ავღანეთში, 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას ჰელმანდის პროვინციაში პატივი მიაგეს. ბაზა "ლეზერნიკზე" გამართულ ცერემონიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბრიუსელიდან ჩავიდა.
"დღეს, ჩვენ შვიდი გმირი ჩამოვასვენეთ "ლეზერნიკის" ბაზაზე და მალე საქართველოში წამოვიყვანთ - დავუბრუნებთ საკუთარ ოჯახებსა და სამშობლოს. ენით აუწერელია ეს ტკივილი. ვერასდროს მოვიშუშებთ მათ დანაკლისს. მაგრამ ერთი რამ მინდა ყველამ ძალიან კარგად იცოდეს - ამ ბიჭებმა საკუთარი სიცოცხლე ჩვენს მომავალს შესწირეს. კონკრეტული ნაბიჯი გადადგეს იმისთვის, რომ საკუთარი სახელები უკვდავეყოთ და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის მომავალი კიდევ უფრო დაეკავშირებინათ დემოკრატიულ ქვეყნებთან და ნატოსთან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ბიჭებმა ჩაიდინეს, არის ის, რომ საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ერთმანეთისთვის, თანამებრძოლის უსაფრთხოებისთვის. თვალიც კი არ დაუხამხამებიათ, ისე გადადგეს ეს ნაბიჯი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
ქართველი გმირი სამხედროების გადმოსვენების ცერემონიას, თავდაცვის მინისტთან ერთად, ISAF-ის სარდალი, გენერალი ჯოსეფ დანფორდი, მისი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ნიკ პატრიკ კარტერი, ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მარკ მილი და "რეგიონული სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის" მეთაური, გენერალ-მაიორი უოლტერ მილერი დაესწრნენ.
IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - I კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, I კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი, I კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, კაპრალი გიორგი ადამოვი, კაპრალი ბორის ცუგოშვილი და კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 6 ივნისს დაიღუპნენ. გარდაცვლილი ჯარისკაცების გადმოსვენება საქართველოში უახლოეს დროში მოხდება.