თუ ჩვენ ავღანეთს დავტოვებთ, მაშინ ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თბილისის იუსტიციის სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დავით უსუფაშვილი საზოგადოების იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომლებიც ავღანეთიდან ქართველი მეომრების გამოყვანას მოითხოვენ. მისივე თქმით, გადაწყვეტილება არა ემოციურ ფონზე, არამედ საღი გონებით უნდა იქნას მიღებული.
"გასაგებია, ასეთი კითხვები ისმება ხოლმე, საერთოდ რატომ ვართ იქ, ღირს თუ არა და ა.შ. მაგრამ მე ვურჩევდი ყველას, გადაწყვეტილებები მივიღოთ არა ემოციურ ფონზე, წარმატების, წარუმატებლობის ან ტრაგედიის ფონზე, არამედ მშვიდად და საღი გონებით. უნდა გავიაზროთ ყველამ, რომ ჩვენი ჯარისკაცები არიან ომში. სამწუხაროდ, ომს ახლავს თან ასეთი რისკები. ის, რომ 3 წლის განმავლობაში ჩვენ ამდენი ჯარისკაცი დაგვეღუპა, ამდენი დაიჭრა, ეს ომის შედეგია და რაღაცნაირად მზად უნდა ვიყოთ ასეთი მძიმე დღეებისთვისაც. არ მესმის იმ ხალხის, რომელიც ამბობს, რომ წამოვიდნენ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთიდან. ბრძოლის ველის მიტოვება, აღებულ ვალდებულებაზე უარის თქმა, ეს მისაღებია? ეს ქვეყნისთვის ან მეომრებისთვის სწორი მიდგომაა? ეს არასწორი მიდგომაა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველი სამხედროები ავღანეთში საქართველოს თავისუფლებას იცავენ და ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელს უწყობენ.
"ჩვენ ავღანეთში იმიტომ ვართ, რომ ამით ვიცავთ საქართველოს თავისუფლებას. ამით ყოველდღიურად ხელს ვუწყობთ იმას, რომ საქართველომ დღეს თუ არა ხვალ მოახერხოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიული მსოფლიოს გარეშე ჩვენი ეროვნული სტრატეგიული ამოცანების მიღწევა შეუძლებელია. თუ ჩვენ ავღანეთს დავტოვებთ, მაშინ ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ. მაშინ ხმის ამომღებიც არავინ იქნება, როდესაც მავთულხლართები 200 მეტრით კი არა, შესაძლოა 100 კილომეტრით გადაიწევა სადმე. ამიტომ ამ ყველაფერს ანგარიში უნდა გავუწიოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიოც იღებს მსხვერპლს ჩვენთვის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში მყოფი ევროკავშირის მონიტორები სხვა ქვეყნების ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
"ანუ სხვა ქვეყნებიც გვეხმარებიან. ჩვენი ჯარისკაცები და უსაფრთხოების სიტემა, რომელიც დღეს გვაქვს, ეს საერთაშორისო დახმარების შედეგიცაა. ამიტომ გვინდა ნატოში გაწევრიანება, რომ ჩვენ მათი დახმარებაც მივიღოთ. დღეს ემოციურად თქმა, რომ "მოდი აღარ გვინდა ეს ამბავი", მაშინ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რა გვინდა, ვართ ჩვენ მზად იმისთვის, რომ მარტო გავუმკლავდეთ ყველა საფრთხეს, თუ არ ვართ მზად, მაშინ ვისთან ერთად გავუმკლავდეთ ყველა საფრთხეს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.