საფრანგეთის კულტურის მინისტრი ორელი ფილიპეტი ამერიკულ ინტერნეტ–სერვის Amazon–ს დემპინგსა და წიგნების მაღაზიების განადგურებაში ადანაშაულებს.
ეს პირველი შეტევა არაა მსხვილ საერთაშორისო ვებ–კომპანიებზე, რომლებსაც ფრანგი პოლიტიკოსები ეროვნული კულტურისთვის საფრთხის შემცველებად განიხილავენ.
„დღეს თითოეულ მოქალაქეს მოეპოვება Amazon–ზე შეძენილი საქონლის საკმაო რაოდენობა. კომპანია დემპინგს მიმართავს, ჯერ ფასების დაწევით, რათა ბაზარზე შემოვიდეს, მონოპოლისტური პოზიციების მოპოვების შემდეგ კი მათ კვლავ ზემოთ სწევს,“ – აღშფოთებით აცხადებს ფილიპეტი.
მისი თქმით, Amazon–ი ანადგურებს წიგნების ადგილობრივ მაღაზიებს, ამიტომ მინისტრი განიხილავს საკანონმდებლო აკრძალვის შემოღებას უფასო მიტანის სერვისზე, ასევე წიგნებზე 5%–იან ფასდაკლების შესაძლებლობას.
საფრანგეთში მსგავსი რიტორიკა იშვიათობა არ არის – ქვეყნის პოლიტიკოსები აქტიურად ცდილობენ ფრანგულენოვანი კულტურის დაცვას „დამღუპველი უცხოური გავლენისგან“.
მაღალჩინოსნები ეჭვის თვალით უყურებენ მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეების საქმიანობას და აქტიურად ერევიან, თუკი, როგორც მათ ეჩვენებათ, საფრანგეთის „კულტურული განსაკუთრებულობა“ იზღუდება.
მაგალითად, მრეწველობის მინისტრმა მაისში დაბლოკა ამერიკული Yahoo!–ს წინადადება France Telecom–ისგან ვიდეოჰოსტინგის ფრანგული ანალოგის YouTube — DailyMotion–ის წილის გამოსყიდვის შესახებ.
აპრილში კი სამინისტრომ ამერიკული Apple–ი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან App Store–იდან ფრანგული AppGratis–ის ერთ–ერთი ფუნქცია ამოიღო, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები დღეში ერთ აპლიკაციას უფასოდ იწერდნენ.
გარდა ამისა, მთავრობა პროკურატურასთან ერთად ცდილობს Microsoft–ის კუთვნილ სერვის Skype–ზე ზეწოლას, რათა ის ჩვეულებრივ ტელეკომ–ოპერატორად დარეგისტრირდეს.
პარიზი რომ ზედმეტად არ გააღიზიანოს, Google–ი დათანხმდა 60 მილიონი ევროს გადახდას გაზეთების მხარდაჭერის ფონდში. მეტიც: Google–ი რეკლამებს მიაწვდის ამ გაზეთების საიტებს და მათ სარეკლამო შემოსავლების ნაწილს გადაუხდის. ასეთი „ალტრუიზმი“ აიხსნება პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მუქარით, რომ შესაძლოა საკანონმდებლო დონეზე აიძულოს კორპორაცია გაიღოს საკუთარი შემოსავლების ნაწილი ფრანგული გაზეთების სტატიების გამოყენებისთვის.
„უნდა განვსაზღვროთ, რა არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი – უცხოელი მწარმოებელი, რომელიც არ იხდის ადგილობრივ გადასახადებს, თუ ფრანგი, რომელიც მათ იხდის. ჩვენ არ გვყავს ფრანგული Amazon–ი ან Netflix–ი, რომლებსაც დიდი ტრაფიკი ექნებოდა. ზოგიერთებს არ სურთ მოგების ნაწილის გაღება,“ – განაცხადა ფრანგული ტელეკომ–ოპერატორის Free Mobile–ის მფლობელმა ქსავიე ნილმა.
თუმცა პროტექციონისტურ განწყობებს დარგის ყველა მონაწილე არ იზიარებს. „პოლიტიკოსებს არ ესმით, რას ნიშნავს ინტერნეტი. ისინი უბრალოდ გრძნობენ, რომ ეს საფრთხეა, – აცხადებს ადგილობრივი ბიზნესმენი ჟილ ბაბინე, – ესაა გარიგება, სირცხვილი, რადგან მათ ფაქტობრივად აღიარეს, რომ ძველ ინდუსტრიას ახალი მოთამაშეებისგან დაიცავენ.“
აღსანიშნავია, რომ პარიზი მთელი ძალებით ცდილობს უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას. აპრილში ოლანდმა განაცხადა, რომ მზადაა გადასახადები შეამციროს მათთვის, ვინც ადგილობრივ სტარტაპს შეიძენს.
მოგვიანებით, ჩინეთში ყოფნისას, მან აღნიშნა, რომ გაუქმდება ყველა ბარიერი ადგილობრივი ინვესტორებისთვის, თუმცა გადასახადების ნაწილის გაუქმება ახალი გადასახადების დაწესების პარალელურად მოხდება.
მაგალითად, მთავრობა გეგმავს სმარტფონების, პლანშეტებისა და ინტერნეტთან დაკავშირებული სხვა ელექტრონული მოწყობილობების გაყიდვაზე 1–დან 4%–მდე გადასახადის ამოქმედებას, რათა დააფინანსოს ფრანგული ფილმების, მუსიკისა და ფოტოგრაფიის წარმოება.
ადგილობრივი ტელე და რადიოკომპანიები მსგავს გადასახადს უკვე იხდიან, კონტენტის უცხოელი მიმწოდებლები კი, მაგალითად Apple–ი და Google–ი ამ ვალდებულებისგან გათავისუფლებულნი არიან.