საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეოებსა და ავღანეთში დატრიალებულ ტრაგედიას შორის კავშირს სრულიად გამორიცხავს. როგორც დავით უსუფაშვილმა თბილისის იუსტიციის სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არარაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს.
"თანამედროვე ტექნოლოგიებით ძალიან ბევრი რამის ფაბრიკაციაა შესაძლებელი. მე სრულიად გამოვრიცხავ რაიმე კავშირს ამ ვიდეოებსა და ავღანეთში განხორციელებულ ტერორისტულ შეტევას შორის. უბრალოდ გამორიცხულია, რომ არსებობდეს მათ შორის კავშირი. ვიდეოების წარმომავლობის თაობაზე ჯერ საბოლოო დასკვნა არ არსებობს, თუმცა ამ საკითხის გარკვევაში ჩართულია როგორც შესაბამისი სტრუქტურები საქართველოს შსს-დან, თავდაცვის სამინისტროდან, ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან. ვინაიდან ტეროროზმი ეს არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის პრობლემა. საქართველოს აქვს ოფიციალურად ნაკისრი ვალდებულებები, ჩვენ ვართ გაერთიანებული საერთაშორისო სისტემაში, რომელიც ებრძვის ტერორიზმს და მათ შორის ტერორიზმის იმიტაციას თუ ტერორიზმით სპეკულირებას. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაირკვევა და გაირკვევა ისიც, თუ ვინ და რა მიზნით გააკეთა ეს. ვინც ეს ერთხელ გააკეთა, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ რაიმე მსგავსი გააკეთოს, ამიტომ მე ყველას ვთხოვდი, საზოგადოებას, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციებზე იმ ხალხის მხრიდან, რომლებსაც კარგი არ სურთ არც ქვეყნისთვის და არც მშვიდობისთვის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.