ოზურგეთში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ნათესავები და მეზობლები 4 წლის თამარ ხუციშვილის გარდაცვალების მიზეზად უსახსრობას ასახელებენ. პატარას ახლობლების თქმით, ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს და ბავშვის სრულფასოვნად გამოკვების და სათანადო მკურნალობის საშუალება არ ჰქონდა. მათივე თქმით, პატარა თამარი დიდი ხანია ავადმყოფობდა, მას ექიმებმა ფილტვების სისუსტე დაუდგინეს, სოციალურად დაუცველი ოჯახს კი იმის თანხაც არ ჰქონდა, რომ პატარა თბილისში სამკურნალოდ დროულად წაეყვანა.
გარდაცვლილი ბავშვის დედის თქმით, სამწუხაროდ, უსახსრობის გამო გაუარესდა თამარის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გარდაცვლილის მამის განცხადებით, მან არაერთხელ მიმართა დახმარების მოთხოვნით როგორც ყოფილ, ისე ამჟამინდელ ხელისუფლებას, თუმცა მხოლოდ ერთხელ გაუწიეს დახმარება 100 ლარის ოდენობით.
როგორც ოზურგეთის გამგებელი კოტე შარაშენიძე აცხადებს, ხუციშვილების ოჯახი სახელმწიფო სერვისებით უზრუნველყოფილი იყო.
"როცა მოგვმართა, დახმარება გავუწიეთ და გზის ხარჯისთვის 100 ლარი მივეცით, როგოც ვიცით, ბავშვი უკეთ იყო, სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა თბილისიდან ჩამოსვლის შემდეგ დამძიმდა. როგორც უბნის ექიმმა მითხრა, მან არაერთხელ უთხრა მშობლებს ბავშვი საავადმყოფოში გადაეყვანათ, თუმცა დედა მის დარიგებას არ ითვალისწინებდა. იყო შემთხვევა, რომ საავადმყოფოდან მკურნალობის კურსის დასრულებამდე წაიყვანეს ბავშვი მშობლებმა. ვიცი, რომ ოჯახს გარდაცვლილის დაკრძალვის საშუალებაც არ აქვს და ყველა საჭირო ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება დაფარავს", _ უთხრა "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის გამგებელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დაკითხეს გარდაცვლილის მშობლები.