, სასტუმრო "რედისონის" დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება.