ქუთაისის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტი შეჩერებულია. ქართული მხარე ებრაულ კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
როგორც commersant.ge–ს ებრაული კომპანიის ,,შიტრიტ ჯგუფის“ ქართველმა პარტნიორმა ნატა კვანტალიანმა განუცხადა, კომპანიას ერთი წლის განმავლობაში პროექტში 5 მილიონის დოლარის ინვესტირება უნდა განეხორციელებინა, თუმცა მან თავისი ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვა და პროექტი საბოლოოდ შეჩერდა.
შეგახსენებთ: აღნიშნულ კომპანიას ქუთაისში, პარლამენტის ახალი შენობის წინ ოთხსართულიანი კორპუსის ნაცვლად მაღალი კლასის, 21–სართულიანი სასტუმრო უნდა აშენებინა. თუმცა პროექტი შეჩერდა და ამის მიზეზად საპარლამენტო უმცირესობის წევრები ქუთაისიდან პარლამენტის შენობის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილებას ასახელებდნენ.
ნატა კვანტალიანის განმარტებით კი, პროექტის შეჩერების ერთადერთი მიზეზი მხარეებს შორის შეუთანხმებლობაა, ქართული მხარის მიერ, რომელიც პროექტის 30 %–ს ფლობდა, მისი მტკიცებით, ყველა ვალდებულება სრულდებოდა.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ქუთაისში 5–ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენებულიყო, თუმცა შიტრიტ ჯგუფმა ნაკისრი ვალდებულების შესრულება დროულად არ დაიწყო და კონტრაქტის პირობებიც დაირღვა,“ – აცხადებს კვანტალიანი.
მისვე თქმით, ებრაულ და ქართულ მხარეს შორის ერთწლიანი კონტრაქტი იყო გაფორმებული, თუმცა დღეს სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია და არც მის განახლებაზე მიდის საუბარი.
ამასთან, როგორც კვანტალიანი commersant.ge–სთან საუბარში აცხადებს, ქუთაისის სასტუმროსგან განსხვავებით, მათ უკვე დაასრულეს სისხლის ცენტრალური ბანკის პროექტი, რომელშიც კომპანიამ 3 მილიონ 200 ათასი ლარის ინვესტიცია ჩადო. პროექტის ფარგლებში ბანკი ახალი ინფრასტრუქტურითა და შესაბამისი ლაბორატორიებით აღიჭურვა.