საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ჯონ კერიმ ბიძინა ივანიშვილს სამძიმარი გამოუცხადა და მწუხარება გამოთქვა იმ დიდი დანაკლისის გამო, რაც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველმა სამხედროებმა განიცადეს. მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს მხრიდან გამოჩენილი ძალისხმევისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის.
სატელეფონო საუბრისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გააგრძელებს სწრაფვას ევროატლანტიკური ალიანსისკენ და შეძლებს გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯონ კერის გულთბილი სატელეფონო ზარისთვის და საქართველოსთვის მძიმე წუთებში გამოხატული მხარდაჭერისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში მხარეები პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს და იმსჯელებენ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე.