ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო-ს ექსპერტები ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებზე განხორციელებულ თავდასხმასა და ინტერნეტში ანტიქართული ვიდეოკლიპების გავრცელებას შორის შესაძლო კავშირს აანალიზებენ და დასკვნას უახლოეს დღეებში წარმოადგენენ. ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ გაერთიანებული ძალების სარდლობა და საერთაშორისო საზოგადოება ქართველი სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ყოველთვის შეეცდება.
აპატურაიმ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და ავღანეთში ქართველი სამხედროების ყოფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"საქართველო აჩვენებს ისეთ სიმტკიცესა და გაბედულობას, როგორც ალიანსის წევრი ქვეყნები და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მივესალმებით. მომხდარის გამო ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ISAF-ის სარდლობას სთხოვა გარკვევა ყველა ინფორმაციის, რაც ადგილზე ქართველი ჯარისკაცების უსაფრთხოებას უკავშირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ინფორმაცია გვაქვს იმ ვიდეოების შესახებ, რომელიც ჯიჰადს ეხება და გავრცელდა ინტერნეტით. ამიტომაც გვსურს ვიცოდეთ, სრულყოფილად რა არის სინამდვილეში, რა არის რეალური და რა - არა. თუკი ადგილზე გაზრდილია საფრთხე და გაზრდილია რისკები ქართველი ჯარისკაცების მიმართ, ეს ინფორმაცია სრული, ღრმა ანალიზის შემდეგ გვეცოდინება. ველოდებით დასკვნებს. რა თქმა უნდა, ეს გაკეთდება საქართველოს მთავრობის ჩართულობით და მონაწილეობით მათთან მჭიდრო კავშირში ვართ", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მისი თქმით, 2014 წელს ISAF-ის ოპერაცია დასრულდება.
"საბრძოლო მოქმედებები 2014 წლის 31 დეკემბერს შეწყდება, მანამდე ეტაპობრივად მოხდება გამოსვლა", - განაცხადა აპატურაიმ.