არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ინტერფრაქციული ჯგუფისა და პარლამენტის დღის წესრიგიდან "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონპროექტის ამოღებას ითხოვენ.
ერთობლივ განცხადებაში არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ თემაზე დამატებით კონსულტაციებს ითხოვს. მიმართვას, რომელსაც ხელს აწერენ ნინო ბურჯანაძე, კახა კუკავა, ჯონდი ბაღათურია და გიორგი თარგამაძე, "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებამდე და შემდეგ საქართველოში შეიქმნა უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური ველი ორ პოლიტიკურ ძალას შორის. პოლიტიკურ პოლარიზაციას თან დაერთო ფინანსური, მედია და ადმინისტრაციული რესურსების სრული პოლარიზაცია, რომელთაც დღეს სრული 100%-ით მხოლოდ 2 პოლიტიური ძალა აკონტროლებს. სამწუხაროდ, ეს ტენდეცია შენარჩუნდა არჩევნების შემდეგაც და ახალი ხელისუფლება არანაირად არ უწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარებას. ნაცვლად საარჩევნო გარემოზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფისა, რომელიც არსებობდა, როგორც სააკაშვილის, ასევე შევარდნაძის ხელისუფლების პირობებშიც კი, პირველად შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი და არასაპრლამენტო ოპოზიცია გამოირიცხა ამ პროცესიდან, როგორც სუბიექტი. ამის შემდეგ ხელისუფლებამ უარი თქვა თავის ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებაზე, რომელიც დიდხანს იყო გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში არჩევნები ჩატარდებოდა 50%-იანი ბარიერის პირობებში. სამწუხაროდ, 2013 წლის 27 აპრილის არჩევნებიც ჩატარდა 30%-იანი ბარიერის პირობებში, რამაც საშუალება მისცა ხელისუფლების კანდიდატს, დაუმსახურებელი გამარჯვება. ახლახან კი ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საბიუჯეტო დაფინანსება გაუორმაგდება ყველა კვალიფიციურ სუბიექტს, საპარლამენტო პარტიები მიიღებენ დამატებით ე.წ "ბონუსებს", ხოლო "ქართული ოცნება" შეინარჩუნებს 7-დან 6 პარტიულ წევრს საარჩევნო ადმინისტრაციაში.
აღსანიშნავია, რომ კვალიფიციურ პარტიებს სხვადასხვა ფორმალური მიზებით არ განეკუთვნებიან ქართული პოლიტიკის ისეთი მნიშვნელოვანი მონაწილეები, როგორებიცაა – "ლეიბორისტული პარტია" (შალვა ნათელაშვილი), "თავისუფალი საქართველო" (კახა კუკავა), "ქართული დასი" (ჯონდი ბაღათურია), "დემოკრატიული მოძრაობა" (ნინო ბურჯანაძ) და სხვა. შესაბამისად, 12-მა არასაპარლამენტო პარტიამ კონსესუსით შეიმუშავა წინადადება, რომლის მიხედვითაც მიზერული დაფინანსება უნდა გამოყოფილიყო არაკვალიფიციური პარტიებისთვისაც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის და 2013 წლის 27 აპრილის შუალედური არჩევნების მიხედვით.
აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც სოციოლოგიური კვლევები, ისე შუალედური არჩევნები აჩვენებს, რომ ამომრჩევლის მინიმუმ 45% სწორედ არასაპარლამენტო ოპოზიციას უჭერს მხარს. სამწუხაროა, რომ "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა ცალსახა უარი ამ წინადადებაზე ყოველგვარი განხილვის ან ალტერნატივის შემოთავაზების გარეშე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღესდღეობით არანაირად არ არის გაუმჯობესებული ქვეყანაში ბიზნეს და პოლიტიკური გარემო და რეალურად ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ერთადერთ რეალურ წყაროდ რჩება.
რაც შეეხება ხელისუფლების არგუმენტს, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნიათ გამონაკლისების დაშვება არაკვალიფიციური სუბიექტების სასარგებლოად, შევახსენებთ მათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში დღევანდელი ხელისუფლების 2 სუბიექტი – "კონსერვატიული" და "რესპუბლიკური პარტიები" სწორედ ასეთი დროებითი წესით იღებდნენ დაფინანსებას, მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოადგენდნენ კვალიფიციურ სუბიექტს 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ, კანონპროექტი "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" არასაპარლამენტო ოპოზიციასთან დამატებით კონსულტაციებამდე და შეთანხმებამდე ამოღებულ იქნას ინტერფრაქციული ჯგუფის და პარლამენტის განხილვის დღის წესრიგიდან", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ერთვის არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წინადადებები პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების წესების შესახებ.