დღეს, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის, „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე პროექტის“ (ჩქაროსნული მაგისტრალის აგარა - ზემო ოსიაურის მონაკვეთი) დაფინანსების შეთანხმებებს მოეწერა ხელი.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განხორციელების მიზნით, მსოფლიო ბანკი შეღავათიანი პირობებით გამოყოფს დაახლოებით $75 მილიონის ფინანსურ რესურსს, საიდანაც $38 მილიონს გამოყოფს მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD), ხოლო დაახლოებით $37 მილიონამდე- მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA).
ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, მსოფლიო ბანკის მხრიდან-მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ჰენრი კერალიმ.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზატკეცილის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, მოხდება სოფელ აგარას და სოფელი გომის შემოვლით გზებს შორის არსებული მონაკვეთის განახლება. ასევე განხორციელდება ნატახტარსა და ხაშურს შორის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და გზასთან დასაკავშირებლად საჭირო სამუშაოების ჩატარება.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაგრძელებას, რომლის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, დღეის მდგომარეობით მსოფლიო ბანკის მიერ ჯამურად გამოყოფილია დაახლოებით $292 მილიონის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი. აღნიშნული სახსრებით დაფინანსდა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანი-აგარას მონაკვეთი და ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რიკოთის გვირაბს.