პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების განადგურებას, რომელიც შს სამინისტროს არქივში ინახება რამდენიმე მოწინააღმდეგე ჰყავდა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამინისტროში გამართული კონსულტაციების დასრულების შემდეგ ექსპერტმა კახა კახიშვილმა განუცხადა, რომელიც ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იყო ფარული ვიდეოჩანაწერების განადგურების.
როგორც მან აღნიშნა, პოზიცია არ შეუცვლია და ფიქრობს, რომ სამართლებრივად უნდა დადგეს იმ ხალხის პასუხისგებლობის საკითხი, ვინც სისტემატიურად ახდენდა ფარული ვიდეოების გადაღებას. კახიშვილის თქმით, შს სამინისტრომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია იმ ადამიანების უფლებები იყოს დაცული, რომელთა მისამართითაც ხდებოდა ვიდეოების შეგროვება.
"გადაწყვეტილია, რომ ვიდეომასალები განადგურდეს. ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მოწინააღმდეგე ჰყავდა, მათ შორის მეც. საინტერესოა, რა განადგურდება. ბუნებრივია, ამ პროცესში ჩავერთვები. განადგურებას საკუთარი დებულება და აქტი სჭირდება. არასამთვარობოებმა თავისი კანდიდატურები წარმოადგინეს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მისი თქმით, ფარული ვიდეოების გადაღებაზე ბევრი ფული იხარჯებოდა.
"ამაზე ბევრი ფული იხარჯებოდა. მთელი ჯგუფი იყო ჩამოყალიბებული, რომელიც მიზანმიმართულად ახდენდა ასეთი ფარული ჩანაწერების გადაღებას, მაგრამ არის მეორე სიკეთე, ეს არის იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც იცის, ან ეჭვი აქვს, რომ მასზე რაღაც მასალებია გადაღებული. შს სამინისტრომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩათვალა, რომ ასეთი ადამიანების უფლებები იყოს დაცული", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
კონსულტაციების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენელმა გია გვილავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ კონსულტაციების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას ეთანხმება.
"როგორც ჩანს, სამინისტრო აპირებს ორი სახის მასალის გამიჯვნას, ერთი ეს არის უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა და მეორე- ეს არის მასალები, რომლებიც კონკრეტულ გამოძიებას ესაჭიროება. მოხდება მათი გამიჯვნა ისე, რომ პირადი ინფორმაციის იდენტიფიცირება არ მოხდეს და მოხდება უკანონოდ მოპოვებული მასალის სრული განადგურება. ეს ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილებაა. ამ პროცესს წარმართავს შს სამინისტრო. იქმნება კომისია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო საზოგადოება, პროკურორი, შს მინსიტრი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ეს ძალიან კარგია იმისთვის, რომ პროცესი იყოს საჯარო და მოხდეს მასზე ზედამხედველობა", - განაცხადა გია გვილავამ.
როგორც ცნობილია, ვიდეომასალების განადგურების მიზნით კომისია უახლოეს პერიოდში შედგება. სამოქლაქო სექტორიდან უკვე ცნობილია ორი კანდიდატი ვინც კომისიაში შევა: ექსპერტი კახა კახიშვილი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური. კომისიაში ასევე ჩართული იქნება მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი.